Accessibility links

ჩარტერული „ალავერდი“ ავიაკომპანია „სიბირისათვის“


”აირზენას” თვითმფრინავი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში

”აირზენას” თვითმფრინავი მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტში

ზაფხულის განმავლობაში რუსული ავიაკომპანია „სიბირი“ ავიარეისებს შეასრულებს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით. ამის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციამ უკვე მიიღო. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ჩარტერულ რეისებს რუსული და ქართული ავიაკომპანიები ერთგვარ პარიტეტულ საფუძველზე შეასრულებენ. საქართველოს მხარე ნაადრევს უწოდებს რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ახლო მომავალში შესაძლებელი იყოს ორ ქვეყანას შორის რეგულარული ავიარეისების განხორციელება.

1 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა განახლდება და მას სწორედ ის რუსული კომპანია განახორციელებს, რომელიც 2006 წლამდე დაფრინავდა საქართველოს მიმართულებით. გასული კვირის ბოლოს საქართველოს ერთიანმა სასტრანსპორტო ადმინისტრაციამ ავიაკომპანია „სიბირს“, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და თავად ავიაკომპანიის თხოვნის საფუძველზე, ჩარტერული რეისების უფლება მისცა. როგორც ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლევანა ჭიჭინაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ქართული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთგვარი შემხვედრი ნაბიჯია. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ჩარტერული რეისები თავდაპირველად - 24 მაისიდან მოყოლებული - ქართულმა ავიაკომპანია „აირზენა - საქართველოს ავიახაზებმა“ განახორციელა.

„ქართული კანონმდებლობის მიხედვით, ჩარტერული რეისების ხანგრძლივობა სამი თვეც შეიძლება იყოს, ამ მოთხოვნის საფუძველზე.“

ავიაკომპანია „აირზენა“ ჩარტერულ რეისებს უკვე ახორციელებს მოსკოვის მიმართულებით. მგზავრთა ზუსტ რაოდენობას ავიაკომპანიის წარმომადგენლები არ ასახელებენ, თუმცა, მათი ვარაუდით, მგზავრების რაოდენობა ზაფხულის არდადეგების პერიოდში კიდევ უფრო მოიმატებს. რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროდან მიღებული ნებართვის თანახმად კი, ქართულ კომპანიას ჩარტერული რეისების უფლება 1-ელ ივლისამდე აქვს, თუმცა კომპანია „აირზენას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი დარწმუნებულია, რომ „სიბირის“ გამოჩენა ხელს არ შეუშლის „აირზენას“, განახორციელოს თავისი საზაფხულო გეგმები:

„დღემდ ჩვენ შევასრულეთ 8 ჩარტერული რეისი და შევასრულებთ კიდევ რეისებს 9, 28, 30 ივნისს და 1-ელ ივლისს. ასევე არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ჩარტერული რეისების პროგრამა განვახორციელოთ ზაფხულის პერიოდში, მომდევნო თვეებშიც. ასევე არ ვფიქრობ, რომ რაიმე წინააღმდეგობა შეიქმნება საიმისოდ, რომ დაგვერღვას ჩვენი ჩარტერული პროგრამა ივლისის და აგვისტოს თვეში.“

თავის დროზე, ჯერ კიდევ მაისში, ითქვა, რომ რუსეთის მხარემ ჩარტერული საავიაციო რეისების განხორციელების გადაწყვეტილება პარიტეტული პრინციპის საფუძველზე მიიღო. ჩარტერულ ფრენებში პარიტეტი შესაძლოა ნიშნავდეს, რომ ქართულმა და რუსულმა ავიაკომპანიებმა თანაბარი რაოდენობის ფრენები უნდა განახორციელონ. თუმცა ეს შესაძლებელია არითმეტიკული სიზუსტით ერთმანეთს არ დაემთხვას, რადგან რუსულმა „სიბირმა“ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ავიარეისების უფლება მოიპოვა სექტემბრის ჩათვლით, მაშინ როცა „აირზენასათვის“ ჩარტერული ლიცენზია უფრო მოკლევადიანი იყო - 24 მაისიდან პირველ ივლისამდე. თუმცა ეკონომიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა ქართულ ავიაკომპანიას ნება დართოს გააგრძელოს ჩარტერული ფრენები 1 ივლისის შემდეგაც და ამით შეეცადოს მოიგოს ქართული მხარის გული:

„ამ ყველაფერს აქვს პოლიტიკური კონტექსტი, ცოტა უფრო სხვა სახით - რუსეთი ცდილობს აჩვენოს საქართველოს მოქალაქეებს ხიბლი და სიკეთეები, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები, თუ მოგვარდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები.“

სხვათა შორის, რუსულ მედიაში უკვე გაჩნდა ვარაუდები, რომ ჩარტერული რეისების გახანგრძლივება შესაძლოა დასრულდეს იმით, რომ, გადაულახავი პოლიტიკური პრობლემების მიუხედავად, ფაქტობრივად ომის პირობებში მყოფმა რუსეთმა და საქართველომ გარკვეული პერიოდის შემდეგ რეგულარული რეისებიც კი აღადგინონ. რუსეთსა და საქართველოს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა 2006 წელს - ე.წ. ჯაშუშთა სკანდალის შემდეგ - შეწყდა. თუმცა რეგულარული რეისების შესაძლო აღდგენის შესახებ ინფორმაციას უარყოფს სატრანსპორტო ადმინისტრაციაც და საგარეო საქმეთა სამინისტროც.

„რეგულარული რეისების განხორციელებას სჭირდება დიპლომატიური მოლაპარაკებები და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები, რაც ამჟამად გაწყვეტილია“, - განაცხადა ცოტა ხნის წინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ.

საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ავიკომპანია „სიბირი“ ჩარტერულ რეისებს მხოლოდ სექტემბრის ბოლომდე განახორციელებს. შემდგომი ჩარტერული ავიარეისების შესახებ გადაწყვეტილებას რუსეთისა და საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაციები კონკრეტული ავიაკომპანიების მოთხოვნის საფუძველზე მიიღებენ.
XS
SM
MD
LG