Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩევნებში დახარჯული სახსრებითაც ნაციონალური მოძრაობა ლიდერობს


30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულმა 5-მა საარჩევნო სუბიექტმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ფინანსური ანგარიში წარადგინა. ცესკოში წარდგენილ დოკუმენტაციას თან ერთვის აუდიტის დასკვნა და საარჩევნო კამპანიის ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრების წყარო. წინასწარი შედეგების თანახმად, გამარჯვებულ ხუთ საარჩევნო სუბიექტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დახარჯული თანხის ოდენობითაც ლიდერობს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ზურაბ მელიქიშვილის განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის გაწეული ყველა ხარჯი საანგარიშო დოკუმენტში კანონის ნორმების ზედმიწევნით დაცვითაა წარდგენილი:

” ფულადი და არაფულადი შემოწირულობები, ასე ვთქვათ, ხარჯი, გაწერილია დაახლოებით 14 მილიონ ლარზე. ხარჯი, რაც კი გასწია ნაციონალურმა მოძრაობამ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, არის აღწერილი და გაწერილი კანონის მოთხოვნის შესაბამისად.”

კანონი კი განმარტავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს წევრობის კანდიდატის საარჩევნო კამპანიის ფონდებში მიღებული ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს თითოეული ფიზიკური პირისაგან 30 000 ლარს, იურიდიული პირისაგან კი 100 000 ლარს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასაარჩევნოდ დახარჯული 14 მილიონი ლარიდან, 13 მილიონი ლარი საარჩევნო ფონდში პარტიის ანგარიშიდან გადაირიცხა, დანარჩენი კი რამდენიმე ფიზიკური და იურიდიული პირის შენაწირია. რაც შეეხება ქრისტიან-დემოკრატთა საარჩევნო ფონდის მოცულობასა და დანახარჯებს:

” საერთო შემოწირულობების ხარჯი, ანუ გაწეული ხარჯი ფონდის მიერ არის სადღაც 660 000-მდე”, - გვითხრა ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის საარჩევნო ფონდის მმართველმა გრიგოლ ფარესიშვილმა.

პარტიაში კი განმარტავენ, რომ ამ თანხიდან დაახლოებით 400 000 ლარი ფასიან პოლიტიკურ რეკლამაში გაწეული ხარჯია, ხოლო დანარჩენი მაჟორიტარობის კანდიდატთა პირადი შენატანი.

თოფაძე-მრეწველების წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში ჩართული იყო რამდენიმე ბიზნესმენიც, რომელთა ხელშეუხებლობას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე, საჯაროდ ითხოვს. რაც შეეხება უშუალოდ ხარჯებს:

” საარჩევნო ფონდის გავლით, ბანკით 200 000-მა ლარმა გაიარა, ხოლო მომსახურების შემოწირულობასაც თუ დავუმატებთ, მთლიანად ადის 900 000 ლარამდე. საშუალოდ ყოველთვის ამდენი გვიჯდებოდა ხოლმე. ფინანსური მოძრაობა ანუ შემოწირულობა უფრო ნაკლებია, ვიდრე მომსახურების შემოწირულობა, მაგრამ შემოწირულობა შემოწირულობაა.“

მრეწველებთან შედარებით, ნაკლებია ”ალიანსი საქართველოს” დანახარჯები. „ალიანსის“ საარჩევნო ფონდის მმართველი ალექსი ბატიაშვილი ამბობს:

”საარჩევნო კამპანიის ფონდის ხარჯი 136 000 ლარია, დაახლოებით. ძირითადი შემოწირულობები არის ფიზიკური პირებისგან და „ალიანსში“ შემავალი სუბიექტების - ანუ პარტიების - სახსრებიდან.”

260 169 ლარი შეადგინა ხარჯებმა „ეროვნული საბჭოს“ საარჩევნო ფონდში.

”ძირითადი ნაწილი დაიხარჯა ბეჭდური პროდუქციის დამზადებაში მაჟორიტარებისთვის საქართველოს მასშტაბით. ასევე სატელევიზიო ფასიანი რეკლამა. დიდი ნაწილი არის კომუნიკაციის ხარჯები, საწვავი და ოფისები, რომლებიც დაქირავებული გვქონდა „ეროვნული საბჭოს“ წინასაარჩევნო კამპანიისთვის“, - გვითხრა „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” წევრმა ლადო ბოჟაძემ და აღნიშნა ისიც, რომ დამოუკიდებლად 10 000 ლარის ხარჯი აღირიცხა ამ პარტიის ფონდში შუალედური არჩევნებისთვის, რომელშიც „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” მინაწილეობდა არა როგორც „ეროვნული საბჭოს“ წევრი, არამედ როგორც დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტი.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული პირველი ხუთეულის მიერ არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების წარდგენის ვადა 7 ივნისს ამოიწურა. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილე სხვა სუბიექტებს, მათ აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნების ვადა 23 ივლისამდე აქვთ. საარჩევნო ფონდების შევსებისა და ხარჯვის საკითხს, თავის მხრივ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონიტორინგის ჯგუფი შეისწავლის. მონიტორინგის შედეგები, სავარაუდოდ, 1 კვირაში გახდება ცნობილი.
XS
SM
MD
LG