Accessibility links

logo-print
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო უცხოეთის პრესაში ამ კვირაში მეტი დაიწერა, ვიდრე ჩვეულებრივ იწერება საქართველოზე.

პრესის მიმოხილვას დავიწყებთ გერმანულ პრესაში - „ბერლინერ ცაიტუნგში“ - გამოქვეყნებული ინტერვიუთი, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა მისცა გაზეთს. ინტერვიუ ასეა დასათაურებული: „ჩვენ რუსი ტურისტები გვსურს, არა რუსული ტანკები“. შესავალშივეა ნათქვამი, რომ ადგილობრივი არჩევნები გამოცდა იყო მთავრობისთვის ომისა და საპროტესტო გამოსვლების შემდეგ. პირველივე შეკითხვას, რომ მან არჩევნების შემდეგ პოზიცია განიმტკიცა, მისი მმართველობის მიმართ კრიტიკის მიუხედავად, და რომ საზოგადოება გამოფხიზლდა, მიხეილ სააკაშვილი მეტაფორით უპასუხებს, რომ ეს ქორწინებასავითაა, დროთა განმავლობაში წყვილი ეჩვევა ერთმანეთს და ყველაფერი ნაკლებად ამაღელვებელი ხდება. ომისა და გამოსვლების პერიოდში გადარჩენის მხოლოდ ათპროცენტიან შანსს გვიწინასწარმეტყველებდნენ და სხვაგვარად აღმოჩნდაო, ამბობს სააკაშვილი. ოპოზიციის შექების შემდეგ, რომ მან არჩევნების შედეგები აღიარა და მისი საარჩევნო კამპანია თემებზე იყო ორიენტირებული, სააკაშვილი უპასუხებს ოპოზიციის კრიტიკასაც, მმართველი ძალის მიერ საარჩევნო კამპანიაში ფულის გამოყენებისა და მედიასაშუალებათა ხელმისაწვდომობის გარშემო. საქართველოს პრეზიდენტის პასუხი ასეთია: ისინი ჩივიან, რომ ჩვენ გზებს და საავადმყოფოებს ვაშენებთ, ჩვენ ფულს გავიღებთ და ესაა ჩვენი მიზანი. ეს პოლიტიკაა. არავინ აგვირჩევდა, ჩვენი დანაპირები რომ არ შეგვესრულებინა. ოპოზიციას სავსებით მიუწვდება ხელი მედიაზე, მაგრამ ნაკლებად - სახელმწიფო მედიაზე. ეს მთავრობის პრივილეგიაა.“

ირანთან ურთიერთობაზე ეკითხება გერმანელი ჟურნალისტი სააკაშვილს: მსოფლიოში შეფიქრიანებულები უყურებენ თბილისისა და თეირანის დაახლოებას - არ ეშინია სააკაშვილს, რომ იზოლაციაში აღმოჩნდებაო? იმას ვაკეთებ, რასაც სხვები: კარგი ურთიერთობა გვსურს მეზობლებთან, ირანის შიში არ უნდა გვქონდეს. მე არ მჯერა სანქციებისა, რომელიც ხალხის და არა პოლიტიკური მმართველობის წინააღმდეგ არის მიმართულიო, ამბობს საქართველოს პრეზიდენტი და უკვე შემდეგ „ბერლინერ ცაიტუნგს“ განუმარტავს, რომ აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობაში ცვლილება არ მომხდარა. მოველით, რომ ამერიკის პრეზიდენტი საქართველოს მიმართ მკაფიო პოზიციას დაიკავებს და ამას გამოხატავს კიდეც, ამბობს სააკაშვილი. მისი შეფასებით, ფაქტი, რომ აშშ-ში საქართველო საშინაო პოლიტიკის ნაწილი გახდა, კარგი ამბავია. მაგრამ არ შეშფოთდით, როცა ობამამ თქვა, საქართველო აღარ არის დაბრკოლება აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის ახლებურად განსაზღვრისასო? - ეკითხება „ბერლინერ ცაიტუნგი“ სააკაშვილს. „არა მგონია, რომ ეს ობამას ნათქვამი იყოს. ალბათ, ვიღაც ბიუროკრატები იყვნენ, რომლებმაც ეს სულელური წინადადება რომელიღაც ტექსტში შეიტანეს. აშშ-ის მთავრობამ დაგვარწმუნა, რომ მათი პოლიტიკა იმის საპირისპიროა, რაც ვითომდა ამ წინადადებაშია ნათქვამი. ჩვენ არ გვაქს საფუძველი, ამაში ეჭვი შევიტანოთ, აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი. საქართველოს საშინაო სფეროზე შეკითხვას, საიდან მოდის პოზიციის ეს ცვლილება, როცა დაკავებული ტერიტორიების მიმართ ახლებურ პოლიტიკას მიმართავთ, იქაურ უწყებებთან უფრო ახლო თანამშრომლობა გსურთო,სააკაშვილი უპასუხებს, დაკავებულ ტერიტორიებზე ხალხი ხედავს, რომ ქართველები ისეთები არ არიან, როგორადაც მათ რუსეთის მთავრობა ხატავს. ჩვენ გვსურს გარკვევით განვაცხადოთ, რომ მულტიეთნიკური საზოგადოება ვართ. ჩვენ გვსურს, დავძლიოთ წინასწარ გაბატონებული აზრი და შიშები. აფხაზეთის მახლობლად დასასვენებელი ზონის მოწყობის თაობაზე ახსნა-განმარტებაში სააკაშვილი ამბობს, რომ სურს აფხაზებს უჩვენოს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული, ცხოვრების წესი - ერთი თავისუფალ საქართველოში და მეორე დღევანდელ რუსეთში. ამ ორ ქვეყანას ის ადარებს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიას. ჩვენი მესიჯი ასეთია: „ყველას მივესალმებით“. და რუსებსაც? - ეკითხება „ბერლინერ ცაიტუნგი“. კი, რაც მეტი რუსი ჩამოვა, მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით, მაგრამ ჩვენ რუსი ტურისტები გვსურს და არა რუსული ტანკები, ამბობს მიხეილ სააკაშვილი 3 ივნისს გერმანიის პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუში, რომლის ბოლო ნაწილი გერმანიისა და საქართველოს ურთიერთობას ეხება.

საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს არაერთი გაზეთი თუ ჟურნალი გამოეხმაურა. ჟურნალი „ეკონომისტი“, მას მერე, რაც მკითხველს შედეგებს აცნობს, წერს: „უგულავამ არჩევნები გასაგები მიზეზით მოიგო: მოქალაქეთა უმეტესობა ხედავს, რომ მთავრობამ ქვეყნის შიგნით კარგად იმუშავა. აშენდა გზები, დენის მიწოდება უზრუნველყოფილია და პოლიციაში კორუფცია მოისპო. მაგრამ მთავრობის მუშაობის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე სააკაშვილის პოპულარობა. ეს შეიძლება ახლა წაადგეს ალასანიას, რომელსაც ბევრი მიიჩნევს ფიცხი სააკაშვილის უფრო განათლებულ ვერსიად და შეიძლება სამ წელიწადში პრეზიდენტიც გახდეს.“

ალასანიას სიტყვებიც მოჰყავს ჟურნალს: დავინახეთ, შეგვიძლია მთავრობას მეტოქეობა გავუწიოთ მხოლოდ არჩევნების გზით. სხვა ყველაფერი ქაოსსა და ანარქიისკენ წაგვიყვანს, ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი.

გაზეთი „კრიშჩენ საიენს მონიტორიც“ უძღვნის სტატიას არჩევნების თემას. მოყვანილია საერთაშორისო მეთვალყურეების შეფასებები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენელთა აზრები. ზოგიერთი ანალიტიკოსი, წერს გაზეთი, ფიქრობს, რომ ოპოზიციის ლიდერებს ზარალი მიაყენა იმ მოსაზრებამ, რომ ისინი შეიძლება შეკავშირებული იყვნენ მოსკოვთან, რომელიც, არაა საიდუმლო, ცუდად უყურებს სააკაშვილს.

დასავლეთის პრესაში გასულ კვირაში მთავარი თემა იყო ისრაელის არმიის რეიდი ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე, რომელიც ღაზაში ჰუმანიტარული ტვირთის შეტანას შეეცადა. ბრიტანეთის გაზეთი „გარდიანი“ თავს ვერ იკავებს ისრაელის ქმედების კრიტიკისგან და გემზე მყოფთა შესახებ წერს: „არც ერთი ახალგაზრდა კაცი და ქალი არ გამგზავრებულა იმისთვის, რომ მომკვდარიყო, ან სურდა სიკვდილი, ან სიკვდილისთვის მზად იყო. თითოეულ მათგანს თავი დაცულად მიაჩნდა, თითოეული ფიქრობდა, რომ არსებობს ზღვარი კანონიერებასა და ადამიანობას შორის, ზღვარი, რომელსაც ისრაელი ვერ გადალახავდა. მაგრამ ისინი შეცდნენ“, წერს „გარდიანი“. გაზეთი „ჯერუსალემ პოსტ“ ამავე თემაზე იუწყება და არ უკვირს საერთაშორისო კრიტიკა: „როგორც მოსალოდნელი იყო, მაჰმადიანურმა ორგანიზაციებმა, ეგრეთ წოდებულ „სამშვიდობო აქტივისტებთან ერთად უსაზღვრო წარმატებას მიაღწიეს. ბოლოს და ბოლოს, ხალხი დაიხოცა. ახლა მათ შეუძლიათ ისრაელისკენ თითი გაიშვირონ და მას ყველანაირი პასუხისმგებლობა დააკისრონ. ფლოტილიის ორგანიზატორები ფანატიკური თურქული გაერთიანებები და მათი ევროპელი პარტნიორები იყვნენ. მათ მგზავრობის დაწყებამდე არაერთხელ თქვეს გარკვევით, რომ მიზანი ღაზის ბლოკადის გარღვევა და ისრაელის შეურაცხყოფა იყო. ჰუმანიტარული ტვირთი გემებზე მხოლოდ იმას ემსახურებოდა, რომ ნამდვილი მიზანი დაეფარათ. მეამბოხეები სრულიადაც არ იყვნენ ჰუმანიტარული ოპერაციით დაინტერესებული. მათ სურდათ მხოლოდ არაბულ-ევროპული პროპაგანდისტული შეტევა განეხორციელებინათ, რითაც ებრაული სახელმწიფოს კანონიერებას უარყოფდნენ, მის იზოლაციას გააძლიერებდნენ და საერთაშორისო ხმაურს გამოიწვევდნენ“, ფიქრობს იერუსალიმში გამომავალი გაზეთი. „ვაშინგტონ პოსტი“ აშშ-ის მთვრობას რჩევას აძლევს: „თეთრმა სახლმა დღემდე ამ ინციდენტთან დაკავშირებით თავშეკავებული პოზიცია გამოხატა. ამ დღეებში მან იმაზე უნდა იფიქროს, რომ საყოველთაო ანტიისრაელურ ხმაურზე მაღლა დადგეს. აშშ-ის დიპლომატიამ უნდა მიაღწიოს იმას, რომ მოწოდება საერთაშორისო გამოძიებისკენ კვლავ ცალმხრივ სცენარად არ გადაიქცეს. გავიხსენოთ გაეროს - გოლდსტონის - კომისია. მისი ანგარიში ღაზის სექტორში ისრაელის შეჭრის შესახებ კიდევ ერთ იარაღად გადაიქცა საერთაშორისო კამპანიისათვის, უარეყოთ ებრაული სახელმწიფოს კანონიერება.“

„ნიუ-იორკ ტაიმსი“ მოითხოვს, რომ „პრეზიდენტ ობამამ მკაფიოდ თქვას, რომ ისრაელის თავდასხმა მიუღებელია და მოითხოვოს დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. აშშ უნდა შეუერთდეს უშიშროების საბჭოს სხვა წევრებს და ისრაელი აიძულოს მოხსნას ღაზის სექტორის ბლოკადა. ეს ღაზაში ადამიანების ტანჯვას შეამცირებდა და გააძლიერებდა რწმენას აშშ-ის მიმართ, რომელსაც სურს ისრაელმა და პალესტინელებმა სამშვიდობო მოლაპარაკება დაიწყონ“, - წერს გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“.
XS
SM
MD
LG