Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მე ხმას ვაძლევ ბუბა კიკაბიძეს”


მომღერალი ბუბა კიკაბიძე
მომღერალი ბუბა კიკაბიძე
საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მეთოდები იცვლება, მიზანი და შინაარსი კი უცვლელი რჩება. ასეთია ძირითადი დასკვნა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა, რომლებიც ახლა უკვე უნივერსიტეტის სტუდენტებთან აგრძელებენ შეხვედრებს.

ძირითადი მონახაზი ათიოდ სტუდენტთან არასამთავრობოების შეხვედრისა, რომელსაც დავესწარით,ასეთია: საქმე ტექნიკურად გაუმჯობესდა, თუმცა არსებითად არ შეცვლილა. ეს კი ნიშნავს, რომ ადამიანებზე ზემოქმედების ფორმები შეიცვალა, თუმცა მანიპულაცია გრძელდება. არის შემთხვევები, რომელთა საკანონმდებლო ჩარჩოში ჩასმა არასამთავრობოებს უჭირთ. მოკლედ, ყველა ხვრელი გამოყენებულია. დავიწყოთ ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეწოლიდან. არასამთავრობოებმა კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება იმ ფაქტზე, რომ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ადამიანების სხვადასხვა სახის აღწერა, დათვლა და მობილიზება ხდებოდა, ეწეოდნენ აგიტაცია-პროპაგანდას უბნებზე, თუმცა ეს ყველაფერი კანონში გაწერილი ჯერჯერობით არ არის და, ალბათ, ეს საკითხი ცოტა მეტ ფიქრს მოითხოვს. თათული არველაძე, „სამართლიანი არჩევნების“ იურიდიული მრჩეველი:

„ძნელია იმის განსაზღვრა, თუ რამდენად არის ეს ნების თავისუფალ გამოვლენაზე ზემოქმედება და რამდენად შეიძლება ჩაითვალოს ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად.“

პრობლემა ნომერი ორი: მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებმა უამრავი ხმამაღალი და ხმადაბალი განცხადების ფონზე ჩაიარა, ხალხმა ვერ გაიგო - ეს, ძირითადად, რეგიონებს შეეხება, - არჩევნების მნიშვნელობა. აგიტ მირზოევი, „მრავალეთნიკური საქართველოს“ წარმომადგენელი:

აგიტ მირზოევი, „მრავალეთნიკური საქართველოს“ წარმომადგენელი.
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მათ არ გააჩნიათ სრულყოფილი ინფორმაცია - რა ტიპის ორგანოა, რა ტიპის დაწესებულებაა, რა ფუნქციები აკისრია და რაოდენ მნიშვნელოვანია ამ ტიპის სახელმწიფო ინსტიტუციაში ადგილობრივ დონეზე მათ ჰყავდეთ დელეგირებული ადამიანი, რომელთანაც ექნებათ საშუალება შემდგომ ითანამშრომლონ.“

ამ თემასთან დაკავშირებით პატარა ლირიკული გადახვევა: ახალციხეში კონცერტი უნდა ჩატარებულიყო... მაგრამ ბუბა კიკაბიძეზე შთაბეჭდილების შესაქმნელად, ალბათ, ჯობს ისევ აგიტ მირზოევს მოვუსმინოთ:

„ბუბა კიკაბიძის პლაკატები იყო გამოკრული ქალაქში. ინფორმაცია, რომ იქნებოდა კონცერტი, რომელსაც ჩაატარებდა ბუბა კიკაბიძე, იყო ძალიან პატარა ასოებით, მიმალული სადღაც, მაგრამ ნომერი ხუთი, პარტიის აბრევიატურა და შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ჭარბობდა. ამით ძალიან ბევრი ადამიანი შეყვანილი იყო შეცდომაში, რომ ბუბა კიკაბიძე არის ნომერი ხუთი... ანუ ეს იყო გზავნილი ბევრისთვის და ვინც სიმპათიით იყო განწყობილი ამ ადამიანისადმი, იძახდა, მე პირადად ბუბა კიკაბიძეს უნდა მივცე ხმაო.“

პრობლემა ნომერი სამი: სამთავრობო რესურსის არაპროპორციული და არათანაბარი გამოყენება, ძირითადად, საარჩევნო მიზნებისთვის. ვახტანგ კობალაძე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი:

„როდესაც ჩვენ სოციალური პროგრამები, სხვადასხვა ადგილობრივი ბიუჯეტები შევისწავლეთ, იყო კონცენტრირებული ზუსტად ამ პერიოდზე, ანუ წლის პირველ ნახევარზე, და არა წლის მეორე ნახევარზე. ნუ, ეს, რა თქმა უნდა, კი ბატონო, კანონდარღვევა არ არის, მაგრამ ეს ზემოქმედებაა ამომრჩევლებზე სახელმწიფო რესურსების გამოყენების გზით.“

ბაკურ კვაშილავა, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი.
აქედან დასკვნა: მოქალაქეთა საარჩევნო გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მეთოდების ფორმა იცვლება, მაგრამ, როგორც დასაწყისში ითქვა, მათი შინაარსი უცვლელი რჩება. ამაზე გუშინ ჩვენთან საუბრისას საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი ბაკურ კვაშილავა ამბობდა:

„ახლა აქცენტი გაკეთდა უფრო ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსზე, მანამდე იყო გაყალბება და ამ რესურსის ასეთი უხეში ფორმით გამოყენება, ახლა უფრო დაიხვეწა, ბუნებრივია, და არც არის საჭირო ამის გაკეთება.“

რა აზრი აქვს ფორმის შეცვლას, თუ შინაარსი არ შეიცვლება? როგორც ჩანს, ამ ეტაპისთვის მთავარი გზავნილი არის ის, რომ არჩევნებზე საზოგადოების ინფორმირება საარჩევნო პროპაგანდით, მცირე და ფრაგმენტული ტრენინგებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.
XS
SM
MD
LG