Accessibility links

logo-print
7 ივნისის პრესაში გრძელდება ოპოზიციაში არსებული ვითარების გარკვევა, მათი გეგმებისა და ერთმანეთთან დამოკიდებულების განხილვა. დღეს რამდენიმე გაზეთში ქვეყნდება ”ეროვნული ფორუმის” ლიდერებთან ინტერვიუები. ასევე რამდენიმე გაზეთი ბეჭდავს ინტერვიუებს სოზარ სუბართან.

”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი ამბობს: ”ამ რეჟიმის შეცვლა შეიძლება მხოლოდ სამართლიანი არჩევნებით” და თავისი პარტიის ინიციატივას ასე განმარტავს: ”გეგმა არის ძალიან კონკრეტული - ოპოზიცია ვიბრძვით საარჩევნო გარემოს შესაცვლელად. ვაღწევთ ამ წარმატებას? - ვატარებთ არჩევნებს. ვინც გაიმარჯვებს, ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს.”

”ახალი თაობა”, სალომე ზურაბიშვილი: ”ეს არ არის მხოლოდ ”ფორუმის” ინიციატივა. ეს მუდმივი ბრძოლაა. როდესაც არჩევნები გადაიხაზება, როგორც ხელისუფლების შეცვლის საშუალება, ეს იქნება კატასტროფა. ერთადერთი გზა არის არჩევნები, მაგრამ არჩევნები - ბრძოლით, სადაც შედის ბრძოლა ლეგალური გაყალბების წინააღმდეგ”, - ამბობს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ არჩევნები 2012 წლამდე დაინიშნოს.

”ახალ თაობაშივე” დღეს წაიკითხავთ, რომ რამდენიმე მინისტრისა და გუბერნატორის მოხსნა იგეგმება.

”მთელი კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”ეროვნული ფორუმის” ლიდერი კახა შარტავა ამბობს: ”რუსეთის ვარიანტი არის ასეთი: ვანო მერაბიშვილმა და ძალოვანებმა ამ სიტუაციაში უნდა მოახერხონ ოპოზიციის გამოყენებით საქართველოს საზოგადოებაში ინსპირირება რაღაცა დაპირისპირებისა, სადაც დაიღვრება სისხლი ქვეყნის შიგნით, რუსეთის ხიშტის გარეშე.”

”მთელ კვირასა” და ”ახალ თაობაში” ქვეყნდება ინტერვიუები ირაკლი ბათიაშვილთან, სადაც ის უარყოფს ”ალიანსის” დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. ”მთელ კვირაში” ქვეყნდება სოზარ სუბარის წერილი - ”თვითმყოფადობა, პროგრესი, უსაფრთხოება”.

”ეს ხელისუფლება ხომ არ ვარ, ტალახში ვიფორთხო და მერე ვიძახო ტელევიზიით, გამარჯვებული ვარო. დამარცხებას დამარცხება უნდა დაარქვა და გამარჯვებას - გამარჯვება. როდესაც გამარჯვების შანსი გაქვს, უნდა გაიმარჯვო ან სცადო მაინც გამარჯვება და აშკარად დამარცხების გზით არ უნდა წახვიდე”, - აცხადებს სოზარ სუბარი ”ჯორჯიან ტაიმსისთვის” მიცემულ ინტერვიუში და იქვე ამბობს: ”კი ბატონო, შეიძლება წავაგოთ, მაგრამ მაშინ აღიარე და თქვი, რომ წააგე.”

”ასავალ-დასავალი”, ნინო ბურჯანაძე: ”რაღაცნაირად ხელისუფლებასთან სინქრონულად ლაპარაკობენ ეს ოპოზიციონერები. ხელისუფლებამ წაგებულ ომზე თქვა, მოვიგეთო. ახლა კი ოპოზიციაც ამბობს წაგებულ არჩევნებზე - მოვიგეთო! ხელისუფლება იძახის, მარტო ჩვენ ვართ საქართველოში უალტერნატივო ძალა აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდეო. ახლა აგერ, ოპოზიციაში გამოჩნდა პარტია, რომელიც, თურმე, უალტერნატივოა უკუნითი უკუნისამდე და ოპოზიციაში ალტერნატივა არ ეყოლება”, - ამბობს ნინო ბურჯანაძე.

”კვირის პალიტრის” კორესპონდენტი პოლიტოლოგ კახა კაციტაძეს ესაუბრა. კაციტაძე ამბობს: ”ის, რომ ბურჯანაძის გარშემო პირობითად მეორე ცენტრი იკრიბება, ფაქტია. მაგრამ თუ, არჩევნებიდან გამომდინარე, ”ალიანსის” გზის შესახებ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, ბურჯანაძის შემთხვევაში პროგნოზი ნაადრევად მიმაჩნია. საერთოდ, ალასანია იქნება თუ ბურჯანაძე, ლიდერი იქნება ის, ვინც ქართველობის ახალ იდეას შესთავაზებს საზოგადოებას”, - ამბობს კახა კაციტაძე, რომელიც სასაცილოდ თვლის მოსაზრებას, რომ ბურჯანაძე რუსეთის თამაშს ითამაშებს.

”ვერსია” დღეს კონტროლის პალატის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს. ”სახელმწიფო ბიუჯეტი არასათანადოდაა დაგეგმილი, რადგან პრემიის გასაცემად საჭირო გახდა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა”, - აცხადებს ბეჟაშვილი, რომელიც აუდიტის კიდევ უფრო მეტ ობიექტზე დაწყების დაპირებას იძლევა.

”24 საათი” პრეზიდენტ სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე წერს. საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ ”24 საათს” განუცხადა, რომ ნიკოლა სარკოზის რუსეთის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან შეხვედრებამდე ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკშვილთან შეხვედრა ”ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია”.
XS
SM
MD
LG