Accessibility links

logo-print
ბოლო ათწლეულის ყველაზე მასშტაბური ნარკოდანაშაული გახსნილია. „უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია“ - ასე უწოდეს საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა წყალტუბოს რაიონის სოფელ ტყაჩირში განხორციელებულ რეიდს. ამ სპეცოპერაციის შესახებ, რომელსაც პირადად მინისტრი მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა, საზოგადოებამ იცის ყველა წვრილმანი დეტალი, ეჭვმიტანილი რეალიზატორებისა და მათ უკან მდგარი ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების სავარაუდო სატელეფონო საუბრების ჩათვლით. რა დროიდან გადაიქცა საქართველო საერთაშორისო ნარკობიზნესის სატრანზიტო პუნქტად და რა პრეცედენტები ახსოვს ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოში?

3 ივნისის შემდეგ წყალტუბოს რაიონის სოფელი ტყაჩირი სამუდამოდ შევა ტრანსნაციონალურ დანაშაულობებთან ბრძოლის ისტორიაში. ამ სპეცოპერაციას უფრო დიდი რეზონანსი ექნებოდა, სამართალდამცველებს ფულთან ერთად 90 კილოგრამის ოდენობის ნივთიერება კოკაინიც რომ აღმოეჩინათ. მაგრამ გამოძიება დაწყებულია და შესაძლოა ამ საქმეში გამოჩნდნენ სხვა ფიგურანტებიც და გამოიკვეთოს ნარკოტიკების ახალი მარშრუტიო, - ამბობს უშიშროების გადამდგარი პოლკოვნიკი ელდარ გოგოლაძე, რომელიც 90-იანი წლების შუა წლებში საქართველოში ანტიტერორისტულ ცენტრს ხელმძღვანელობდა.

„უპრეცედენტო რა ნაწილში შეიძლება იყოს, იცით? - მაშინ, როდესაც ჩვენ ვმუშაობდით ასეთ საკითხებზე, ჩვენთვის, მაგალითად, ლათინური ამერიკიდან, და განსაკუთრებით, კოკაინის შემოტანის ფაქტები უცნობი იყო. ჩვენ, ძირითადად, ვმუშაობდით ავღანური ჰეროინის გზების გადაკეტვაზე.“

ეს ძალიან რთული სამუშაო იყო. ჩამოყალიბების პროცესში მყოფ უშიშროების სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სამსახურს მსგავს ტრანსნაციონალურ დანაშულთან ბრძოლის გამოცდილება არ ჰქონდა. არ არსებობდა მეზობელი სახელმწიფოების სპეცსამსახურებთან ოპერატიული ინფორმაციის ურთიერთგაცვლის, დამუშავებისა და პრევენციის გამოცდილება. გარდა ამისა, 1992-93 წლებში საქართველო სამოქალაქო ომში იყო ჩაფლული, სამართალდამცველი სტრუქტურების ხელმძღვანელობა კი, იშვიათი გამონაკლისის გარდა, დეზორიენტირებული და კორუმპირებული იყო. საყოველთაო ქაოსის ფონზე, ნარკოტიკული ნივთიერებები არა გრამობით, არამედ ასეული კილოგრამობით გაედინებოდა საქართველოს გავლით. ერთ შემთხვევაში კი, როგორც ელდარ გოგოლაძე იხსენებს, საქართველო ტონაზე მეტმა ნარკოტიკულმა ნივთიერებამაც კი გადაკვეთა, რაც დღემდე სარეკორდოდ ითვლება მთელი რეგიონის მასშტაბით.

„ასეთი პირველი ინფორმაცია იყო ამერიკელებისა და თურქების ერთობლივად ჩატარებული სპეცოპერაცია, თუ არ ვცდები, 1992 წლის დეკემბერში ტრაბზონში. თურქეთის პოლიციამ დააპატიმრა საქართველოდან გადასული ნარკოტიკები - ეს იყო 1300 კგ მორფინის ფხვნილი. ის ორი სატვირთო მანქანით მოდიოდა ავღანეთიდან და საზღვარი გადაკვეთა სარფში.“

ამ ფაქტმა ძალიან დააფიქრა აზერბაიჯანის, თურქეთისა და საქართველოს ხელისუფლებები. დასავლეთის ქვეყნებიდან მიღებული ინფორმაციები ცხადყოფდა, რომ საერთაშორისო ნარკოკარტელებმა ევროპაში ავღანული ნარკოტიკების ტრანსპორტირებისთვის სამხრეთკავკასიური დერეფანი აამოქმედეს. ბალკანურმა დერეფანმა თავდაპირველი დანიშნულება დაკარგა იქ მიმდინარე ეთნიკური კონფლიქტებისა და ბრძოლების შედეგად. ელდარ გოგოლაძის თქმით, ნარკოტიკული ქარავნები, საქართველოს გავლით, შემდეგი მარშრუტით მოძრაობდნენ:

„ისინი კვეთდნენ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს, შემდეგ გადადიოდნენ კასპიის ზღვაზე, შემოდიოდნენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანიდან შემოდიოდნენ საქართველოში. ეს იყო, ძირითადად, სამანქანო გზით. შემდეგ სარფის სასაზღვრო პუნქტით გადადიოდნენ თურქეთში. იქიდან კი, როგორც ჩვენ გვქონდა ინფორმაცია ჩვენი კოლეგებისაგან, ნარკოტიკული ნივთიერებები ვრცელდებოდა დასავლეთ ევროპასა და შეერთებულ შტატებში.“

ნარკოტიკულ ნივთიერებათა მოძრაობის აღსაკვეთად 90-იანი წლების შუა რიცხვებში შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა სპეციალური სტრუქტურა - „ბისნიკი“ - შექმნეს.

„ეს არის ნარკომონაცემების გაცვლის ცენტრი, სპეცსამსახურების. ათი სახელმწიფო იყო წარმოდგენილი - ძირითადად, შავი ზღვის აუზის სახელმწიფოები. და დაიწყო ასეთი მუშაობა, ინფორმაციების გაცვლა. პლუს, იყო რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. უნდა გითხრათ, რომ ყველაზე ინტენსიურად ჩვენ ვმუშაობდით ამერიკელ და აზერბაიჯანელ კოლეგებთან ერთად.“

„ბისნიკში“ შემავალი ნარკოდანაშაულთან ბრძოლის ეროვნული სამსახურები, ძირითადად, პრევენციაზე მუშაობდნენ, რათა გამოევლინათ ტრანსნაციონალური დანაშაულის მოთავეები და მოეხდინათ ნარკოტრასის დახურვა. ერთობლივი მუშაობის შედეგად, 1995 წელს გაიხსნა ძალიან დიდი ნარკოდანაშაულის საქმე, რაც შემდგომ ერთი ცნობილი ფილმის სიუჟეტსაც დაედო საფუძვლად.

„რეჰინაი იყო ასეთი, ირანელი იყო, მაგრამ თურქეთის მოქალაქე. ფილმი იყო და სერიალი და წიგნი იყო „დრონგო“. წარმოშობით აზერბაიჯანელია, ვინც ეს დაწერა. რასაკვირველია, იქ ბათუმში რომ გემები ფეთქდება, არაფერი ასეთი არ მომხდარა, მაგრამ ეს იყო ჩვენი, ამერიკელებისა და აზერბაიჯანლების ოპერაცია. ყოველგვარი ხმაურის გარეშე დაიკეტა ეს ტრასა. მაგრამ ეს ისეთი დანაშუალია, რომ როგორც წყალს პლატინა ვერ აჩერებს, ისე შეუძლებელია მისი შეჩერება.“

თანაც, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა ყველაზე შემოსავლიანი უკანონო ბიზნესია. მას, როგორც ყველაზე საშიშ ტრანსნაციონალურ დანაშაულს, ყველა ქვეყანაში ჰყავს მფარველები სამართალდამცველ სტრუქტურებსა და პოლიტიკურ წრეებში. საქართველოში 90-იანი წლების შუა ხანებში ნარკომაფიას ჰყავდნენ ლობისტები ხელისუფლებაში. როგორც ელდარ გოგოლაძე ამბობს, მათ მოახერხეს გზიდან ჩამოეშორებინათ სპეცსამსახურის ის თანამშრომლები, რომლებმაც რამდენიმე მსხვილი ნარკოდანაშაული გამოავლინეს. თანამდებობრივი გულგრილობის გამო პოსტს ჩამოაშორეს და ცოტა ხნით ციხეშიც კი ჰყავდათ თავად ჩემი თანამოსაუბრე.

„მე ციხეში ვიჯექი და გაზეთში ვკითხულობდი, თურმე შოთა კვირაიამ როგორ ჩაატარა ის სპეცოპერაცია, რომელიც ჩვენ ჩავატარეთ რამდენიმე თვის წინ.“

პიარი და სახელისუფლებო შტოებს შორის ფარული დაპირისპირება არასოდეს ყოფილა უცხო საქართველოს სინამდვილეში, მაგრამ ელდარ გოგოლაძე, თავისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე, ბევრ რამეზე ღიად ვერ საუბრობს. იგი მხოლოდ იმას აღნიშნავს, თუ რა იყო ამ დაპირისპირების სავალალო შედეგი. 90-იანი წლების ბოლოს ცენტრალური აზია-საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის მარშრუტი ახალი ძალით ამოქმედდა, ხოლო 2001-2002 წლებში ნარკოკარტელებმა მსხვილი სატრანზიტო პუნქტი შექმნეს პანკისის ხეობაში, რომელიც დროებით გამოვიდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლიდან. მაგრამ სპეცოპერაციის შემდეგ პანკისის შავი ხვრელიც ამოიქოლა. 3 ივნისს ტყაჩირში განხორციელებული სპეცოპერაცია კი ცხადყოფს, რომ საქართველო, ოკუპირებული, უკონტროლო ტერიტორიებითა და ჯერ კიდევ სუსტად განვითარებული სპეცსამსახურებით, კვლავ მიმზიდველია ტრანსნაციონალური კრიმინალური დაჯგუფებებისათვის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG