Accessibility links

logo-print

ვინ უნდა გამოიძიოს ღაზისკენ მიმავალ ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე ისრაელის არმიის თავდასხმა?


ისრაელის სამხედრო ხომალდი აშდოდის პორტს ტოვებს.

ისრაელის სამხედრო ხომალდი აშდოდის პორტს ტოვებს.

მსოფლიოში გრძელდება მსჯელობა იმაზე, თუ ვინ უნდა გამოიძიოს ისრაელის არმიის მიერ ხმელთაშუა ზღვაში ღაზისკენ მიმავალ „ჰუმანიტარულ ფლოტილიაზე“ გასულ კვირაში განხორციელებული რეიდი, რომელსაც ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. თურქეთს მიაჩნია, რომ უნდა შეიქმნას საერთაშორისო საგამოძიებო კომისია. თვითონ ისრაელი გაეროს ასეთსავე წინადადებას არ იზიარებს. ახლო აღმოსავლეთის კვარტეტად წოდებული ჯგუფი, რომელშიც რუსეთი, აშშ, გაერო და ევროკავშირი შედიან, ამ საკითხზე მსჯელობს და სურს დაადგინოს, რა ფორმით უნდა მოხდეს გამოძიება.

თურქეთმა, რომლის მოქალაქეები უმეტესობას წარმოადგენდნენ ფლოტილიის გემებზე და დახოცილებიც თურქი აქტივისტები არიან, მოუწოდა ისრაელს დათანხმდეს საერთაშორისო გამოძიებაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ განაცხადა, ისრაელს იმიტომ არ სურს საერთაშორისო გამოძიება, რომ რაღაც აქვს დასამალიო. მანვე თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზებაზე ლაპარაკი აღარ არის. მოკლედ შეგახსენებთ: 31 მაისს პალესტინელთა ტერიტორიისკენ, ბლოკადაში მყოფი ღაზისკენ მიმავალ ფლოტილიას, რომელსაც ჰუმანიტარული ტვირთი გადაჰქონდა და რომლის გემებზეც რამდენიმე ასეული ჰუმანიტარული აქტივისტი იყო, ისრაელის არმიამ შეუტია შვეულმფრენებიდან გადასხმული დესანტით ხმელთაშუა ზღვაში. ისრაელის სამხედროთა მიერ გახსნილ ცეცხლს ცხრა ადამიანი შეეწირა.

გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნს სურს, რომ მომხდარი ფაქტი საერთაშორისო კომისიამ გამოიძიოს. ისრაელი წინააღმდეგია. აშშ-ში ისრაელის ელჩმა მიხაელ ორენმა თქვა, რომ ისრაელს აქვს უფლება საკუთარი საქმეები თვითონ გამოიძიოს. ორენმა იქვე დაამატა, მოქნილი ვიქნებით საგამოძიებო ჯგუფის შექმნის საკითხში და ამაზე ვაშინგტონს მოვეთათბირებითო. მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა თვლის, რომ გამოძიება საერთაშორისო კომისიამ უნდა ჩაატაროს. ამ აზრისაა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგიც. პარიზში მან შემდეგი თქვა:

„ჩვენ ვთვლით, რომ ერთობ მნიშვნელოვანია ჩატარდეს სწრაფი, მიუკერძოებელი, სანდო და გამჭვირვალე გამოძიება ღაზის ფლოტილიასთან დაკავშირებული გასული ორშაბათის მოვლენებისა. ჩვენი აზრით, გამოკვლევასა თუ გამოძიებაში, სულ მცირე, საერთაშორისო წარმომადგენელი უნდა იყოს ჩართული.“

ამავე პრესკონფერენციაზე, პარიზში, მასპინძელმა, ჰეიგის კოლეგა ბერნარ კუშნერმა, სტუმრის პოზიციას დასტური გამოუცხადა:

„ჩვენი ისრაელი მეგობრების ინტერესებშია ფართო და, ამდენად, საერთაშორისო გამოძიების ჩატარება. მათი საქმეა, ისურვებენ თუ არა ამას, მაგრამ ეს მოთხოვნა გამოხატა აშშ-მა, საფრანგეთმა და გაერომ. ჩვენი ბრიტანელი მეგობრებიც ასევე ფიქრობენ.“



ისრაელზე ზეწოლას ისიც ზრდის, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ პირადად ისრაელის პრემიერს, ბენიამინ ნეტანიაუს, მოუწოდა, გაეროს წინადადება მიიღოს.

ვინც უნდა გამოიძიოს მომხდარი, დასადგენია, რატომ მოხდა სროლა გემზე, რომელსაც, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანახმად, პალესტინელთათვის დასახმარებლად ტვირთი მიჰქონდა და რომელზეც, ისრაელის თანახმად, მისმა ჯარისკაცებმა თავის დასაცავად სროლა ატეხეს, რადგან მათ აქტივისტები რკინის ჯოხებით დახვდნენ. ჰუმანიტარული ფლოტილია ღაზაში მიემართებოდა პრაქტიკულად ისრაელის მიერ დაწესებული საზღვაო ბლოკადის გასარღვევად. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა ამ უკვე ოთხი წელიწადია მოქმედი ბლოკადის შერბილების აუცილებლობაზეც ილაპარაკა და წინადადება წამოაყენა, ევროკავშირმა გააკონტროლოს ღაზისკენ მიმავალი გემები. ევროკავშირი ადრეც გამოვიდა ბლოკადის გაუქმების წინადადებით, მაგრამ ისრაელი ამის წინააღმდეგია, რადგან მიაჩნია, რომ ამ გზით ჰამასი იარაღით მარაგდება. ჰამასს მხარს უჭერს ირანი, რომელიც დაიმუქრა, რომ სამხედრო გზით გაარღვევს ბლოკადას. ირანის ოფიციალურმა სააგენტო „მერმა“ გაავრცელა ცნობა, რომ „ირანის რევოლუციური გვარდია“ ღაზაში შესვლის მოსურნე გემებს სამხედრო ესკორტირებას გაუწევს. ამ ეტაპზე არაა ცნობილი, აპირებს თუ არა ეს გვარდია თან ახლდეს ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ მოხალისეთა ორ გემს, რომლებსაც ღაზაში გაგზავნას უპირებენ ამ კვირაში.
XS
SM
MD
LG