Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს თავმჯდომარე სამხრეთ კავკასიაში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის გააქტიურებას ემხრობა


ეუთოს თავმჯდომარე ყაზახეთმა ჟენევის დისკუსიის დღევანდელი რაუნდის მონაწილეებს მიუწოდა, განახლდეს შეხვედრები ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური პრობლემების განსახილველად. ამის შესახებ ნათქვამია დღეს გამოქვეყნებულ საგანგებო პრესრელიზში. მასში ეუთოს თავმჯდომარის საგანგებო წარომამდგენელი, ელჩი ბოლატ ნურგალიევი აღნიშნავს,რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი კონკრეტული პრობლემების მოსაგვარებლად შეიქმნა და რეგულარული შეხვედრები აუცილებელია, რადგან „საჭიროა ინციდენტების სრულად გამოძიება და მათზე სათანადო რეაგირებაზე შეთანხმება“. ნურგალიევმა და ჟენევის დისკუსიების კიდევ ორმა თანათავმჯდომარემ, გაეროს წარმომადგენელმა ანტი ტურუნენმა და ევროკავშირის ელჩმა პიერ მორელმა დისკუსიის დანარჩენ მონაწილეებთან ერთად იმსჯელეს ვითარებაზე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. განხილულ იქნა, მაგალითად, უგზო-უკვლოდ დაკარგულ და დაკავებულ პირთა პრობლემა. თანათავმჯდომარეები გამოვიდნენ ინციდენტების ადგილებზე ერთობლივი ვიზიტებისაკენ მოწოდებით და ყურადღება გაამახვილეს 2009 წლის თებერვალში ამოქმედებული ცხელი ხაზით სარგებლობის საჭიროებაზე, განსაკუთრებით დაძაბულობის გამწვავების დროს. დისკუსიის მონაწილეები ორ ჯგუფად იყვნენ განაწილებული. საუბარი შეეხო რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის პრობლემებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჟენევის დისკუსიის მორიგი, მე-12 რაუნდი 27 ივლისს გაიმართება, რასაც წინ უნდა უძღოდეს თანათავმჯდომარეების ვიზიტი რეგიონში.
XS
SM
MD
LG