Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გალში სამხედრო პირები მომრავლდნენ


ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლის მიზნით რუსმა მესაზღვრეებმა სათვალთვალო კოშკის მშენებლობა დაიწყეს
ადმინისტრაციული საზღვრის კონტროლის მიზნით რუსმა მესაზღვრეებმა სათვალთვალო კოშკის მშენებლობა დაიწყეს
გალის რაიონში შექმნილი ვითარების გამო აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა დღეს სამართალდამცავი სტრუქტურების ხელმძღვანელები დაიბარა. სოხუმში გამართულ თათბირზე სერგეი ბაღაფშმა სიტუაციის გამწვავების გამო კვლავ ქართული მხარე დაადანაშაულა.

”ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ თბილისი, რომ გალის რაიონში ქართული სპეცსამსახურების მიერ ჩადენილი ტერაქტები დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევდა”, - განაცხადა ბაღაფშმა.

სააგენტო აფსნიპრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დე ფაქტო პრეზიდენტმა სამართალდამცავები გააფრთხილა, რომ გალის რაიონში უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველსაყოფად მუშაობის გააქტიურებაა საჭირო.

ბაღაფშის თქმით, გალის რაიონს როგორც ადგილობრივი, ასევე სოხუმის ხელისუფლების დიდი ყურადღება სჭირდება და იქ ინფრასტრუქტურის აღდგენაა აუცილებელი.

“გალის რაიონი აფხაზეთის ტერიტორიაა, სადაც ჩვენი მოქალაქეები ცხოვრობენ და ვალდებულნი ვართ მათ ცხოვრების ნორმალური პირობები შევუქმნათ და მათი უსაფრთხოება დავიცვათ”, - განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

მსგავსი შინაარსის განცხადება ბაღაფშმა გასული კვირის ბოლოსაც გააკეთა. მიუხედავდ ამისა, ბოლო ორი დღის განმავლობაში სამეგრელოსთან მოსაზღვრე ოკუპირებულ სოფლებში ვითარება კვლავ რთულია და რამდენიმე სოფელში რუსი სამხედროების დამატებითი ცოცხალი ძალა შევიდა. მათ შორის სოფელ საბერიოში, რომელიც წალენჯიხის რაიონს ესაზღვრება.

რადიო თავისუფლების საბერიოელი რესპოდენტის ცნობით, რომელმაც უსაფრთხოების მოტივით ხმის შეცვლა ითხოვა, ერთ-ერთ ბლოკ-საგუშაგოზე, სადაც აქამდე მხოლოდ ხუთი რუსი მესაზღვრე იმყოფებოდა, ამდენივე სამხედრო გუშინ, დიხაზურგაში ქართველების სახლების გადაწვისა და დაძაბული ვითარების გამო დაემატა. ე.წ. საზღვრის მკაცრად გაკონტროლების გარდა რუსმა მესაზღვრეებმა სათვალთვალო კოშკის მშენებლობაც დაიწყეს.

”ამ კოშკის საშუალებით მესაზღვრეები ნახავენ თუ ვინ გადავა სამეგრელოში შემოვლითი გზით”, - ამბობს საბერიოს მკვიდრი.

საბერიოსგან განსხვავებული ვითარებაა ოკუპირებულ გაგიდაში, რომელიც უშუალოდ არ ესაზღვრება ადმინისტრაციულ საზღვარს. გაგიდელი მამაკაცი ფიქრობს, რომ სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა ის, რომ სოფელში რუსი სამხედროები არ იმყოფებიან. რესპოდენტის ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა ზღვის სანაპირო ზოლზე დასასვენებელი კორპუსების მშენებლობაც შეწყვიტეს. ”ჩვენთან აფხაზები არიან,რუსები იშვიათად თუ გამოივლიან”, - ამბობს იგი.

გაგიდისგან განსხვავებით, ოტობაიაში მყოფი რუსი სამხედროები ინტენსიურად განაგრძობენ სამხედრო ქალაქის მშენებლობას, რომელიც რადიო თავისუფლების ინფორმაციით, შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. ოტობაიელი რესპოდენტის ცნობით, რომელმაც ჩაწერაზე უარი გვითხრა, თქვა, რომ ბოლო ორი დღეა, რაც სოფლებში რუსი სამხედროების გადაადგილება გახშირდა.

სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში ჯერჯერობით არ ფლობენ ინფორმაციას გალის რაიონის დაბალი ზონის სოფლებში დამატებითი სამხედრო ძალების შეყვანის თაობაზე.
XS
SM
MD
LG