Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ნაბუკო“ და გაზის ტრანსპორტირების ახალი პროექტები საქართველოში


გაზსადენი, საქართველო
გაზსადენი, საქართველო
სამიოდე დღის წინ რუმინეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ შეთანხმდნენ რუმინეთში აზერბაიჯანის თხევადი გაზის ტრანსპორტირება განხორციელდეს საქართველოს გავლით. ხელშეკრულების გაფორმება ზაფხულის ბოლომდე იგეგმება ბაქოში. პარალელურად, გამოცოცხლება შეინიშნება „ნაბუკოს“ პროექტის რეალიზების პროცესში და ლაპარაკია სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის ფორმირების შესახებ.

ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზარზე შექმნილმა ვითარებამ - კერძოდ კი, ნავთობისა და გაზის ფასის შემცირებამ - ნაწილობრივ შეასუსტა კასპიის ენერგორესურსების რუსეთის გვერდის ავლით ტრანსპორტირების ცნობილი პროექტების განხორციელების ტემპები, თუმცა კი ამ ვითარებაში აქტუალობა შეიძინა უფრო მცირე ზომის პროექტებმა. ასეთია საქართველოს გავლით ევროპაში თხევადი გაზის ტრანსპორტირების პროექტი.

პროექტის მიხედვით, აზერბაიჯანის ბუნებრივი აირი საქართველოში - კერძოდ კი, ფოთი-ყულევის რეგიონში - აშენებულ საწარმოში გათხევადდება და საზღვაო ბორნების მეშვეობით რუმინეთსა და დანარჩენ ევროპაში გადაიტვირთება. 2 ივნისს რუმინეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრინციპული შეთანხმება უკვე მიღწეულია:

მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და ტრაიან ბასესკუ, რუმინეთის პრეზიდენტი
”აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და საქართველომ მოახერხა პრინციპული შეთანხმება თხევადი გაზის ტრანსპორტირების შესახებ საქართველოს გავლით. ეს ნიშნავს, რომ ახალი დიდი ტერმინალი აშენდება ფოთი-ყულევის რეგიონში, რომელიც, გარდა დასაქმებისა, გარდა დამატებითი შემოსავლებისა, ზრდის ევროპისთვის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობას.”

აღნიშნული პროექტის მშენებლობის დაწყება უახლოეს მომავალში იგეგმება და ის შესაძლებელი გახდა საქართველოში ჩამოყალიბებული ლიბერალური ბიზნესგარემოს მეშვეობით. ლიცენზიებისა და სხვადასხვა ნებართვების გაუქმების შედეგად, შესაძლებელი გახდა აზერბაიჯანული ბუნებრივი აირი საქართველოში გადამუშავდეს და ევროპაში გადაიტვირთოს. ნავთობისა და გაზის საკითხების ექსპერტის თემურ გოჩიტაშვილის აზრით, საქართველომ დაამტკიცა, რომ მიმზიდველი პარტნიორია:

”ჩვენთან არავითარი ლიცენზია არ მოითხოვება იმაზე, რომ გაიტანონ ენერგეტიკული პროდუქცია - ამ შემთხვევაში გათხევადებული გაზი - საზღვარგარეთ, განსხვავებით ჩვენი მეზობელი ნებისმიერი ქვეყნისგან, სადაც ძალიან შეზღუდულია. ყველას აქვს შეზღუდვები ექსპორტსა და ტრანზიტზე. საქართველო თითქოს კუნძულია, სადაც ძალიან ლიბერალური დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი.”

თხევადი გაზის გადამუშავებისა და ევროპაში ტრანსპორტირების პროექტი საწყის ეტაპზე წელიწადში 5 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის რესურსს მოითხოვს. ის საქართველოში აზერბაიჯანიდან შემოვა, ყულევში აშენებულ საწარმოში გადამუშავდება და თხევადი ან შეკუმშული აირის სახეს მიიღებს. ამ კონდიციამდე მიყვანილი პროდუქცია ტანკერებში ჩაიტვირთება და რუმინეთის პორტ კონსტანცაში გადაიტვირთება. შემდეგ ეტაპზე შესაძლებელია პროდუქციის მოცულობის გაზრდა წელიწადში 8 მილიარდ კუბურ მეტრამდე. ენერგეტიკოსები ვარაუდობენ, რომ ეს პროექტი, პირველ რიგში, რუმინეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების რუსეთზე დამოკიდებულებას შეამცირებს. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის კომენტარი:

”გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით მოხმარების 20 პროცენტს რუმინეთი რუსეთისგან ყიდულობს და ეს მოხმარება იზრდება, სწორედ ამ აზერბაიჯანული გაზის შეძენით ისინი მოახდენენ გაზრდილი მოხმარების დაბალანსებას.”

ეს რუმინეთთან ერთად საქართველოსთვისაც მომგებიანია და ზრდის მის სტრატეგიულ მნიშვნელობას. თუმცა კი ჩნდება ეჭვი, რომ ასეთმა პროექტებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს უფრო მასშტაბური მნიშვნელობის პროექტის რეალიზებას. აქ, პირველ რიგში, იგულისხმება ”ნაბუკო”, რომელმაც კასპიის რეგიონის ბუნებრივი აირი, რუსეთის გვერდის ავლით, ევროპას უნდა მიაწოდოს. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, საქართველო კვლავაც რჩება „ნაბუკოს“ აქტიურ მხარდამჭერად და მას კონკურენციას ვერ გაუწევს თხევადი გაზის ტრანსპორტირების პროექტი:

”ეს არის, „ნაბუკოსთან“ შედარებით, მცირე მოცულობის პროექტი. „ნაბუკო“ არის 31 მილიარდიანი პროექტი. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს 5 მილიარდი მოცულობის ბუნებრივი აირის გატარებაზე, რომელიც მომავალში შეიძლება გაიზარდოს. მაგრამ დივერსიფიკაციის ფორმატში, რაც დღეს ევროკავშირის ამოცანაა, ეს პროექტი იქნება სწორედ ამ ამოცანის გადაჭრის ერთ-ერთი გზა.”

ნაბუკოს მილსადენის რუკა
რაც შეეხება „ნაბუკოს“ პროექტს, მისი რეალიზების პროცესში ახალი იმპულსები შეიმჩნევა. კერძოდ, მიმდინარე კვირაში ბაქოში იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური წარმომადგენელი ენერგეტიკულ საკითხებში რიჩარდ მორნინგსტარი. მან აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე განაცხადა, იმედი მაქვს აზერბაიჯანის გაზის რესურსები „ნაბუკოს“ მილსადენით გაივლისო. ამ პროექტს აქვს დიდი მნიშვნელობა როგორც პოლიტიკური, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისითო, - აღნიშნა მორნინგსტარმა.

ბოლო დრომდე „ნაბუკოს“ სუსტ წერტილს გაზის რესურსები წარმოადგენდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ თურქმენეთში დაწყებული მილსადენის აღმოსავლეთ-დასავლეთის მშენებლობა ამ პრობლემის მოგვარების საშუალებაა. ახალი მილსადენით თურქმენული გაზი კასპიის ზღვის სანაპიროებს მოადგება და ის თავისუფლად შეიძლება შეუერთდეს აზერბაიჯანიდან საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიაზე გამავალ „ნაბუკოს“ მილსადენს.
XS
SM
MD
LG