Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


ზოგიერთი გაზეთი დღეს საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტს ეხმაურება. ”24 საათის” სათაურია - ”იზოლაციის მითის დასასრული”. გაზეთის კორესპონდენტი კომენტარისთვის პოლიტოლოგ ალექსანდრე რონდელს დაუკავშირდა. რონდელი ამბობს: ”საქართველო იზოლაციაში არ იყო, საფრანგეთში პრეზიდენტის ვიზიტი სწორედ ამის მაჩვენებელია. ჩვენთან ზედმეტი გადამლაშება იციან. პრეზიდენტი მალე ესპანეთში მიდის, მანამდე ამერიკაში იმყოფებოდა. ქალბატონი კლინტონიც აპირებს ჩამოსვლას. ახლა კი პრეზიდენტ სარკოზის შეხვდა. თუ ეს იზოლაციაა, გაუმარჯოს ასეთ იზოლაციას. ჩვენს პოლიტიკურ ე.წ. სპექტრს და მედიას პროვინციული უკიდურესობები სჩვევია, ლანძღვა-გინება, გეოპოლიტიკური ანეკდოტები და სხვა”, - ამბობს რონდელი, რომლის კომენტარებიც ”24 საათში” ქვეყნდება.

”რეზონანსიც” წერს მიხეილ სააკაშვილის პარიზში ვიზიტზე. აქ ყოფილი დიპლომატის, დღეს ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენელ ვიქტორ დოლიძის კომენტარს წაიკითხავთ: ”არა მარტო საფრანგეთი, მთელი დასავლეთი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას და საფრანგეთის მიერ გამოთქმულ ამ მხარდაჭერაში ახალი და რევოლუციური არაფერია. მთავარია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელება დაიწყოს და ევროკავშირის დამკვირვებლების მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას”, - ამბობს ვიქტორ დოლიძე.

რაც შეეხება სხვა თემებს, ”რეზონანსში” ქვეყნდება ინტერვიუ ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთ ლიდერ ინგა გრიგოლიასთან, რომელსაც ჰგონია, რომ არსებობს ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შანსი: ”ხელისუფლება იმდენ სისულელეს აკეთებდა ამ წლების მანძილზე, რომ მე არ გამოვრიცხავ უცბად თვითონ ხელისუფლებამ შექმნას მიზეზი, რომ ხალხი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით გამოვიდეს და დაინიშნოს კიდეც”, - ამბობს ინგა გრიგოლია ”რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

”ახალი თაობის” კორესპონდენტს პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი ეუბნება: ”ყველამ ვიცით, რომ უგულავას პრეზიდენტობა უნდა, მერაბიშვილს უნდა დარჩეს ქვეყნის მმართველად. ასე რომ, სააკაშვილი მათთვის სრულიად ზედმეტია.”

”ახალ თაობაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერ მამუკა კაციტაძესთან: ”ვერასდროს ოპოზიცია ვერ იქნება აბსოლუტურად ერთიანი, ეს არის გამორიცხული. ამის მიზეზი არის დიამეტრულად განსხვავებული მსოფლმხედველობრივი შეხედულებები. გიჟები კი არ ვიყავით, როცა ვთქვით: ყველა მინუს ერთი”.

”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს ინტერვიუს ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან, რომელიც მან სააგენტო ”ჯი-ეიჩ-ენ”-ს მისცა. ცისკარიშვილი ამბობს: ”ვფიქრობ, ის ტაქტიკა, რომლითაც ოპოზიციური პარტიები მოქმედებდნენ, ერთიანი კანდიდატის შემთხვევაშიც განწირული იქნებოდა. ასეთ დროს, რასაკვირველია, ერთიანი კანდიდატი მისაღებია, მაგრამ გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის.”

”გმირები შერჩევით” – ”ვერსია” ამ სათაურით ვრცელ სტატიას უძღვნის მემორიალს, რომელიც გმირთა მოედანზე დაიდგა და რომელზეც დაღუპულ გმირთა სამი ათასზე მეტი სახელია დატანილი. ”ყველა თარიღი რომ არ შევაჯამოთ, მარტო აფხაზეთის ომში გაცილებით მეტი ქართველი დაიღუპა. არაოფიციალური მონაცემებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა რიცხვი 35 ათასია. ინტერნეტში განთავსებული ოფიციალური მონაცემებით კი, სამაჩაბლოს პირველი კონფლიქტის დროს დაიღუპა 800-მდე, აფხაზეთის ომის დროს - 6 ათასამდე ქართველი. 2008 წლის აგვისტოში, ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 400-მდე ქართველი. ამას ემატება 1921 წელს დაღუპული იუნკრებისა და 1924 წლის აჯანყების მეთაურების რაოდენობაც. ამ ფონზე, საკითხავია, რა პრინციპით აირჩიეს ის გვარები, რომლებიც მემორიალზეა ამოტვიფრული?” - ამ კითხვაზე, როგორც თავად წერს, ”ვერსიის” ავტორმა პასუხს ვერ მიაკვლია.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG