Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა გაკონტროლდეს არჩეული მერის ქმედებები?


გიგი უგულავა თბილისელებთან შეხვედრაზე
გიგი უგულავა თბილისელებთან შეხვედრაზე
მართალია, შედეგებს ათასგვარი ეჭვი თუ ვარაუდი უკავშირდება ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან, მაგრამ ფაქტია, რომ 30 მაისს საქართველოს დედაქალაქში პირველად ჩატარდა მერის პირდაპირი წესით არჩევნები. 30 მაისს მოხდა ის, რასაც ოპოზიციური სპექტრი დიდი ხნის მანძილზე ითხოვდა, მაგრამ ამას მხოლოდ შარშანდელი მასშტაბური საპროტესტო აქციებით მიაღწია. რას მოიტანს ხელისუფლების ერთ-ერთ კომპრომისად ჩათვლილი ეს მოვლენა და რა ძალამ უნდა აკონტროლოს ზღვარი არჩეული მერის ვალდებულებებს, გადაჭარბებულ ამბიციებსა და გაუმართლებელ ქმედებებს შორის?

კანონის უზენაესობის გარდა, უმთავრეს ძალას, რომელმაც არჩეული მერი უნდა აკონტროლოს, სამოქალაქო საზოგადოებაში, რა თქმა უნდა, თავად ამომრჩეველი წარმოადგენს. არჩევნები, როგორც დემოკრატიული მართვის მექანიზმი, არჩეულ მერს ყველაზე მეტად სწორედ ხალხზე დამოკიდებულს ხდის, თუმცა ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში სოსო ცისკარიშვილი საქართველოში განსხვავებულ რეალობას ხედავს. მისთვის ამ გარემოში ასევე კითხვის ნიშნებს უკავშირდება პირდაპირი წესით არჩეული მერის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, კერძოდ ის, რომ ხალხის მიერ არჩეული მერი, დანიშნულთან შედარებით, გაცილებით დამოუკიდებელია ცენტრალური ხელისუფლებისგან:

”ცხადია, როდესაც ხელისუფლება ნიშნავს მერს, ის ნაკლებად თავისუფალია თავის ქმედებაში, რადგანაც ნებისმიერ საღამოს შეიძლება ის უმუშევარი დარჩეს, მასზე თანამდებობით მაღალი პირის სურვილის შესაბამისად. არჩეულ მერს მარტივად ვერ მოხსნიან, მაგრამ, თუ ასეთი სურვილი გაუჩნდა ავტორიტარულ ხელისუფლებას, მას, უბრალოდ, დააპატიმრებენ. მიზეზის მოძიება არ გაუჭირდებათ, თუნდაც შეთხზვა... მით უმეტეს, როდესაც თავად არჩეული მერი კარგად აცნობიერებს, რა ტექნოლოგიები იყო მის ასარჩევად გამოყენებული...”

30 მაისის არჩევნებზე ხელისუფლების მხრიდან გამოყენებულ სპეციფიკურ ტექნოლოგიებზე საუბარი საქართველოში, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ხელისუფლება კი, თავის მხრივ, სავარაუდოდ, ასევე დიდხანს განაგრძობს იმის მტკიცებას, რომ 30 მაისის არჩევნები გამჭვირვალობისა და სამართლიანობის ყველა სტრანდარტს აკმაყოფილებდა. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, შედეგები არ შეიცვლება - თბილისის ისტორიაში პირველად, პირდაპირი წესით არჩეული მერის პოსტზე მუშაობას გიგი უგულავა გააგრძელებს. ამის პირობა კი მან 30 მაისს, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ სულ მალევე დადო, როცა საზოგადოებისთვის ჯერ მხოლოდ ეგზიტპოლის შედეგები იყო ცნობილი:

”დღეს გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავისვენოთ, აღვნიშნოთ, ვიზეიმოთ... მაგრამ ხვალიდან იწყება მძიმე შრომა იმ ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობის შესასრულებლად, რომლებიც ჩვენ ერთობლივად ვიკისრეთ უკეთესი თბილისისთვის.”

თბილისში, სადაც ”გასაკეთებელი ჯერ ისევ ბევრია”, არჩეული მერი ამომრჩევლებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს მიცემული ყველა დაპირების შესრულებას ჰპირდება. მაგრამ რამდენად არის მზად საზოგადოება, რომ სწორად გააკონტროლოს ეს პროცესი და დაიცვას საკუთარი ინტერესები, თუკი ამის აუცილებლობა იქნება?

ხალხის მხრიდან კონტროლისა და მერის საქმიანობის დაბალანსების ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად ასევე ხალხის მიერ არჩეული საკრებულო მიიჩნევა, მაგრამ როდესაც საკრებულოს უმრავლესობა და აღმასრულებელი პირველი პირი ერთსა და იმავე პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენენ, ბევრისთვის წარმოუდგენელი ხდება რეალური კონტროლი.
სათანადო კონტროლის პერსპექტივებს ვერც კულტუროლოგი ლელა იაკობიშვილი ხედავს, მძიმე სოციოკულტურული კლიმატიდან და ჯერჯერობით სათანადოდ ვერშემდგარი სამოქალაქო საზოგადოებიდან გამომდინარე. და როდესაც ეს ასეა, ყველაფერი ამა თუ იმ არჩეული ხელისუფლის პიროვნული თვისებების ამარა რჩება. ანუ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ”რამდენად ფლობს ის საკუთარ თავს და როგორია, ასე ვთქვათ, მისი პიროვნული თვითშემოქმედება სოციალურ სივრცეში”:

”... რამდენად გრძნობს, რომ დღეს აქ, ახლა, ამ კონკრეტულ მოცემულობაში მას კონკრეტული პოზიცია გააჩნია და იმ პოზიციის წყალობით ეს სოციოკულტურული კლიმატი შეიძლება გამოკეთდეს ან კიდევ უფრო გაფუჭდეს... ეს, იცით, ადამიანის სიღრმეზეა. აქ არ არის მხოლოდ პოზიციაზე ლაპარაკი. ანუ სკამი ქმნის ადამიანს თუ ადამიანი ქმნის სკამს... ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ვინ არის ის, თანამდებობის გარეშე...”

კონკრეტული პირების ამ ჭრილში შეფასებას ლელა იაკობიშვილი თავს არიდებს, რადგანაც ის მათ პიროვნებებს ”მხოლოდ სატელევიზიო ვერსიებისა და დიდი ფულით დაფინანსებული ინფორმაციული ორეულების” სახით იცნობს, სადაც ისინი ”დიდებულად გამოიყურებიან”.

და მაინც, რა შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც საზოგადოება საკუთარი ინტერესების დასაცავად კონტროლის სათანადო მექანიზმებს ვერ ფლობს ან ვერ იყენებს? პოლიტოლოგი და ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე ერთ არაპოლიტიკურ ექსპერიმენტს გვთავაზობს:

”... დატოვეთ ბავშვი უყურადღებოდ და როგორ მოიქცევა? ის ეცდება ყოველმხრივ, რომ რაც შეიძლება მძაფრად იგრძნოს საკუთარი თავისუფლება, ანუ აკეთოს ყველაფერი ის, რაც მანამდე აკრძალული ჰქონდა.”

გაუკონტროლებელი თავისუფლების მაქსიმალური გამოყენებისკენ სწრაფვა თანაბრად არის დამახასიათებელი როგორც ბავშვებისთვის, ასევე ზრდასრული ადამიანებისთვის. ამ ცდუნებასთან გამკლავება მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG