Accessibility links

logo-print
UGT (იუ-ჯი-ტი) არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო ბიზნესის წარმოება. 13 წლიანი ისტორიის მანძილზე UGT-მ საქართველოში მსხვილ პროექტებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება დააგროვა. მისი მონაწილეობით განხორციელდა ბევრი რთული და მასშტაბური პროექტი მსხვილ კომერციულ კომპანიებსა და სამთავრობო სტრუქტურებში. UGT-ში აცხადებენ, რომ კომპანია აპირებს ბიზნესის წარმართვას და განვითარებას ამერიკის ბაზარზე როგორც სამთავრობო, ასევე კერძო სექტორში.

„UGT გთავაზობთ საინფორმაციო და საკომუნიკაციო პროდუქტთა ფართო სპექტრს...“ - ქართველ მომხმარებელზე გათვლილი ეს სარეკლამო ტექსტი კომპანია UGT -ს ვებსაიტიდანაა აღებული. სულ მალე კომპანიის მესვეურებს ტექსტის ინგლისურად თარგმნა და ამერიკის ბაზრისათვის მორგება მოუწევთ, რადგანაც, UGT-ს პრეზიდენტისა და გენერალური დირექტორის გიორგი ჭირაქაძის თქმით, სულ ახლახან ტეხასის შტატში, ქალაქ დალასში, ბიზნესის წარმოება დაიწყო დამოუკიდებელმა კომპანია UGT LLC-მ.

„ესაა მართლა უნიკალური შემთხვევა, იმიტომ, რომ არც ერთ ქართულ კომპანიას არ ჰქონია იდეა ამერიკის ბაზარზე შესვლისა. ეს იგივეა, მაგალითად, თი-ბი-სი ბანკმა რომ გახსნას ბანკი რომელიმე შტატში. UGT თავისივე ბრენდით იწყებს ბიზნესს ამერიკაში“, განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ. მისი თქმით, ლაპარაკი არაა ფილიალის ან წარმომადგენლობის გახსნაზე. UGT-ში იმედოვნებენ, რომ გაუძლებენ ამერიკის ბაზრისათვის დამახასიათებელ მძაფრ კონკურენციას, რაშიც, UGT LLC-ს აღმასრულებელი დირექტორის ვაუტერ მეტსის თქმით, კომპანიას მაღალი ტექნოლოგიების გიგანტებთან წარმატებული თანამშრომლობა გამოადგება:

„მაგალითის სახით გვინდა შეგახსენოთ პროექტი, რომელიც UGT-მ განახორციელა Microfost-თან ერთად და შექმნა ოპერაციულ სისტემა Windows-ის ქართული ვერსია. ესაა თანამშრომლობის კარგი მაგალითი და, იმედია, თანამშრომლობა უფრო შორს წავა“. ვაუტერ მეტსის თქმით, საქართველოში არსებობს ინტელექტუალური რესურსი, რომლის გამოყენებაც ამერიკის ბევრი სამთავრობო თუ კომერციული კომპანიისათვის შეიძლება აღმოჩნდეს ღირებული და საინტერესო. UGT-ს ღირსებებზე ლაპარაკობს საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ისაკაძე:

„UGT ყოველთვის იყო თანმიმდევრული, ჰქონდა აბსოლუტურად ზომიერი ამბიციები და აგრესიულობაც, იმავდროულად. და, რაც მთავარია, მათ აქვთ პროფესიონალიზმი, რომელიც ამ ვიწრო სპეციალიზაციას ძალიან სჭირდება.“

ამასთან, ამერიკის ბაზარზე შესვლით კომპანია შექმნის შესაძლებლობას ამერიკულ პროექტებში დასაქმდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების ქართველი სპეციალისტები. „ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული IT კომპანიის არსებობა რეალურ საფუძველს ქმნის იმისათვის, რომ საქართველოში შემოვიდეს ამერიკის ბაზარზე მიღებული გამოცდილება და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დამყარებული სერვისები“, ამბობს UGT-ს პრეზიდენტი გიორგი ჭირაქაძე, რომლის თქმითაც, კომპანია უკვე მუშაობს რამდენიმე მსხვილ პროექტზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა, ბიზნესის წარმოების დაწყების გარდა, UGT კიდევ ერთი ნოვაციით გამოდის:

„ჩვენ ვქმნით საინვესტიციო ფონდს. საქართველოში ბევრ ახალგაზრდას აქვს საინტერესო იდეები ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი ფონდი მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ ეს იდეები განხორციელდეს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე.“
XS
SM
MD
LG