Accessibility links

logo-print

პასპორტიზაცია და ფასიანი შესვლა ახალგორში


ახალგორის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

ახალგორის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი

ახალგორში დარჩენილი მოსახლეობა საგონებელშია ჩავარდნილი - შეინარჩუნონ საქართველოს მოქალაქეობა და დატოვონ დაბა, თუ მიიღონ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პასპორტი და საკუთარ სახლებში განაგრძონ ცხოვრება.

ახალგორის ოსურმა ადმინისტრაციამ პასპორტების შეცვლის თარიღად ჯერ 10 მაისი, შემდეგ კი 1 ივნისი გამოაცხადა, მაგრამ ეს პროცესი კიდევ გაურკვეველი ვადით გადაიდო.

2008 წლის ომამდე ახალგორში დაახლოებით 5500 ადამიანი ცხოვრობდა, უმრავლესობას ეთნიკური ქართველები შეადგენდნენ. ომის შემდეგ დიდმა ნაწილმა დაბა დატოვა და წეროვანში დევნილის სტატუსით დაიწყო ცხოვრება. ამჟამად ახალგორში 1000-მდე ადამიანია დარჩენილი. დევნილები პერიოდულად ახალგორში ბრუნდებიან და ვისაც სამსახური აქვს, ოსური ადმინისტრაციის მიერ გაცემულ ხელფასზეც არ ამბობენ უარს. ისინი პარალელურად წეროვანში იღებენ დევნილთა შემწეობებს.

არიან ადამიანები, ვისაც დაბა ერთი წუთითაც არ მიუტოვებია და მათ იქ არსებული პრობლემები ყველაზე უკეთ იციან. დაბაში დარჩენილებს კვების პროდუქტები თბილისიდან ჩააქვთ, ამიტომ მათ ვერ გაურკვევიათ, ახალგორის პასპორტიზაციის შემდეგ ოსური პასპორტებით ქართულ საგუშაგოებზე მათი გადაადგილება როგორ მოხდება.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში ახალგორის ოსური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ალან ჯუსოევმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება ორმაგ მოქალაქეობას არ დაუშვებს, და ვისაც ახალგორში ცხოვრება უნდა, საქართველოს პირადობის მოწმობა უნდა ჩააბაროს და ახალი პასპორტი აიღოს.

ალან ჯუსოევი ოფიციალურ განცხადებებში კი აღნიშნავს, რომ ახალგორელთა ორმაგ მოქალაქეობას არ დაუშვებს, მაგრამ დაბაში მაცხოვრებლებს, ოსური ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლები არწმუნებენ, რომ დარღვევებზე თვალს დახუჭავენ. ოსურ პასპორტს კი იმ ადამიანებსაც მისცემენ, ვინც განაცხადებს, რომ ქართული პირადობის მოწმობა დაკარგული აქვს. ახალგორის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თამარ მეარაყიშვილის თქმით, თუ ასეთი რამ მოხდება, დაბაში დარჩენილები სახლებს არ დატოვებენ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ახალგორელებს აშფოთებთ არის ის, რომ დაბაში შესვლა, შესაძლოა, ფასიანი გახდეს. ახალგორელების ინფორმაციით, რაიონში შესვლა და გამოსვლა, სავარაუდოდ, 250 რუბლი ეღირება. მთლიანობაში, ახალგორში შესვლა და გამოსვლა 500 რუბლი დაჯდება, რაც დაახლოებით 28 ლარია. მათივე ინფორმაციით, არ არის დაზუსტებული, როდის ამოქმედდება ახალი წესი. თანხის გადახდა რაიონის შესასვლელში არსებულ ოსურ საგუშაგოზე მოხდება. თამარ მეარაყიშვილის ინფორმაციით, ახალგორელები პროდუქტს, ძირითადად, თბილისში ყიდულობენ, ამიტომ მათ გადაადგილება თვეში რამდენჯერმე უწევთ. საგუშაგოზე გადასახადის დაწესება კი ბევრი ახალგორელისთვის მრავალ პრობლემას შექმნის. მეარაყიშვილიც ფლობს ინფორმაციას, რომ ოსურ ადმინისტრაციაში ამის შესახებ უკვე მსჯელობენ, მაგრამ როდის ამოქმედდება ახალი კანონი, ჯერ ვერ ამბობენ.

ახლა ახალგორში ყველა იმაზე მსჯელობს, როგორ წარიმართება პასპორტიზაცია და როდის დაწესდება ახალი გადასახადი. ქართველი ექსპერტების აზრით, 2008 წლის ქართველთა ეთნიკური წმენდის შემდეგ ოსური ხელისუფლება ახალგორში დარჩენილ ქართველებს აღარ ავიწროებს. ახლა კოკოითისთვის მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში შელახული იმიჯი ოდნავ მაინც გამოისწოროს და დაანახოს, რომ ქართველები ნებაყოფლობით ხდებიან ოსეთის მოქალაქეები, ამისთვის კი გარკვეულ დათმობებზეც არ ამბობს უარს. ამიტომ, მათი აზრით, ახალგორელებს როგორც საქართველოს, ისე დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეობაც ექნებათ.

ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების ინტერესში არ შედის, ამიტომ დაბაში დარჩენილებისთვის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ შეუთავაზებიათ, რომ ახალგორიდან წამოსულიყვნენ. დაახლოებით 1000 ადამიანი საკუთარ სახლ-კარს არ ტოვებს და მიიჩნევს, რომ ამით ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს.
XS
SM
MD
LG