Accessibility links

გუშინ თბილისში მომხდარმა რამდენიმე მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევამ კვლავაც გააცოცხლა დისკუსია ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის გაუქმების მცდარობის შესახებ.

2004 წლიდან ავტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა მსუბუქ ავტომობილებზე აღარ ვრცელდება და ეს იმ ფონზე, როდესაც, შსს-ს ინფორმაციით, 2009 წელს საქართველოში 2 500-მდე ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, აქედან - 500-მდე მძიმე და გარდაიცვალა 460 ადამიანი.

სტატისტიკით, საქართველოს მოქმედი ავტოპარკიდან დღეს მხოლოდ 25 000 მანქანაა დაზღვეული, 400 000-ზე მეტი ავტომობილი კი პასუხისმგებლობის დაზღვევის გარეშე მოძრაობს, რაც ნიშნავს, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულთა დიდი ნაწილი ფინანსურად დაუცველი რჩება და ძნელად ან საერთოდ ვერ იღებს ზარალის კომპენსაციას.

2004 წლამდე ავტოტრანსპორტის მფლობელთა სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მიბმული იყო ავტომობილის ტექნიკურ დათვალიერებასთან. ტექდათვალიერების გაუქმების შემდეგ კი ქვეყანაში უამრავი გაუმართავი ავტომობილი დადის, რაც საცობების და გარემოს დაბინძურების გარდა, ავტოსატრანსპორტო შემთხვევების რისკებს ზრდის, რაც უკვე სტატისტიკურად დადასტურებულია. ასე რომ, ავტოტრანსპორტის მფლობელთა სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა ის თემაა, რომელიც მალე ალბათ კვლავ დადგება დღის წესრიგში.

რაკი დაზღვევაზე ვლაპარაკობთ, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ახალი პროდუქტიც, რომლის დანერგვაც სადაზღვევო კომპანიებმა უკვე დაიწყეს.

სადაზღვევეო კომპანია “ალდაგი ბისიაიმ” ბაზარზე ახალი პროდუქტი "ოპტიმალი" გამოიტანა, რომელიც 60 წელს გადაცილებული ადამიანების ჯანმრთელობის დაზღვევას ითვალისწინებს. ეს ნამდვილად თვისებრივად ახალი პროდუქტია, რომელიც აქამდე ბაზარზე არ არსებობდა - სადაზღვევო კომპანიები საპენსიო ასაკის ადამიანების დაზღვევას, როგორც წესი, ერიდებოდნენ ხოლმე. ახლა კი ეს სერვისი ბაზარზე ერთდროულად ორმა მსხვილმა მოთამაშემ - “ჯიპიაი ჰოლდინგმა” და “ალდაგი ბისიაიმ” შემოიტანა, რაც ნიშნავს, რომ სადაზრვევო კომპანები ამ მიზნობრივ ჯგუფთან აქტიურ მუშაობს იწყებენ.
XS
SM
MD
LG