Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის მისია გალის მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიმ საგანგებო განცხადება გაავრცელა, რომელშიც შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონში ბოლო დროს მომხდარი ინციდენტების გამო და მხარეებს კომენტარებისგან თავის შეკავებას ურჩევს. "მდგომარეობა სწრაფად ცვალებადია და დეტალები კვლავ უცნობია. რადგან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას არ გააჩნია რეგიონში შესვლის შესაძლებლობა, არ შეუძლია ამ ინციდენტების ზუსტი არსის ან დინამიკის დადგენა. მაშინ როდესაც ადგილობრივი გამოძიება მიმდინარეობს, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ თავი შეიკავოს კომენტარებისგან, რომლებსაც შეუძლიათ კიდევ უფრო გაზარდონ დაძაბულობა რეგიონში. თავშეკავება არის საჭირო, რათა ზიანი არ მიადგეს ადგილობრივი მოსახლეობის ნდობას და საფრთხე არ დაემუქროს სტაბილურობას", - ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში. ევროკავშირის წარმომადგენლებს, ასევე, მიაჩნიათ, რომ არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად და თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს შეხვედრა ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

1 ივნისს სოფელ დიხაზურგაში აფხაზური საბაჟო სამსახურის თანამშრომელი, ხოლო 3 ივნისს სოფელ რეფის აფხაზური ადმინისტრაციის უფროსი დიმიტრი კაცია მოკლეს. ორივე დანაშაულის ორგანიზებაში სოხუმის რეჟიმი საქართველოს სპეცსმსახურებს ადანაშაულებს. ოფიციალური თბილისის ვერსიით კი, მვლელობების მიზეზი ქართული მოსახლეობიდან ამოღებული გადასახადების განაწილებისას მომხდარი უთანხმოებაა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილი მთავრობის ინფორმაციით, მკვლელობებს სოფელ დიხაზურგაში აფხაზური მილიციის სადამსჯელო ოპერაცია მოჰყვა, რომლის დროსაც გადაწვეს რამდენიმე სახლი და ფიზიკური შეურაცყოფა მიაყენეს რამდენიმე ახალგაზრდას. აფხაზური მხარე სადამსჯელო ოპერაციის ჩატარებას კატეგორიულად უარყოფს.
XS
SM
MD
LG