Accessibility links

logo-print

იქნება სანქციები - არ იქნება მოლაპარაკებები


ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი

ირანის პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ თუ გაეროს უშიშროების საბჭო მის ქვეყანას ახალ სანქციებს დაუწესებს, თეირანი არ მიიღებს მონაწილეობას მოლაპარაკებებში თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ. ამასთან, აჰმადინეჟადი ამბობს, რომ ბირთვული საწვავის შესახებ გასულ თვეში ბრაზილიისა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება იყო შანსი, რომელიც აღარ გამეორდება. სანქციების შესახებ რეზოლუცია კენჭისყრაზე დასაყენებლად მზად არის.

პრზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი აცხადებს, რომ თუ გაერო მას ახალ სანქციებს დაუწესებს, თეირანი უარს იტყვის თავისი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე.

ირანის ლიდერი ამ განცხადებით სამშაბათს სტამბულში გამოვიდა, სადაც მონაწილეობას იღებს აზიაში თანამშრომლობის განვითარების სამიტში. მაგრამ, მისი ამ განცხადებების მიუხედავად, როგორც ჩანს, გაეროს უშიშროების საბჭოში ირანისთვის სანქციების დაწესებაზე კენჭისყრის გამართვა გარდაუვალია.

„ნათქვამი მაქვს, რომ აშშ და მისი მოკავშირეები ძალიან ცდებიან, თუკი ფიქრობენ, რომ რეზოლუციებით შეიძლება დაგვემუქრონ და შემდეგ ჩვენთან ერთად მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ. ასეთი რამ არ მოხდება. ჩვენ ყველას დაველაპარაკებით, თუკი პატივისცემით და სამართლიანად მოგვეპყრობიან, მაგრამ თუკი ვინმეს ჩვენთან საუბარი უხეში და ქედმაღალი ტონით სურს, პასუხი უკვე ცნობილია.“

აჰმადინეჟადმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდა არ თქვას უარი გასულ თვეში თურქეთისა და ბრაზილიის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაზე, რომელიც ბირთვული საწვავის გაცვლას ითვალისწინებს, და დასძინა, ასეთი შანსი აღარ გამეორდებაო.

დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა უარყვეს ეს გეგმა, რომლის თანახმადაც ირანის დაბალგამდიდრებული ურანის უდიდესი ნაწილი - 1,200 კილოგრამი - თურქეთში უნდა გაეგზავნათ 120 კილოგრამი ბირთვული საწვავის სანაცვლოდ, რომელსაც სამედიცინო კვლევით რეაქტორს მოახმარდნენ. შეერთებული შტატების განცხადებით, შეთანხმება არ პასუხობს არსებულ შეშფოთებას, რომ ირანი ბირთვული იარაღის გამომუშავებას ცდილობს, ვინაიდან ირანი გააგრძელებდა ურანის უფრო მაღალ დონეზე გამდიდრებას.

დასავლეთი შიშობს, რომ ირანს მაღალ დონეზე გამდიდრებული ურანი ატომური ბომბის შესაქმნელად სჭირდება. თეირანი ამ ბრალდებას უარყოფს.

აჰმადინეჟადის განცხადებით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, ირანთან მიმართებით გატარებულ პოლიტიკას არ შეცვლის, მას მარცხი ემუქრება.

ამასთან, ირანის პრეზიდენტმა რუსეთსაც მიმართა - „გაფრთხილდით, ირანელი ხალხის მტრების გვერდით არ აღმოჩნდეთო“.

სტამბულში მიმდინარე სამიტში რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინიც მონაწილეობს. მისი თქმით, უშიშროების საბჭოს რეზოლუცია „პრაქტიკულად შეთანხმებულია“, მაგრამ სანქციები ზღვარგადასულად მკაცრი არ უნდა იყოს:

„ჩვენ ვთვლით, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ზღვარგადასული არ უნდა იყოს და ირანი, ირანის მთავრობა და, მით უფრო, ირანელი ხალხი არ უნდა ჩააყენოს ისეთ არამართებულ მდგომარეობაში, რომელიც მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის განვითარებას შეუქმნიდა წინაღობებს. “

ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭო ირანისთვის სანქციების მეოთხე რაუნდის დაწესების თაობაზე დახურული კონსულტაციების გამართვისთვის ემზადება.

საბოლოო ვერსია აფართოებს იარაღზე დაწესებულ ემბარგოს, ამკაცრებს ფინანსურ შეზღუდვებს და გადაზიდვების შემოწმებებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რეზოლუციას კენჭი შეიძლება უკვე ოთხშაბათს უყარონ.

დასავლელი დიპლომატების ვარაუდით, რეზოლუცია დამტკიცდება და მას ხუთივე ვეტოს უფლების მფლობელი წევრი დაუჭერს მხარს - ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და შეერთებული შტატები.

საბჭოს რამდენიმე მუდმივმა წევრმა, რომლებსაც ვეტოს უფლება არა აქვთ, შეიძლება თავი შეიკავონ ან რეზოლუციის წინააღმდეგ მისცენ ხმა, მათ შორის, თურქეთმა და ბრაზილიამ, რომლებიც აცხადებენ, რომ ახალი სანქციები კონტრპროდუქტიული იქნება.

პარალელურად, გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი იუკია ამანო აცხადებს, რომ ირანი მის უწყებასთან სათანადოდ არ თანამშრომლობს იმის დასადასტურებლად, რომ მისი ბირთვული მასალები მშვიდობიან მიზნებს ხმარდება.

ორშაბათს გაკეთებულ განცხადებაში ამანო ირანს „განსაკუთრებულ შემთხვევას“ უწოდებს იმ ეჭვების გამო, რომ ის შესაძლოა ბირთვულ იარაღზე მუშაობდეს.

გაეროს ატომური ენერგეტიკის სააგენტოს ცნობით, ირანს, სულ მცირე, 5.7 კილოგრამი მაღალგამდიდრებული ურანი აქვს გამომუშავებული. სააგენტო დასძენს, რომ ბირთვულ სფეროში ირანის ქმედებებით ის კვლავ შეშფოთებული რჩება.
XS
SM
MD
LG