Accessibility links

”24 საათი” პირველ გვერდზე ლიტვის სეიმის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება. გაზეთის კორესპონდენტს უმრავლესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა განუცხადა: ”არ მინდა, რომ მოლოდინი გავზარდო. ერთი გადაწყვეტილებაც კი ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ტერიტორიები ნამდვილად ოკუპირებულია. რუსი სამხედროები საქართველოში ტურისტებად არ იმყოფებიან - ისინი ოკუპანტები არიან”, - აცხადებს გიორგი კანდელაკი.

ვილნიუსის გადაწყვეტილების შეფასებას სთხოვს ”ახალი თაობა” კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს: ”არანაირი გავლენა არ ექნება. ეს იქნება ძალიან მოკრძალებული ხმა საქართველოს დასაცავად. სამწუხაროდ, ევროკავშირი ვერ გაბედავს ეს გაიმეოროს. ევროკავშირმა ამაზე გადაწყვეტილება სულ ახლახან მიიღო”, - ამბობს ზაქარეიშვილი ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ზაქარეიშვილი თვლის, რომ ”ევროპაში ძალიან კარგად იციან, ვინ არის რუსეთი, მაგრამ არასოდეს დაარქმევენ იმას, რისი ღირსიცაა ის, იმიტომ რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები სჭირდებათ.”

დღევანდელ პრესაში განიხილება თემა - ოპოზიცია არჩევნების შემდეგ. ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი წერს: ”ხელისუფლება საკუთარი გამარჯვების მომტან ბიულეტენებს ითვლის (უკვე აღარც ითვლის), მაგრამ ოპოზიციას არ ეტყობა, რომ თავის შეცდომებს ითვლიდეს, პირიქით, განვლილი გზის გამართლებას ცდილობს, ამ გზით კი ისე გამოეცლება ხელიდან ჯერ კიდევ მრავლად არსებული მხარდამჭერების გუნდი, როგორც შემოდგომაზე ეცლებიან ჭადრის ხეს გახუნებული ფოთლები...” - ასე ასრულებს სტატიას ”საქართველოს რესპუბლიკის” ავტორი.

”ყველა სიახლის” ერთ-ერთი სტატია კი ასე სრულდება: ”არჩევნები დასრულდა, არჩევნების გეშინოდეთ, ხალხნო!”. ”ყველა სიახლეში” დღეს რამდენიმე ინტერვიუ ქვეყნდება პოლიტიკურ თემაზე. ”ჩვენი მთავარი წარმატება არის ის, რომ ადამიანები დავარწმუნეთ - ისინი თავიანთ პრობლემებთან მარტო არ არიან. ხალხმა არ დაუჯერა ბოიკოტისტებს და ირწმუნა, რომ რეალური ცვლილება არჩევნების გზით შესაძლებელია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი არჩევანის სისწორეს”, - აცხადებს ”ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი ირაკლი ალასანია ”ყველა სიახლისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ამავე გაზეთში „ეროვნული ფორუმის“ ლიდერ კახა შარტავასთან ინტერვიუში წაიკითხავთ: ”საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა ახლა, უპირველესად, ხელისუფლების წისქვილზე დაასხამს წყალს”. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი: ”თვითკმაყოფილება არ გვახასიათებს, თუმცა ფაქტია, რომ ქრისტიან-დემოკრატებმა სერიოზულ წარმატებას მივაღწიეთ. გამარჯვების დრო კი ორ წელიწადში მოვა.”

გაზეთებში განიხილება სამაუწყებლო კომპანია ”იმედში” მიმდინარე საკადრო ცვლილებებისა და ამ კომპანიის შესაძლო გაყიდვის საკითხი. ”ალია” წერს: ”ჩვენი წყაროს მტკიცებით, სააკაშვილი სასტიკად ყოფილა გაბრაზებული და ამის მიზეზი ”იმედზე” მისი პირდაპირი ჩართვა იყო. ...ხმის მიცემის შემდეგ სააკაშვილი კამერების წინ ”ნაციონალური მოძრაობის” პროპაგანდას მოჰყვა და პრაქტიკულად გიგი უგულავას და მის პირმშო პარტიას გამარჯვებაც მიულოცა. ... მოკლედ, სააკაშვილს არველაძისთვის საყვედური უთქვამს, უჩხუბია, ეს რა ქენით, სასტრასბურგე საქმე გამიჩალიჩეთო”, - წერს ”ალია”.

”რეზონანსის” პირველ გვერდზე ნახავთ ამავე თემაზე სათაურს: ”აქვს თუ არა აზრი პრეზიდენტის პოლიტიკური ”წინასწარმეტყველების” გასაჩივრებას”. ”რეზონანსის” ავტორები შეეცადნენ აგრეთვე გაერკვიათ, მართლა იყიდება თუ არა ”იმედი” უკრაინულ კომპანიაზე, თუმცა არც ერთმა რესპონდენტმა მათ ეს არ ან ვერ დაუდასტურა. გიორგი არველაძემ კი ამ ინფორმაციას ”სრული ტყუილი” უწოდა.
XS
SM
MD
LG