Accessibility links

logo-print
საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ძირითადად იმ პოლიტიკურმა ძალება გაიმარჯვეს, რომლებსაც ჯანდაცვის, განათლებისა და საპენსიო პოლიტიკის საკითხებში ერთმანეთისგან შესაძლოა ბევრი რამ განასხვავებდეს, მაგრამ აერთიანებთ შეუქცევადი მიზანი - ეს არის დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაცია და ნატოში გაწევრიანება. ცხადია, რეგიონალური დონის არჩევნები არ არის ტესტი საერთაშორისო პრიორიტეტებისათვის, მაგრამ ნაციონალური მოძრაობაც, ქრისტიანულ-დემოკრატიული გაერთიანებაც და „ალიანსი საქართველოსთვისაც“ ამომრჩევლის თვალში, პირველ რიგში, დასავლურ ფასულობებთან ასოცირდება და არა დაბალ ტარიფებთან და მთვარეზე კოოპერატივთან, რაც ბუნებაში არ არსებობს. ცხადია, საკრებულოებში რამდენიმე ადგილი მოიპოვეს „ეროვნულმა საბჭომ“ და „მრეწველებმა“, რომლებისთვისაც ევრაზიული ორბიტა უფრო მიმზიდველია, მაგრამ მათ მიერ აღებული ხმების რაოდენობა დაახლოებით 11 პროცენტს შეადგენს.

ეს შედეგი ნიშნავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ, რომელსაც ეკონომიკურად კვლავაც უკიდურესად უჭირს, კიდევ ერთხელ მიანიჭა უპირატესობა დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკურ კურსს. მაგრამ ამომრჩევლის მოთმინება და ნდობა არასოდეს არ არის მყარი სუბსტანცია.

თუ არ იქნება უკუგება, თუკი საქართველოს მოქალაქეები, არაერთი დაპირების მიუხედავად, არ მიიღებენ ევროკავშირისაგან უფლებას, გამარტივებული წესით მიიღონ ვიზები, ხოლო ნატოსთან ურთიერთობა არ გასცდება „ლაითი“ პარტნიორობის პროცესს, მაშინ ადვილი შესაძლებელია, დაიწყოს მოსახლეობის ჯერ იმედგაცრუება და გულგატეხილობა, შემდგომ კი მისი დეზორიენტაცია, ამის შედეგად კი, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დაწინაურდნენ სწორედ ის ძალები, რომლებიც საქართველოს ნეიტრალიტეტს და რუსეთთან დაახლოებას უჭერენ მხარს.

და ნუ ვიტყვით, რომ ასეთი რამ გამორიცხულია.

შორს რომ არ წავიდეთ, ანალოგიური რამ უკვე მოხდა უკრაინაში, რომელმაც ამ კვირაში ოფიციალურად შეაჩერა ნატოში გაწევრიანების პროცესი. ალიანსის რეაქცია უკრაინის უმაღლესი რადის გადაწყვეტილებაზე თავშეკავებული იყო. უფრო მეტიც, ნატოს მომავალი სამიტის რეზოლუციაში შესაძლოა კვლავ უცვლელად დარჩეს ჩანაწერი, რომ საქართველოსა და უკრაინისათვის ალიანსის კარები ღიაა.

დიახ, ღიაა, მაგრამ უკრაინის შემთხვევაში ამ კარებზე აღარავინ აკაკუნებს და, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, არც დააკაკუნებს მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში. საქართველო კი აკაკუნებს ამ კარებზე და მისი ნატოელი მოკავშირეების დახმარებით ენერგიულად ცდილობს გადალახოს ზღუდეები, რომელსაც კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება, დემოკრატიის ხარვეზები, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა, ნახევრად თავისუფალი და დაბალხარისხიანი არჩევნები ჰქვია.

მაგრამ კურიოზი ისაა, რომ 2008 წლის აპრილიდან მოყოლებული, რაც საქართველოს დაჰპირდნენ ნატოში გაწევრიანებას, ალიანსის ხელმძღვანელობა და ნატო-საქართველოს კომისიის წევრები ყოველწლიურად ადასტურებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. გამონაკლისია გაყინული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებულია და ცალმხრივად აღიარებული და, შესაბამისად, საქართველო დამოუკიდებლად ვეღარასოდეს მოაგვარებს ასეთი მასშტაბის კონფლიქტებს. რაც შეეხება დემოკრატიის თანდაყოლილ ხარვეზებს და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, 30 მაისის თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ და, მათ შორის, ნატომ, შეაფასა როგორც წინგადადგმული ნაბიჯი, განვლილ არჩევნებთან შედარებით. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ისიც კი თქვა, „საქართველოში ჩატარებული არჩევნები ხელს შეუწყობს ნატოში ქვეყნის ინტეგრაციასო.“
http://www.tavisupleba.org/archive/geo- news/20100601/1001/1001.html?id=2059050

მოგვიანებით რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ კი მიხეილ სააკაშვილთან 2 ივნისს გამართულ შეხვედრაზე გაიმეორა ის, რაც დიდი ხანია ალიანსის არც ერთი წევრი ქვეყნის ლიდერს აღარ უთქვამს: „საქართველო შესაძლოა ნატოში მაპის (გაწევრიანების სამოქმედო გეგმის) გარეშეც გაწევრიანდესო“.

მაგრამ მხოლოდ ნიავი შეირხა. სიტყვებმა, რომლებიც ადრე კარგად ხვდებოდა ყურს, 2008 წლის შემდეგ მომხიბვლელობა დაკარგა და სადღეგრძელოებს დაემსგავსა. საქართველოს დღეს სჭირდება უფრო მკაფიო „საგზაო რუკა“ ნატოსაგან და ზოგიერთი ვალდებულების გადავადება, როგორც ეს მოხდა ბოსნია-ჰერცოგოვინის შემთხვევაში, რომელმაც ამა წლის აპრილში მარტივად მიიღო გაწევრიანების სამოქმედო გეგმა. ალიანსის მხრიდან გაკეთებული დაუსრულებელი დიპლომატიური რევერანსები, რომელსაც არ ახლავს კონკრეტული გადაწყვეტილება, შესაძლოა საბედისწერო აღმოჩნდეს საქართველოს პროდასავლური, მაგრამ იმედგაცრუების ზღვარზე მყოფი პოლიტიკური ძალებისათვის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG