Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიცელები სარწყავი წყლის გარეშე დარჩნენ


სოფელი დიცი
სოფელი დიცი
გორის რაიონის სოფელ დიცის მაცხოვრებლები: გიორგი მინდორაშვილი, ზურაბ მაისურაძე და არსენ მძინარაშვილი მოსაზღვრე სოფელში სარწყავი წყლის გამოსაშვებად გადავიდნენ, რა დროსაც შეიარაღებულმა პირებმა დააკავეს და ოსური სოფლის დმენისის მილიციაში წაიყვანეს დასაკითხად. ორსაათიანი დაკითხვის შემდეგ ისინი გააფრთხილეს, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე აღარ გადასულიყვნენ და სოფელში დააბრუნეს. გათავისუფლებულების თქმით, მათზე ფიზიკური ზემოქმედება არ ყოფილა.

სოფელი დიცი პატარა ლიახვის ხეობის სოფელ ერედვს ესაზღვრება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოსური და რუსული შეიარაღებული ძალების მიერ არის ოკუპირებული. ეგრეთწოდებულ რუს მესაზღვრეებს საგუშაგო დიცის გასასვლელში აქვთ მოწყობილი. ომის შემდეგ სოფლის სარწყავი წყლის ნაგებობაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა, ამიტომ დიცელები ხშირად რისკის ფასად იქით წყლის გამოსაშვებად გადადიან. ამიტომ მათი დაკავების შემთხვევები ხშირია.

ჟენევის დისკუსიის მე-11 რაუნდზე ოსური მხარე ქართული მხარისგან ახალგორისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართული სოფლებისთვის სასმელი და სარწყავი წყლის გადაკეტვით იმუქრებოდა. დიცელების თქმით, ოსურ მხარეს დიდი ხანია წყალი ისედაც გადაკეტილი აქვს და მოსავალი გვალვის გამო ხმება. მათი თქმით, ალტერნატიული წყალსადენი ჯერ ვერც საქართველოს ხელისუფლებამ გაიყვანა.

სოფელი, ძირითადად, ხილის მოსავლის რეალიზაციაზეა დამოკიდებული. ხეხილს კი მორწყვა ახლა სჭირდება, რომ შემოდგომით მოსავალი მოვიდეს. საქართველოს ხელისუფლებამ მდინარე ლიახვზე, სოფელ ნიქოზთან ახალი სარწყავი სისტემა ააგო, მაგრამ იქიდან წყლის გადაყვანა მდინარის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებში ჯერჯერობით ვერ ხერხდება. გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავით ხმიადაშვილის თქმით, სარწყავი წყლის პრობლემა საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით მალე მოგვარდება.

ადგილობრივი ხელისუფლება სარწყავი წყლის პრობლემის მოგვარებას ტუმბოების მეშვეობით აპირებს, თუმცა ჯერ არავინ საუბრობს იმაზე, ვინ გადაიხდის ელექტროენერგიის გადასახადს. გლეხებს მოსავლის მოსაყვანად წლიდან-წლამდე ხარჯი ეზრდებათ. ზაფხულის სეზონზე მიწის ნაკვეთს ათჯერ მაინც უნდა მორწყვა, ამიტომ როგორც ხარჯი, ისე ხილის ფასი წელს კიდევ უფრო გაიზრდება.
XS
SM
MD
LG