Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უსტატუსო დევნილების გასაჭირი


გორის რეგიონიდან დევნილები
გორის რეგიონიდან დევნილები
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა დევნილად აქცია ცხინვალის რეგიონსა და შიდა ქართლის მხარეში მცხოვრები 26 ათასამდე ადამიანი, თუმცა ომის დასრულებიდან თითქმის ორი წლის თავზე ირკვევა, რომ მშობლიური ადგილებიდან აყრილი ადამიანების ერთი ნაწილი უშედეგოდ ცდილობს დევნილის სტატუსის მოპოვებას.

გორის რაიონის სოფელ საცხენეთში მცხოვრებმა ბეგლარ ხადურმა დევნილის სტატუსის მოთხოვნით სასამართლოს თითქმის ერით წლის წინ მიმართა. მოსარჩლის რძალი ლელა მალუტაშვილი ამბობს, რომ ომის შედეგად ოჯახმა დაკარგა როგორც უძრავი ქონება, ასევე შემოსავლის ძირითადი წყარო:

„იქ იყო ჩაწერილი. ჩადიოდა და ჩამოდიოდა. გვქონდა ორი სახლი და მიწის სამი ნაკვეთი.“

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2009 წლის 24 ივნისს დააკმაყოფილა ბეგლარ ხადურის სარჩელი და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოსარჩლის დევნილად ცნობა და შესაბამისი სტატუსის მინიჭება დაავალა, თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“ წარმომადგენელი ნინო ბოლქვაძე ამბობს, გადაწყვეტილება არ აღსრულებულა:

„ამის გამო იძულებით გადაადგილებული პირი ვერ იღებს სახელმწიფო შემწეობას, ასევე ვერ იღებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით დადგენილ დევნილთათვის განკუთვნილ სხვადასხვა დახმარებას.“

არადა, კანონის შესაბამისად აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესასრულებლად სამთვიანი ვადა დაუდგინა. ბიუროს წარმომადგენელმა კობა ალხაზიშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბიურომ კანონით გათვალისწინებული ყველა მოქმედება ჩაატარა და ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროზე.

თუმცა რადიო თავისუფლებამ ლტოლვილთა განსახლების სამინისტროსგან განმარტებების მიღება ვერ შეძლო. მინისტრსა და მის პრესმდივანთან დაკავშირების ყველა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. არასამთავრობო ორგანიზაციის „კოალიცია დევნილთა უფლებებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ბენდიანიშვილი კი აცხადებს, რომ სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ იმ დევნილებს, რომლებიც განსახლების კოლექტიურ ცენტრებში არ ცხოვრობენ.

„სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, ინდივიდუალურად არის შესასწავლი თითოეული ადამიანიო, თუმცა ორი წელი გავიდა და აბსოლუტურად გაუგებარია რატომ ვერ შეისწავლეს ამდენ ხანში. მეორე ისაა, რომ ნაწილმა უკვე მიიღო კომპენსაცია, მაგრამ შესაბამისი სტატუსი არც მათთვის მიუციათ. არადა, კომპენსაციის მიღება თავისთავად დევნილობის, ანუ იძულებით გამოდევნის, დადასტურებაცაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მაინც არ აძლევენ სტატუსს, რაც კანონის პირდაპირი დარღვევაა“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ბენდიანიშვილმა. მისი თქმითვე, გამოდის, რომ ადამიანი, რომელმაც უარი თქვა მთავრობის მიერ შეთავაზებულ დროებით საცხოვრებელზე, დევნილის სტატუსისა და შესაბამისი სოციალური შეღავათების გარეშეა დარჩენილი. ამ გარემოებასა და ბეგლარ ხადურის საქმის შესწავლის საფეძველზე, „კავკასიის ქალთა ქსლის“ ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი ასკვნის:

„აგრძელებს ხელისუფლება ბრძოლას, რომ არ აღადგინოს ომით დაზარალებული ადამიანების შელახული უფლებები და არ შეუწყოს ხელი ომის შედეგების აღმოფხვრას.“

თუმცა ნინო ციხისთავი იმასაც ამბობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ აპირებენ უკანონობასთან შეგუებას. მიმდინარე წლის 4 ივნისს „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტმა“ ბეგლარ ხადურის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს მთავარ პროკურორს განცხადებით მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის თანახმად, განაჩენის ან სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების შეუსრულებლობა ანდა მისი შესრულებისათვის ხელის შეშლა ითვალისწინებს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG