Accessibility links

logo-print

კირბალელი მწყემსების ბედი ისევ გაურკვეველია


სოფელი კირბალი

სოფელი კირბალი

გუშინ საღამოს სოფელ კირბალის მიმდებარე ტყეში რუსმა მესაზღვრეებმა ორი ქართველი დააკავეს. კირბალის მაცხოვრებლები დიმიტრი და ნუგზარ თაყაძეები საქონელს მწყემსავდნენ, რა დროსაც პირუტყვი ტყეში ღრმად შევიდა. ამ ტერიტორიას კი ოსური და რუსული შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ.

თაყაძეები საქონლის შემობრუნებას ცდილობდნენ, როდესაც მათ რუსი მესაზღვრეები შეხვდნენ. თავიდან ორივე მწყემსის დაკავება მოხდა, თუმცა მოგვიანებით დიმიტრი თაყაძე გაათავისუფლეს, ნუგზარ თაყაძე კი ცხინვალში გადაიყვანეს. გათავისუფლებულმა ამბავი თანასოფლელებს შეატყობინა. დიმიტრი თაყაძის თქმით, რუსი ჯარისკაცები მათ ფოტოებს უღებდნენ და ეკითხებოდნენ ტყეში შესვლის მიზეზს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სოფელ კირბალის ტყეში ადამიანებს აკავებენ. რამდენიმე თვის წინ ამ ტყეში სანადიროდ წასული ბიძა-ძმისშვილი ვაჟა და ბექა თაყაძეები აიყვანეს. მათი გათავისუფლების შესახებ ოსურ მხარესთან მოლაპარაკებას ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თომას ჰამარბერგიც მართავდა, მაგრამ უშედეგოდ.

ჰამარბერგის მიერ მხარეებთან მიღწეული მემორანდუმით ის პირები რომლებიც შემთხვევით გადაკვეთენ ე.წ. საზღვარს, დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდნენ. ეს მემორანდუმი ნაწილობრივ სრულდება - რიგ შემთხვევაში ოსური მხარე დაკავებულებს სწრაფად ათავისუფლებს, მაგრამ უფრო მეტ შემთხვევაში დაკავებულები ცხინვალის იზოლატორში გადაჰყავთ.

კირბალის მოსახლეობა დიდი ხანია შიშით ტყეში ვეღარ შედის, არადა ზამთრისთვის შეშის მომარაგება ყველას უნდა. სოფლოს რწმუნებულის გიორგი შიუკაშვილის განცხადებით, კირბალელებმა, რომლებიც მიმდებარე ტყით ყოველთვის სარგებლობდნენ, დღეს აღარ იციან სადამდე შეიძლება შესვლა.

თაყაძეების გათავისუფლების საქმეში ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლები არიან ჩართულნი, თუმცა ვერავინ ამბობს, როდის გამოუშვებს ოსური მხარე დაკავებულ მწყემსს. კირბალელები კი სოფელში უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვენ, რადგან არ გამორიცხავენ, რომ ტყეში მყოფი რუსები სოფელშიც დაუბრკოლებლად შევლენ.
XS
SM
MD
LG