Accessibility links

რუსეთში ბრალდება წაუყენეს ოთხ ჯარისკაცს პოლონური თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან საკრედიტო ბარათების მოპარვის გამო


რუსეთში პროკურატურის განცხადებით, ოთხ ჯარისკაცს წაუყენეს ბრალდება სმოლენსკის მახლობლად პოლონური თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან საკრედიტო ბარათების მოპარვის გამო. საქმე ეხება პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავს, რომელმაც რუსეთში აპრილში განიცადა ავარია. გამოძიების ფედერალური კომიტეტის განცხადებით, ჯარისკაცები მსახურობდნენ სმოლენსკის აეროპორტზე, ავიაკატასტროფის ადგილთან ახლოს. ავიაკატასტროფამ პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და თვითმფრინავში მყოფი დანარჩენი 95-ვე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. პოლონეთში ორშაბათს გაკეთდა განცხადება, რომ ერთ-ერთი დაღუპულის საბანკო ანგარიშიდან 1700 ევრო იქნა გამოტანილი. რუსეთი თავდაპირველად უარყოფდა ამ ცნობას. დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივანმა ალექსეი კუზნეცოვმა განაცხადა, რომ სამინისტრო ბოდიშს მოიხდის და მოპარულ ფულს დააბრუნებს მას შემდეგ, რაც სასამართლოში დადასტურდება ჯარისკაცების ბრალეულობა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, რუს ჯარისკაცებს ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
XS
SM
MD
LG