Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვოს „შერეული“ დამოუკიდებლობა?


პიტერ ფაიტი
პიტერ ფაიტი
გაეროს მთავარი სასამართლო ორგანო - „საერთაშორისო სასამართლო“, - რომელიც ჰააგაშია განთავსებული და სახელმწიფოებს შორის დავებს განიხილავს, წელს ზაფხულში მიიღებს გადაწყვეტილებას კოსოვოს შესახებ: კერძოდ, იმის შესახებ, კანონიერი იყო თუ არა კოსოვოს ცალხმრივი წესით გამოყოფა სერბიისაგან, რაც 2008 წლის თებერვალში მოხდა. სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც, რახან სეპარატიზმის პრობლემას ეხება, ბუნებრივია, საქართველოსთვისაც მეტად საყურადღებოა, წინასწარვე გამოითქმის ვარაუდები. გაგაცნობთ ვარაუდს, რომელიც ამ თემაზე გამოთქვა კოსოვოში ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელმა, პიტერ ფაიტმა.

პიტერ ფაიტი მოელის, რომ საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება ზომიერი იქნება - შეძლებისდაგვარად არ გაანაწყენებს არც კოსოვოს, რომელმაც ცალმხრივი წესით დამოუკიდებლობა გამოაცხადა, და არც სერბიას, რომელიც კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გამოდის და რომლის მოთხოვნითაც განიხილება ეს საკითხი ჰააგის სასამართლოში.

ფაიტი ჯერ-ჯერობით ყველაზე მაღალი რანგის ოფიციალური პირია, რომელმაც წინასწარი ვარაუდი გამოთქვა კოსოვოს საკითხში საერთაშორისო სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებაზე. ის კოსოვოში საერთაშორისო თანამეგობრობის სამოქალაქო წარმომადგენელია, ისევე როგორც ევროკავშირის წარმომადგენელი. სამშაბათს პიტერ ფაიტი ევროკავშირის ელჩებს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა: „ვხელმძღვანელობ ვარაუდით, რომ გადაწყვეტილება გარკვეულწილად ხარკს გადაუხდის ბელგრადის პოზიციას და გარკვეულ მხარდაჭერას გამოუცხადებს კოსოვოს პოზიციასაც. ამდენად, შეხედულებების შერეულ სურათს მივიღებთ.“

ფაიტისთვის, მისივე თქმით, ცნობილი არ არის, როდის მიიღებს სასამართლო გადაწყვეტილებას, თუმცა ბევრი მოელის ამ ნაბიჯს მომავალ თვეში, ანუ ივლისში. აქვე უნდა ითქვას, რომ გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულო არ არის. კოსოვოს დამოუკიდებლობა მსოფლიოს 69 ქვეყანას აქვს აღიარებული, მათ შორის ევროკავშირის წევრების უმრავლესობას: ყველას, ხუთი წევრის გარდა.

პიტერ ფაიტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქონიებს არსებით გავლენას ევროკავშირის წევრების მოქმედებაზე. გავლენა სხვა მიმართულებით არის მოსალოდნელი: ფაიტის შეფასებით, გამყარდება საერთაშორისო სამართალი სეპარატიზმის სფეროში.

„ეს ბევრი მიმართულებით არის მნიშვნელოვანი, რადგან ახალ ვითარებას შექმნის ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რომელზეც საერთაშორისო სამართალი დიდი სიცხადით არ გამოირჩევა - იგულისხმება, სახელმწიფოებისა თუ ხალხების უფლება, იყვნენ დამოუკიდებელი. ამდენად, ბევრი თვალსაზრისით, ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართალს გააძლიერებს“, იმედოვნებს ფაიტი.

თუმცა, სასამართლოს მოსალოდნელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით შეშფოთებასაც გამოთქვამენ, რომ ბოსნიაში, იქაურ სერბთა ადმინისტრაციული ერთეულიც დამოუკიდებლობას გამოაცხადებს, ანუ კოსოვოს მიბაძავს. არადა, ევროკავშირის ლიდერებს ბევრჯერ აქვთ ნათქვამი, რომ მიუღებლად მიაჩნიათ დასავლეთ ბალკანეთში კიდევ უფრო მეტი სახელმწიფოს შექმნა.

რაც შეეხება ისევ კოსოვოს დამოუკიდებლობის საკითხს - მასზე ევროკავშირის წევრებს შორის მართალია, აზრთა სხვაობა არსებობს, მაგრამ ყველა, მთელი ევროკავშირი, ემხრობა ბლოკში კოსოვოს, ისევე როგორც სერბიის, ადრე თუ გვიან გაწევრიანებას. შესაბამისად, კოსოვოს ნაწილობრივ, ან „შერეულ“ დამოუკიდებლობაზე ლაპარაკობენ.

კოსოვოსადმი ევროკავშირის დახმარება მთელს ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტიანი სტრუქტურის შექმნისაკენ არის მიმართული და ევროკავშირი, როგორც ჩანს, ყურადღებას არ აკლებს ამ პროექტს: ოთხშაბათს ევროკავშირმა 2012 წლის ივნისამდე გააგრძელა კოსოვოში კანონის უზენაესობის მისია, ე.წ. EULEX-ი.
XS
SM
MD
LG