Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარის ”ქართული იდეა”


სოზარ სუბარი (მარჯვნივ) და ლევან გაჩეჩილაძე
სოზარ სუბარი (მარჯვნივ) და ლევან გაჩეჩილაძე
სოზარ სუბარი ”ქართული იდეის” გარშემო საზოგადოების გაერთიანების ინიციატივით გამოდის. მისი წერილი, ამავე სათაურით - “ ქართული იდეა - თვითმყოფადობა, პროგრესი, უსაფრთხოება” - ცოტა ხნის წინ დაიბეჭდა ქართულ პრესაში და მას მალევე მოჰყვა ”დაიცავი საქართველოს” ლიდერის - ლევან გაჩეჩილაძის - გამოხმაურება. 9 ივნისს კი ქართულ, ეროვნულ იდეაზე სამსჯელოდ უკვე საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

“ქართული იდეის” მთავარი მიზანი - ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლაა. მთავარი კითხვები კი, რომელზე სასაუბროდაც სოზარ სუბარმა პოლიტიკოსები, მწერლები, ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, იურისტები - სხვადასხვა სფეროს ექსპერტები - მოიწვია, ასეთია: როგორი უნდა იყოს ჩვენი ქვეყანა,როგორ ვხედავთ საქართველოს ადგილს და ფუნქციას მსოფლიოში? რა გვესახება უახლოეს და სტრატეგიულ მიზნებად? თავად სუბარმა თქვა, რომ მის ამ წერილს არა აქვს პოლიტიკური პროგრამის პრეტენზია, თუმცა, ამავე დროს, ეს არის ერთგვარი მცდელობა პროვოკაციისა, რომ საზოგადოებამ დაიწყოს ამ საკითხებზე მსჯელობა.

იდეა ყველას მოეწონა, მაგრამ გაჩნდა კითხვები: რა იქნება შემდეგ, რა მოჰყვება შედეგად მსგავს შეხვედრებს? სად დაუშვა ქართულმა საზოგადოებამ შეცდომა, რის გამოც ერთიანობა ვერ მოხერხდა?

ლევან გაჩეჩილაძე, რომლმაც თქვა, რომ ამ იდეის განხორციელების თანამონაწილე იქნება, სამუშაო ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა: ”მინდა ვიყო თანამონაწილე ახალი ეროვნული მოძრაობის, რომლის მიზანიც იქნება ქართული სახელმწიფოს ხვალინდელი დღე და არა უსახელო სახელმწიფო ხვალ.”

ტელეკომპანია ”მაესტროს” ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა კი თქვა, რომ ხელისუფლების კრიტიკას იმ იდეის გარშემო გაერთიანება სჯობს, რომლის ირგვლივ გაერთიანებაც ხალხს მოუნდება: ”აქ არ არის საუბარი დროშების ქნევაზე, მიტინგებზე, ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე. მთავარია ვიპოვოთ ის სიმები, რომელიც ყველა ქართველის გულშია, ის ჟღერადობა, რომელიც მოგვცემს ერის განვითარების ელემენტებს.”

ორსაათიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყდა, რომ „ქართული იდეის“ განვითარებაზე სამუშაო ჯგუფი იზრუნებს, რომელშიც რვა ადამიანი შევა. მათგან ნაწილი საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაზე იზრუნებს, ნაწილსაც მეტწილად ექსპერტული სამუშაო ექნება. გარკვევით ითქვა ისიც, რომ ეს არ არის პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბების მცდელობა.

„ქართულ იდეაზე“ მომუშავე ჯგუფის წევრების ვინაობა ჯერჯერობით არ სახელდება, რადგან, როგორც, სოზარ სუბარი ამბობს, ჯგუფი ახლა ყალიბდება და მისი კარი ღიაა ყველა თანამოაზრისათვის.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG