Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი კაპანაძე - მენეჯერი


16 მაისი, კვირა
გამეღვიძა რვის ნახევარზე. კვირას! ნეტა სამუშაო დღეებში ვიღვიძებდე ასე ადრე! არადა, დღეს კარგად მინდა დავისვენო (მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ზოგიერთი თანამშრომელი დღესაც მუშაობს). ორშაბათი ხომ მძიმე დღეა და, თანაც, წინასწარ ვიცი, რომ მომდევნო კვირა ძალიან დაძაბული მექნება. თუმცა, სამსახურზე ხვალ ვილაპარაკოთ. დღეს ვისვენებ, მაგრამ ამისათვის, პირველ რიგში, გამოძინებაა საჭირო. ცოტა წავიკითხე და 12-მდე ძილის შებრუნება მოვახერხე.

ამ დროისთვის ჩემი ცოლის, ირინას მეგობრები - ირინა და ნათია (შემდგომ - „გოგოები“) და ჩვენი ნათესავი - 13 წლის ნუცა - მოვიდნენ ტერასაზე გასარუჯად. კაშკაშა მზეზე 4 საათამდე იხრუკებოდნენ (ზუსტად ამ დროს არ შეიძლება მცხუნვარე მზეზე ყოფნა!). მე იქვე, ოთახში, კომპიუტერს ვუჯექი და ინტერნეტში დავძრწოდი.

პარალელურად მუსიკას ვასმენინებდი გოჭებივით დაბრაწულ გოგოებს. მათი ლაპარაკი არ მესმოდა, რადგან მუსიკა საკმაოდ ხმამაღლა მქონდა ჩართული. ჩვენი სახლი ახალი აშენებულია და მეზობლები თითქმის არ გვყავს გარდა ჩემი ბავშვობის მეგობარ ბექასი, რომელიც სხვა სადარბაზოში ცხოვრობს და რომელსაც არანაკლებ უყვარს ხმაური. არ ვიცი, სხვებიც რომ გადმოვლენ, რა მეშველება?!
თავისუფლების დღიურები - გიორგი კაპანაძე
please wait

No media source currently available

0:00 0:10:01 0:00

გარედან დროდადრო ისმოდა ხან ჩემ მიერ შერჩეული სიმღერით გამოწვეული კმაყოფილი შეძახილები, ხან კი - წუწუნი: ცოტა უფრო მხიარული რამე ჩართეო. მოკლედ, გავერთეთ.

ნაშუადღევს კარგა გვარიანად დასხივებული გოგოები გავაცილეთ. ამასობაში ბავშვობის მეორე მეგობარმა - ოთომ დამპატიჟა აგარაკზე. მათი სახლი არაგვის პირასაა. ძალიან მიყვარს ის ადგილი. მოკლედ, მე, ირკა, ჩემი შვილი ნიკოლოზა და ნუცა მანქანაში ისე ოპერატიულად აღმოვჩნდით, მეხანძრეებსაც შეშურდებოდათ!

აგარაკზე დაგვხვდნენ ოთო, მისი შვილები: ჩემი ნათლული სალომე, ირინა და იკაკო, ასევე, ოთოს სიძე და ჩემი მეგობარი ზვიადი (იგივე ბუხა) და მისი ბავშვები ოთო და სანდრო. ოთო კულინარული ნიჭითაა დაჯილდოებული და შამფურზე შემწვარი ბოსტნეულ-ხორცეულით გაგვიმასპინძლდა. ერთი ჩამოსხმა გემრიელი, ოჯახში დაყენებული წითელი ღვინოც მივაყოლეთ. ბოლოს ნაკვერჩხალში კარტოფილიც ჩავყარეთ. ბავშვებმა, თუკი რამე საგნის გადაადგილება შეიძლებოდა, ყველაფერს შეუცვალეს ადგილი და წამოსვლისას, უფროსები ბანიდან ხმამაღალი შეძახილებით ვხელმძღვანელობდით ნივთების უკან დაბრუნების პროცესს. კარგი დღე იყო და დასვენებაც გამოგვივიდა.

17 მაისი, ორშაბათი

დღე, როგორც ვვარაუდობდი, ძალიან დატვირთული აღმოჩნდა. ხუთი შეხვედრა მქონდა, ხუთივე - საკმაოდ რთული.

საქმეს ისიც ამძიმებს, რომ ვაპირებთ მონაწილეობას ქალაქის მთავრობის, ბანკებისა და მენაშენეების ერთობლივ პროექტში „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ (შემდგომ - „მერიის პროექტი“). საბუთების შეტანის ბოლო ვადა 20 მაისს იწურება. აუცილებელი დოკუმენტების სია კი, იცოცხლე, საკმაოდ გრძელია და უამრავი რამაა მოსასწრები.

პროექტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ძველი თბილისის ავარიული სახლებიდან ხალხი უნდა გადავიყვანოთ ახალ ბინებში. როდესაც ამას გავაკეთებთ, ქალაქის მთავრობა გადაგვიხდის წინასწარ განსაზღვრულ თანხას (რომელიც კონკურსის წესით დადგინდება). მანამადე კი მერიის გარანტიით ბანკი გამოყოფს სესხს. სირთულე კი იმაშია, რომ არავის უნდა გარისკვა, ყველა მხარე მყარ გარანტიას ითხოვს; და ეს მხარეები ჩვენ უნდა დავარწმუნოთ, დავუმტკიცოთ, რომ პროექტი მომგებიანია და ამისათვის მყარი იურიდიული საფუძველი შევქმნათ. რა თქმა უნდა, მონაწილე ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ხელშეკრულებები გავაფორმოთ. ალბათ, ადვილი დასაჯერებელია, რომ ეს ყველაფერი შრომატევადი საქმეა.

თუ ვერაფერი გაიგეთ, ნუ აღელდებით - თქვენ პირველი არ ხართ. ერთი კი უნდა ითქვას, რომ ჩახლართულობის მიუხედავად, პროექტი უპრეცედენტოდ კარგია, სადაც მონაწილე ყველა მხარე მოგებული რჩება: ხალხი ავარიული სახლებიდან საცხოვრებლად ახალაშენებულ და კეთილმოწყობილ ბინებში გადადის; ბანკი კრედიტს თითქმის ურისკოდ გასცემს; მენაშენეები ვადაგადაცილებულ მშენებლობებს ამთავრებენ და ამით, მათი ის კლიენტებიც კმაყოფილდებიან, რომლებსაც დაუგვიანდათ ბინების ჩაბარება.

ოფისიდან ათის ნახევარზე წამოვედი და ახლა ხვალინდელი დღისთვის ვემზადები.

18 მაისი, სამშაბათი

ღამე შევყევით ფილმს, რომელიც დილის ოთხის ნახევარზე დამთავრდა, რადგან სამის ნახევარზე ტელეკომპანიამ (რომელიც ფილმს ულიცენზიოდ უშვებდა) ჩვენება შეწყვიტა საინფორმაციო გამოშვების გამო! ირკა ამ მარათონს ერთ საათში გამოეთიშა.

გამოუძინებელი შევუდექი საქმეებს. დაძაბულობამ იმატა. დღეს რამდენიმე ადგილზე ლამის ერთდროულად ვიყავი, მათ შორის ორ ბანკში, მერიაში, ნოტარიუსთან და ჩვენი კომპანიის ობიექტზე, რომელიც მერიის პროექტის ფარგლებში, პირველ ეტაპზე დაფინანსდა და სადაც გიგი უგულავა მოვიდა, ახალ ბინებში შესახლებული ხალხის სანახავად...

ქვეყანაში გახურებული წინასაარჩევნო კამპანიაა, რომელსაც ინტერნეტის საშუალებით ვაკვირდები. უკვე ორი წელი იქნება, რაც ინფორმაციას ტელევიზიით აღარ ვეცნობი. გლობალური ქსელი ამ საქმისთვის, სხვა რომ არაფერი ვთქვათ, ბევრად მოსახერხებელი და სანდოა.

დღესვე, ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, თანხა ჩაგვერიცხა და დამფინანსებელ ბანკში მომუშავე თანამშრომლებთან ერთად შვებით ამოვისუნთქეთ.

ამ ყველაფერთან ერთად, პირად საქმეებზეც ვირბინე და მობილურზე იმდენი ვილაპარაკე, რომ მარჯვენა ყური მიხურს.
ახლა სახლში ვარ და ვემესიჯები ჩემ მეგობარ გიორგის (იმავე გეწოს), რომელიც დღეს ქუჩაში შემხვდა. ვერ გადაუწყვეტია, ეზარება თუ არა გამოსვლა და ტერასაზე ბრენდის მოწრუპვა. არადა, არ იქნებოდა ცუდი. ასი გრამი არ მაწყენდა.

როგორც იქნა, გადაწყვიტა და გეწო, ცოლთან - ქეთისთან - ერთად მოვიდა. ჩვენი შვილები კლასელები არიან. ისევე, როგორც ჩვენი საერთო მეგობრის - ზაქროს (იმავე ზახარას) - და ბექას შვილები. ბავშვებიც, ყველანაირი ძალდატანების გარეშე, გადაბმული მეგობრები არიან. ეს ამბავი დიდად გვეამაყება.

ასის მაგივრად სამასი გრამი კი გამომივიდა. მშვენიერი საღამო იყო.

ახლა დაძინებამდე რამდენიმე გვერდის წაკითხვასაც გავქაჩავ და... ესეც სამშაბათი!

19 მაისი, ოთხშაბათი
დილით ცა მოწმენდილი იყო. იმდენად, რომ მყინვარიც ჩანდა. ეს იშვიათად ხდება, ასე, თვეში 2-3-ჯერ. ჩემი სახლიდან ძალიან კარგი ხედი იშლება. ძველი თბილისი და დიდი სივრცე შთამბეჭდავი სანახავია. ამ პეიზაჟს ხუმრობით თავხედი დავარქვი.

თითქოს არაფერი მოასწავებდა იმას, რაც შუადღით მოხდა. უცებ ცა მოიქუფრა და თქეში წამოვიდა. საჭესთან ვიჯექი, როცა ისე დაიგრუხუნა, პეკინის გამზირზე გამვლელებმა სინქრონულად შეჰკივლეს.

საღამოს დათოს და მიშას შევხვდი, ლუდი ვიყიდეთ და რეზოსთან წავედით. დათო ჩემი სიმამრია და მის მეგობრებთან ერთად ხშირად ვიკრიბებით ხოლმე. მიუხედავად შესანიშნავი კომპანიისა, საღამოს სასიამოვნო არ ეთქმოდა, რადგან გვიანობამდე ტელეფონზე ვეკიდე.

საქმეებზე შეგნებულად არ ვყვები, თორემ დაძაბულობა ისევ პროგრესირებს. ხვალ, ალბათ, პიკი იქნება.

20 მაისი, ხუთშაბათი
უკვე ღამის ორი საათია. ფაქტობრივად 21 მაისია. ოფისში რამდენიმე თანამშრომელი ვართ: მერაბი, გიორგი, ნინო, ლევანი, ნანა, დათო და მე. მთელი დოკუმენტაცია, სავარაუდოდ, ორ ათეულ კილოგრამს უნდა იწონიდეს. განაცხადის ჩაბარება დილის 11-მდე უნდა მოვასწროთ. დაღლილები და გამოფიტულები გიჟური დღის ამბებს ვიხსენებთ და ხარხარით ერთმანეთს ვასკდებით. წინ მთელი ღამე გვაქვს, სახლებში წასვლა ჯერ არ გვიწერია.

გიომ რომელიღაც ორგანიზაციის მიერ ახალ წელს საჩუქრად გამოგზავნილი ერთი ბოთლი წითელი ღვინო აღმოაჩინა. გასახსნელი, რა გასაკვირია და, ოფისში არ აღმოგვაჩნდა. არქიტექტორების ოთახში შევქანდით და ვიღაცის ფანქრით ბოთლში ჩავტენეთ საცობი. ძალიან გემრიელი საფერავი აღმოჩნდა. ნელ-ნელა ვსწავლობთ კარგი ღვინის კეთებას. უფრო წითელი გამოგვდის.

ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ.

უკვე ექვსი საათია. ცეცხლის მზე ჯერ არ ანთებულა, მაგრამ გათენდა. ძილს ნამდვილად ვეღარ მოვასწრებთ.

დათოს საოცარი იუმორი აქვს, გამორჩეული. გარიჟრაჟზე, უსერიოზულესი სახით, განცხადება შემოიტანა შვებულების მოთხოვნით! რა გინდა, უთხრა?

ეს ამბები ამ დღეს რა ხანია აღარ ეკუთვნის! თანაც თენდება და გადავწყვიტე, ზღვარი 20 და 21 მაისს შორის აქ გავავლო. ასე რომ, დროებით!

21 მაისი, პარასკევი
დილის რვის ნახევარზე ირკამ დამირეკა და გამახსენა, რომ ჩემი სახლში მისვლა, თუნდაც იმისთვისაა საჭირო, რომ ნიკოლოზა სკოლაში წავიყვანოთ. საერთოდ, ბექას მძღოლს დაჰყავს ბავშვები, მაგრამ დღეს ჩვენ უნდა წაგვეყვანა. 8 საათისთვის სახლში დავბრუნდი. მოვწესრიგდი და ოფიციალურ სამოსში გამოვეწყე, რადგან სასტუმრო „მეტეხში“, ძველი თბილისის რეაბილიტაციის გეგმის პრეზენტაციაზე უნდა წავსულიყავი. თავს არაკომფორტულად ვგრძნობ. პიჯაკი და ჰალსტუხი ჩემთვის უცხო არაა, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დონ კიხოტის ჯავშანი მაცვია. თავისუფალ სტილს არაფერი ჯობია. სამსახურში, ძირითადად, ნახევრად ოფიციალურად ვიცვამ, პარასკეობით – ნახევრად სპორტულად. ამ პარასკევს – ჯავშანი.

საჭესთან ირკა დაჯდა, ნიკა და ლაშა უკან მოკალათდნენ. სავარძელი ბოლომდე გადავწიე, მზის სათვალე გავიკეთე და თვალები დავხუჭე. სკოლამდე ასე ვიმგზავრეთ. ირკა ნერვიულობდა, არ დავაგვიანოთო და აქსელერატორს სრესდა. ნიკა მშობლების ტარების მანერას მიეჩვია, ჩვენ ერთმანეთისას - ვერა. ამიტომ, საჭესთან დაჯდომაზე ერთი ამბავია ხოლმე. დღევანდელი დღე გამონაკლისია, სიამოვნებით დავუთმე ირკას საჭე.

საღამოს ჩემ მეგობართან, გოგასთან წავედით. როგორც წესი, მისი სასადილო მაგიდის გარშემო, გახურებული კარტის თამაშია, რბილ ავეჯზე მსხდომი შემადგენლობა კი თავის ჯერს ელის ხოლმე. დღეს მხოლოდ მისი მეგობარი ვახო, მე და ირკა ვიყავით და კარტი არ გაგვხსენებია. ვისკის ვსვამდით და ყველა ერთდროულად ვლაპარაკობდით.

22 მაისი, შაბათი
დილით ტელეფონმა წრიპინით მამცნო მესიჯის მოსვლა. გამეღვიძა და შეტყობინება წავიკითხე. თურმე, დღეს დაბადების დღეზე უნდა წავიდეთ. არადა ჩემპიონთა ლიგის ფინალის ყურებას ვაპირებდი საღამოს. ოხ, ეს გაუთავებელი ბანკეტები!

ირკამ საუზმე ტერასაზე ამოიტანა. აქვე ვწერ დღიურის ბოლო წინადადებებს. დროდადრო, საჭირო სიტყვის ძებნისას, „თავხედით“ ვტკბები.

ცოტა ხანში ვივარჯიშებ. რამე არ გეგონოთ, სხეულს იმაზე მეტად არ დავტვირთავ, ვიდრე აივანზე მდგომი დოდო აბაშიძე „არაჩვეულებრივ გამოფენაში“. ოცი აზიდვა, ოცდაათი პრესი და მორჩა. ესე იგი ფორმაში ვარ, მეტი რად მინდა? ჩემი ვარჯიში საოცარი პერიოდულობითაც გამოირჩევა - კვირაში ერთხელ!

მანამადე კი, ისევ ხმამაღალი მუსიკის სეანსს ვაწყობ. „პერლ ჯემის“ „ელაივზე“ სალომე გამახსენდა, რომელმაც ეს დისკი ჩამიწერა და მასთან, პრაღაში მომინდა.

ნიკოლოზამ სიმღერის გამეორება მთხოვა. მერე „ეისიდისი“ შემიკვეთა. როკი უყვარს.

საჩუქარზე უნდა ვიზრუნო და 6 საათზე რადიოში მივიდე, ამ ექსტრემალური კვირის ქრონიკა უნდა მივიტანო.
XS
SM
MD
LG