Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციის საბაზისო პროექტს დადებითად აფასებს


ავთანდილ დემეტრაშვილი
ავთანდილ დემეტრაშვილი
20-დან 25 ივნისამდე საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ვენეციის კომისიისგან კონსოლიდირებულ დასკვნას მიიღებს. სახელმწიფო კომისიის მიერ კონსტიტუციის საბაზისო პროექტად შერჩეული დოკუმენტი ვენეციის კომისიას გასაცნობად სამი კვირის წინ გაეგზავნა, გასული კვირის ბოლოს კი ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ საბაზისო პროექტი საერთაშორისო ექსპერტებმა განიხილეს.

კონსტიტუციის საბაზისო პროექტი ვენეციის კომისიაში არა მხოლოდ მოიწონეს, არამედ შეაფასეს როგორც ძალიან მნიშვნელოვანი კონსტიტუციური რეფორმა, ამბობს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი. პროექტი, რომელიც ვენეციის კომისიამ მნიშვნელოვან კონსტიტუციურ რეფორმად აღიარა, შერეული მმართველობის მოდელს ანიჭებს უპირატესობას. პროექტი ისეთ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას გულისხმობს, რომელშიც საპარლამენტო ელემენტები ჭარბობს,მთავრობა აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანოა და იგი საპარლამენტო უმრავლესობის საფუძველზე იქმნება: ”აღინიშნა, რომ ეს პროექტი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოსტსაბჭოთა სივრცეში, ანუ ის გარდამავალი ეტაპის კანონმდებლობა, რომელიც საჭირო იყო რეფორმების ჩასატარებლად, ნელ-ნელა იცვლება ევროპული ტიპის კონსტიტუციური კანონმდებლობით, რომელშიც ძალაუფლების ერთ განშტოებაში კონცენტრაცია გამორიცხულია”, - ამბობს დემეტრაშვილი.

თუმცა, მოწონების გარდა, ვენეციის კომისიას კონსტიტუციის საბაზისო პროექტის მიმართ, დემეტრაშვილისვე თქმით, არსებითი შენიშვნებიც ჰქონდა. შენიშვნები კი ეხებოდა პრეზიდენტის მონაწილეობას მთავრობის ფორმირებაში და, გარდა ამისა, კონსტიტუციის მე-80 და 81-ე მუხლს - მთავრობის ფორმირებისა და მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების დროში გაწელილი პროცედურის გამო: ”ჩვენი ხედვის მიხედვით, პრეზიდენტი არ უნდა იყოს აქტიური მთავრობის ფორმირების პროცესში და მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტი უუნაროა. ჩვენი პოზიცია, გარკვეულწილად, არ იქნა მოწონებული და გვითხრეს, პრეზიდენტი ან საერთოდ გამოთიშეთ ამ პროცესიდან, ან უფრო აქტიური გახადეთო.”

შენიშვნას მთავრობის ფორმირების პროცესში პრეზიდენტის მონაწილეობის შესახებ, დემეტრაშვილის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია არ გაითვალისწინებს. მისი თქმით, კომისიის წევრებს ამის მიზეზი აქვთ: ”ვერ გავიზიარებთ ორმაგ მიდგომას. ჩვენ ცალსახად ვამბობთ, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს სახელმწიფოს მეთაური, რომ იგი უნდა იყოს ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში და უნდა შეასრულოს არბიტრის ფუნქცია, რაც გამოიხატება ფორმულაში - პრეზიდენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა კონსტიტუციურ ფუნქციონირებას. სწორედ ამ სამ პოსტულატზეა აგებული პრეზიდენტის კონსტიტუციური იმიჯი და სახე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიდგომას არ შევცვლით.”

ჯერ კიდევ თებერვალში, საქართველოში ვიზიტად მყოფმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ არსებული კონსტიტუციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაკლად ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის არარსებობა დაასახელა. მისი მთავარი რეკომენდაციაც ახალ კონსტიტუციაში სწორედ ამ ხარვეზის გამოსწორებას შეეხებოდა. ავთანდილ დემეტრაშვილის თქმით, საბაზისო პროექტის მიხედვით, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსი დაცულია.

ივნისის დასაწყისში გაიგზავნა ვენეციის კომისიაში კიდევ ერთი - საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული -ცვლილებების პროექტის გაფართოებული კონცეფცია. როგორც საზოგადოებრივი საკონსტიტუციო კომისიის წევრი ვახტანგ ძაბირაძე იმედოვნებს, მათ მიერ წარდგენილი კონცეფცია ვენეციის კომისიისგან არანაკლებ შეფასებას დაიმსახურებს. აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი კომისიის მიერ წარდგენილი კონცეფცია ქვეყნის საპარლამენტო მოწყობის მოდელს ანიჭებს უპირატესობას. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს კონცეფციის ნორმატიულ პროექტად ჩამოყალიბების პროცესი. ვახტანგ ძაბირაძეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საბაზისო პროექტის მიმართ თეორიული შენიშვნები არ გააჩნია, სამაგიეროდ, ის სხვა ტიპის ხარვეზზე საუბრობს: ”ეს არ არის ქართული კონსტიტუცია, ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენი ამოსავალი წერტილი ხელისუფლების კონტროლი უნდა იყოს. საზოგადოებას უნდა ჰქოდნეს ისეთი მექანიზმები, რომ მუდმივად აკონტროლოს ხელისუფლება. ასეთი მექანიზმები კი მათ პროექტში საერთოდ არ არის”, - აცხადებს ძაბირაძე.

როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი ავთანდილ დემეტრაშვილი ამბობს, უახლოეს მომავალში კონსტიტუციის საბაზისო პროექტს ქართველ ექსპერტებთან ერთად კიდევ უფრო მეტად დახვეწენ, ამ ზაფხულს ის ბერლინის კონფერენციაზე შეჯერდება და უკვე ივლისის ბოლოს გადაეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც, თავის მხრივ, პროექტს საქართველოს პარლამენტს წარუდგენს. შედგება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და, როგორც დემეტრაშვილი ვარაუდობს, ადრეულ შემოდგომაზე საქართველოს ახალი კონსტიტუციაც ექნება.
XS
SM
MD
LG