Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალურ მდივანს სურს, სასწრაფოდ შეწყდეს ღაზის ბლოკადა


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი
გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი
ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიისთვის ისრაელის არმიის მიერ გზის გადაღობვასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა მოუწოდა ისრაელს, მოუხსნას ღაზას ბლოკადა, რათა ჰუმანიტარულმა დახმარებამ იქ შეღწევა დაუბრკოლებლად შეძლოს. ბანმა ბლოკადის გაგრძელებას „მცდარი“ უწოდა. მან ეს განცხადებები გააკეთა მაშინ, როცა უფლებადამცავები, რომლებიც ფლოტილიის გემებზე იმყოფებოდნენ, თურქეთში დაბრუნდნენ და მათ დახვდნენ როგორც გმირებს.

ხანგრძლივი ჩაკეტვა ღაზის სექტორისა კონტრპროდუქტიული, არამყარი და მცდარია. ამით უდანაშაულო ადამიანები ისჯებიან. ისრაელის ხელისუფლებმა ის დაუყოვნებლივ უნდა გააუქმონ.
ბან კი მუნმა საგანგებო კონსულტაციები გამართა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებსა და თურქეთისა და ისრაელის დიპლომატებთან, რათა ჩატარდეს ღაზისკენ მიმავალ ფლოტილიაზე ადამიანების დახოცვის ამომწურავი გამოძიება. შეხვედრებს შორის ბანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მას სურს დაუყოვნებლივ შეწყდეს ღაზის ბლოკადა. მისივე თქმით, ის ისრაელისგან მოითხოვს შემთხვევის შესახებ სრულ ანგარიშს, დახოცილი და დაშავებული პირების სიის ჩათვლით. ცხრა სამოქალაქო პირი დაიღუპა და ერთი უცნობი დაშავდა ფლოტილიის წამყვან გემზე ისრაელის არმიის სპეცნაწილის იერიშის დროს.

„ეს ტრაგედია, თქვა ბან კი მუნმა, მხოლოდ ცხადყოფს ფარულ პრობლემას. ხანგრძლივი ჩაკეტვა ღაზის სექტორისა კონტრპროდუქტიული, არამყარი და მცდარია. ამით უდანაშაულო ადამიანები ისჯებიან. ისრაელის ხელისუფლებმა ის დაუყოვნებლივ უნდა გააუქმონ.“

ისრაელმა უარი თქვა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს განკარგულებით დაიწყო. მთავრობის წარმომადგენელმა მარკ რეგევმა თქვა, რომ ისრაელს შესწევს ძალა თვითონ ჩაატაროს კვლევა.

ფლოტილიის სისხლიანი იერიშის შესახებ ლაპარაკისას, ბანმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განახლების აუცილებლობა გაიხსენა:

„რასაც მინდა დღეს ხაზი გავუსვა, მეტად მნიშვნელოვანი საკითხია: როგორ დავეხმაროთ ღაზაში მცხოვრებ პალესტინელებს, როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ვითარება ღაზაში. უფრო ზოგადად რომ ვთქვათ, ხელი უნდა შევუწყოთ მოლაპარაკებას, რათა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესი რაც შეიძლება მალე დაიწყოს.“

საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ირანის ნავსადგურის არსებობა ხმელთაშუა ზღვის პირას. თხუთმეტი წლის წინ გამოვთქვი შიში ირანის განზრახვის თაობაზე, რაც გამართლდა კიდეც. ახლა ხალხი ამ საფრთხეს აღიარებს.
თურქეთში უკვე დაბრუნდა ასობით აქტივისტი, რომლებიც ფლოტილიის გემებზე იმყოფებოდნენ ისრაელის არმიის იერიშისას და რომლებიც დაპატიმრების შემდეგ ისრაელიდან გააძევეს. მათი უმეტესობა თურქები არიან, თუმცა იქვე იყვნენ ბრიტანელები, ნორვეგიელები, ჰოლანდიელები და ესპანელები. მათ ტელავივიდან თურქეთში ჩასვლისას შეხვედრა მოუწყვეს, როგორც გმირებს. დღესვე დაკრძალეს თურქულ გემზე დაღუპული აქტივისტები. იერუსალიმში კი პრემიერ- მინისტრმა ბენიამინ ნეტანიაჰუმ კვლავ გაამართლა ღაზის ბლოკადა და თქვა, რომ საჭიროა ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან ღაზაში რაკეტებისა და სხვა იარაღის მალულად შეტანა აღიკვეთოს:

„საერთაშორისო თანამეგობრობამ არ უნდა დაუშვას ირანის ნავსადგურის არსებობა ხმელთაშუა ზღვის პირას. თხუთმეტი წლის წინ გამოვთქვი შიში ირანის განზრახვის თაობაზე, რაც გამართლდა კიდეც. ახლა ხალხი ამ საფრთხეს აღიარებს. დღეს მე გაფრთხილებთ ამ მოსალოდნელი შესაძლებლობის გამო, რომ ირანმა სამხედრო ნავსადგური იქონიოს ისრაელის მახლობლად, ევროპის მახლობლად. იმ ქვეყნებმა, რომლებიც ახლა გვაკრიტიკებენ, უნდა იცოდნენ, რომ ისინი ხვალ შეიძლება თავად გახდნენ სამიზნე.“

ნეტანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელს სხვა გზა, გარდა ფლოტილიის შეჩერებისა, არ ჰქონდა. მან ზოგიერთ აქტივისტს „ტერორიზმის მოძალადე მომხრე“ უწოდა.

ისრაელის პრემიერის თანახმად, ღაზის საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება. ისრაელის ამ პოზიციას მალე გამოცდა ელის. „სამშვიდობო ფლოტილიად“ წოდებული გემი ღაზის ბლოკადის არეალისკენ მიემართება. მასზე ირლანდიელი და მალაიზიელი აქტივისტები არიან. მათი თქმით, სურთ ღაზაში სამშენებლო მასალა შეიტანონ. ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაიკლ მარტინმა ისრაელს მოუწოდა გაატაროს ისინი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG