Accessibility links

სახელმწიფო უწყებებში აქამდე არსებული გენერალური ინსპექციები შიდა აუდიტის სამსახურებად გარდაიქმნებიან. ამ ცვლილების შესახებ ინფორმაცია ”სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის” პრეზენტაციაზე გაკეთდა. ეს ცენტრი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება და სწორედ ის გააკონტროლებს შიდა აუდიტორების საქმიანობას.

”სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრი” 1 მაისს შეიქმნა. ამ ახალ უწყებას დაექვემდებარება შიდა აუდიტის სამსახურები, რომელიც სამინისტროებში არსებული გენერალური ინსპექციების ალტერნატივა იქნება. პრინციპული განსხვავება ამ ორ უწყებას შორის არის ის, რომ სადამსჯელო ფუნქცია გაუქმდა.

შიდა აუდიტის სამსახური ყველა სახელმწიფო უწყებაში გააკონტროლებს ბიუჯეტის ხარჯვას, მენეჯმენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათ ეფექტიანობას.

ახალი სამსახურის მნიშვნელობაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე ირაკლი სირაძე საუბრობს:

ირაკლი სირაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე
”მოხდება ოპერატიული მართვა და არა რაღაც პერიოდის შემდეგ შემოწმება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამსახურებითვის.“

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ აუდიტის საქმიანობაში დარღვევები აღმოჩნდება? ”სახელმწიფო შიდა კონტროლის ეროვნული ცენტრის” უფროსის მოდგილე თათია ელიაძე განმარტავს:

”დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში „სახელმწიფო შიდა აუდიტის ეროვნული ცენტრი“ არ განახორციელებს სახელმწიფო კონტროლს ამ შიდა აუდიტის საქმიანობაზე, მაგრამ განახორციელებს მათი საქმიანობის ხარისხის კონტროლს. თუ აღმოვაჩენთ, რომ შიდა აუდიტის მიერ დაწერილი დასკვნები არის სუბიექტური, მაშინ ჩვენი სამსახური მიმართავს სახელმწიფოს მთავრობის მეთაურს, რომ უზრუნველყოს მათი დამოუკიდებლობა მათთვის სამუშაო პროცესში.”

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ”შიდა ფინანსური კონტროლის განვითარება სახელმწიფო სექტორში” ჯგუფის ლიდერი ჯინა ვილოუ, რომელიც სამსახურის შექნის კონსულტანტი იყო, განმარტავს, რომ შიდა აუდიტის სამსახურები საზოგადოებას დაეხმარება უკეთ და გამჭვირვალედ დაინახოს ბიუჯეტის ხარჯვა. განსხვავებას გენერალურ ინსპექციასა და აუდიტს შორის ის სწორედ ამაში ხედავს:

”ეს განსხვავდება გენერალური ინსპექციისგან. ეს, უბრალოდ, ეხმარება სამინისტროებს, მუნიციპალიტეტებს ან სხვა ორგანიზაციებს და ასევე საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომ შექმნან საკუთარი შიდა აუდიტის დეპარტამენტები. სამუშაოები არაა დაფუძნებული დასჯასა და დისციპლინაზე, მთავარი ორგანიზაციის მიზნების განხორციელებაა. ისინი კი ამოწმებენ სისტემებს, მაგრამ მუშაობენ როგორც მრჩევლები. ეს არის განსხვავება გენერალური ინსპექციისაგან.”

სახელმწიფო უწყებებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებსა და იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელშიც სახელმწიფოს საკუთარი კაპიტალი აქვს, აუდიტის სამსახურების ჩამოყალიბება 26 ივლისამდე უნდა დასრულდეს. როგორც თათია ელიაძის განმარტებით, ეს სამსახური, ძირითადად, გენერალური ინსპექციის გადამზადებული თანამშრომლებით დაკომპლექტდება.

გენერალური ინსპექციის სახეცვლილი სამსახურის ეფექტიანობასა და მნიშვნელობაზე ექსპერტებს და ოპონენტებს თითქმის ერთნაირი აზრი აქვთ. ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ შესწავლის და რეაგირების ფუნქციის თავმოყრა ერთი უწყების კომპეტენციაში ნეგატიური მოვლენაა. ამ თვალსაზრისით, ცვლილება მისთვის მისაღებია:

გია ხუხაშვილი, ეკონომიკის ექსპერტი
”მისასალმებელია ასეთი ტრანსფორმაცია და სადამსჯელო ფუნქციის ამოღება მისი კომპეტენციიდან. რადგან ხშირად ეს ძალაუფლება პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტი ხდებოდა და ეს ხიფათის შემცველი იყო ხელისუფლებისთვისაც.”

ოპოზიციური ”ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის” ერთ-ერთ ლიდერს, ნიკოლოზ ლალიაშვილს, ცვლილება მოსწონს, მაგრამ ახალი სამსახურის ქმედითუნარიანობაში ეჭვი ეპარება:

”ჩნდება ახალი უწყება ფურცელზე შესანიშნავი დებულებების, მაგრამ მას არანაირი შანსი არ ექნება შეაღწიოს რომელიმე დაწესებულებაში, მიიღოს ინფორმაცია საიდანმე და მოახდინოს ამაზე რეაგირება, მით უმეტეს, ძალოვან და სხვა, ე.წ., ძლიერ სამინისტროებში.”

ახალი სამსახური აქტიური მუშაობის დაწყებას 11 ივნისიდან გეგმავს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG