Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირ-რუსეთის დაახლოება გაგრძელდება


ევროკავშირისა და რუსეთის სამიტი
ევროკავშირისა და რუსეთის სამიტი
ბრიუსელში მომუშავე დიპლომატები, მართალია, გარკვეული სიფრთხილით, მაგრამ მაინც აცხადებენ, რომ გასული კვირის ევროკავშირისა და რუსეთის სამიტი შეიძლება მოსკოვსა და ბრიუსელს შორის უფრო პოზიტიური ურთიერთობის დამყარების დასაბამი გახდეს.

ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა სამიტს „წარმატებული“ უწოდეს - მათი თქმით, დონის როსტოვში გამართულ ამ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევს უწინდელ შეხვედრებთან შედარებით ყველაზე უფრო კონსტრუქციულად ეჭირა თავი.

სამიტის შემდეგ რამდენიმე დღეში - გასული კვირის ბოლოს - მედვედევსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის შეხვედრა გაიმართა გერმანიის ქალაქ მესებერგში. სწორედ იმ შეხვედრის ნაყოფი განიხილეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა სამშაბათს. საქმე ეხება უსაფრთხოების პოლიტიკის ერთობლივ ინიციატივას, რომელიც, მხარდამჭერების თქმით, ბრიუსელსა და მოსკოვს შორის საგარეო პოლიტიკის საკითხებზე თანამშრომლობას გაააქტიურებს.

ამ ამბებს ევროკავშირის დედაქალაქში დადებითად აღიქვამენ - როგორც ნიშანს, რომ რუსეთი, რომელიც წლების მანძილზე უგულებელყოფდა კავშირების გაუმჯობესებაზე მიმართულ ევროკავშირის ინიციატივებს, ახლა ცვლის ტაქტიკას, თუმცა მასთან ერთად შეიძლება მოთხოვნებსაც.

დონის როსტოვის სამიტზე მედვედევმა ევროკავშირი საკმაოდ გააკვირვა იმის აღნიშვნით, რომ პროგრესის მიღწევა შესაძლებელია ტრადიციულად დაძაბულ სფეროებში - იქნება ეს ვაჭრობის, ენერგეტიკის თუ უფრო ზოგადი რეფორმების საკითხები.

შემდეგ მედვედევმა მერკელთან შეხვედრა იმისთვის გამოიყენა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ეთხოვა ევროპის უსაფრთხოების რეფორმის თავისი პროექტისთვის. რუსეთის პრეზიდენტის ამ ინიციატივას ევროკავშირი თავს არიდებს, რადგან მას ნატოს წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად აღიქვამს.

მაგრამ მესებერგის შეხვედრაზე მედვედევმა ევროკავშირის მდგომარეობის უფრო ნიუანსირებული აღქმა გამოავლინა - განაცხადა, რომ ამ პროექტის გატანას უკვე არსებულ ევროკავშირის სტრუქტურებში შეეცდება და ევროკავშირის პრიორიტეტებს გაითვალისწინებს.

ამის შედეგად მიღებულ მედვედევ-მერკელის მემორანდუმში საუბარია ევროკავშირ-რუსეთის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის შექმნაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი კეთრინ ეშტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. ჯერჯერობით ევროკავშირ-რუსეთს შორის უსაფრთხოების პოლიტიკაზე დიალოგი ელჩების დონეზე მიმდინარეობს.

მემორანდუმის თანახმად, ევროკავშირსა და რუსეთს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობა კრიზისის რეგულირების საკითხში „ერთობლივი წვლილის“ შეტანას მოიტანს. კერძოდ, ყურადღება მახვილდება მოლდავეთის სეპარატისტულ დნესტრისპირეთის რეგიონზე, რაც ევროკავშირისთვის უკვე დიდი ხანია გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს.

ის, რომ ინიციატივაში ევროკავშირის გავლენიანი წევრი - გერმანია - მონაწილეობს, ფაქტობრივად, მისი წარმატების საწინდარია. მაგრამ მოსკოვს მაინც მოუწევს ევროკავშირის ზოგიერთი წევრის დარწმუნება, რომ მის ნამდვილ მიზანს ნატოს დასუსტება არ წარმოადგენს. მედვედევს ეს კარგად ესმის - დონის როსტოვის სამიტზე მან აღნიშნა, ჩემი ინიციატივა ევროპაში ნატოს პოზიციების დასუსტებისკენ არ არის მიმართულიო. ევროკავშირის დიპლომატების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, ამ სფეროში კორფუს დანატოვარს უნდა გავცდეთო - მას მხედველობაში ჰქონდა საბერძნეთის ამ კუნძულზე 2009 წლის ივნისში ეუთოს ეგიდით გამართული დისკუსია. ამისათვის კი, მედვედევის თქმით, პირდაპირი კონტაქტები უნდა დამყარდეს რუსეთს, ევროკავშირსა და შეერთებულ შტატებს შორის.

ამ ინიციატივას, სავარაუდოდ, უარყოფითად შეხვდებიან ევროკავშირის აღმოსავლელი წევრები, რომელთაგან ბევრი შიშობს, რომ მოსკოვს ამ დისკუსიებიდან საქართველოსა და უკრაინის გამოთიშვა სურს.

იმის კიდევ ერთი ნიშანი, რომ ტაქტიკის შეცვლა ყოველთვის არ მოასწავებს მიზნების ცვლილებას, საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის ნაბიჯებია. ევროკავშირის დიპლომატების თქმით, დონის როსტოვის სამიტზე მან საკმაოდ აგრესიული ტონით ისაუბრა საქართველოს, კოსოვოსა და დნესტრისპირეთის საკითხების ირგვლივ.

როგორც იუწყებიან, ლავროვმა რუმინეთს ბრალი დასდო რომ ის უარს ამბობს მოლდავეთთან სასაზღვრო ხელშეკრულების გაფორმებაზე და ქვეყნის ანექსირება სურს, დნესტრისპირეთთან ერთად. საქართველოსთან მიმართებით მას უთქვამს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ შვეიცარიელი დიპლომატის, ჰაიდი ტალიავინის კომისიის მიერ შედგენილმა ანგარიშმა რუსეთი მთლიანად გაამართლაო. ლავროვმა თბილისს ხელახალ მილიტარიზაციაში დასდო ბრალი, კოსოვოს კი ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი გამოყოფის პრეცედენტი უწოდა.

თუმცა ევროკავშირისთვის უფრო საგულისხმო ის არის, რომ მოსკოვმა გადაწყვიტა დასავლეთს მხარი დაუჭიროს ირანისა და მისი ბირთვული პროგრამის საკითხთან დაკავშირებით - ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც ასე ჩანს.

ბრიუსელის ოფიციალური პირები მედვედევის მიერ დონის როსტოვის სამიტზე გამოთქმულ სხვა კონსტრუქციულ ჟესტებზეც საუბრობენ. მაგალითად, იქ რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მზად არის რუსეთი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში ყაზახეთისა და ბელორუსიის გარეშე შეიყვანოს - ამ ქვეყნებთან რუსეთს საბაჟო ერთობა აქვს. ამასთან, მედვედევის თქმით, რუსეთი შესაძლოა ევროკავშირის ენერგეტიკის ქარტიის ჩარჩოსაც დაუბრუნდეს, თუ დოკუმენტი შეიცვლება და მწარმოებელი, სატრანზიტო და მიმღები ქვეყნების უფლებებს თანაბრად გაითვალისწინებს. ევროკავშირის წარმომადგენლების თქმით, ეს გარღვევის ტოლფასი იქნება. მედვედევმა ქვეყნის მოდერნიზების შესახებ ევროკავშირის წინადადებების გათვალისწინების მზაობაც გამოავლინა.

საყურადღებოა, რომ რუსეთის მხარემ მოზომილი პასუხი გასცა ევროკავშირის მიერ რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემის წამოჭრას. ამას მოსკოვი ხშირად ბალტიისპირეთის მაგალითით უპასუხებს ხოლმე - ამბობს, რომ ეს ქვეყნები თავიანთი რუსულენოვანი უმცირესობების უფლებებს ზღუდავენ. ამჯერად კი მოსკოვმა გაჩუმება არჩია.
XS
SM
MD
LG