Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მშვიდობიანობის კუთხით შეფასებულ ქვეყნებს შორის საქართველო ბოლო ათეულში მოხვდა


2009 წლის განმავლობაში მსოფლიო ნაკლებად მშვიდობიანი გახდა - ასეთი დასკვნაა გამოტანილი ახლახან გამოქვეყნებულ გლობალური მშვიდობის ინდექსში. ანგარიში სულ 149 ქვეყანას აფასებს მშვიდობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით - იქნება ეს ძალადობრივი დანაშაულის გავრცელებულობის ხარისხი, ტერორისტული აქტების მოხდენის პოტენციალი თუ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა. მსოფლიოს ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი ქვეყნების სიაში კიდევ ერთხელ მოხვდნენ ერაყი, ავღანეთი და პაკისტანი. საქართველოს - და მასთან ერთად რუსეთის - მაჩვენებელი კი ამ წელს მკვეთრად გაუარესდა.

საქართველო, რუსეთი და ისრაელი ერთმანეთის მიყოლებით არიან მოთავსებული გლობალური მშვიდობის ინდექსის სიის ბოლო ათეულში - ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანად მიჩნეულ ქვეყნებს შორის. სულ შესწავლილია 149 ქვეყანა, რომელთაგანაც ბოლო ადგილზე ერაყი გავიდა. საქართველო ამ ჩამონათვალში ბოლოდან მერვე, ანუ 142-ე ადგილს იკავებს.

ამ ანგარიშს ავსტრალიაში განთავსებული ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი წელს უკვე მეოთხედ აქვეყნებს. ქვეყნები სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით არის შეფასებული - იქნება ეს ტერორისტული თავდასხმების პოტენციალი, სამხედრო სფეროზე დახარჯული თანხები თუ მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა. ანგარიში ასკვნის, რომ 2009 წელს მსოფლიო ზოგადად გახდა ნაკლებად მშვიდობიანი.

ინსტიტუტი სულ 20 ადგილობრივი და საერთაშორისო ინდიკატორით ხელმძღვანელობს და ანგარიშის შედგენისას იყენებს გაეროსგან, ამნესტი ინტერნეიშნალისა და სხვა ორგანიზაციებისგან მიღებულ მონაცემებს. ანგარიშზე მუშაობის პროცესს მშვიდობის ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო საბჭო ხელმძღვანელობს.

კლაიდ მაკკონაჯი - ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის საბჭოს დირექტორი - ამბობს, რომ წლევანდელი ანგარიში, ძირითადად, ქვეყნების შიგნით განვითარებულ მოვლენებს ასახავს:

„ბოლო 12 თვის განმავლობაში მსოფლიო ნაკლებად მშვიდობიანი მხოლოდ შიდა ინდიკატორების გაუარესების გამო გახდა. ეს მოიცავს მკვლელობების გლობალურ სიხშირეს - ისევე როგორც კორუფციის დონეს, რომელიც ასევე გაუარესდა. უფრო ცუდი მაჩვენებლები გვაქვს მსოფლიოში პოლიტიკური არასტაბილურობის მხრივაც. ყოველივე ამის გამო ის, რასაც ჩვენ მსოფლიოში მშვიდობიანობას ვუწოდებთ, 1 ან 2 პროცენტით გაუარესდა.“

თუმცა ზოგიერთი ქვეყნის - მათ შორის საქართველოსა და რუსეთის - მაჩვენებლის მკვეთრი გაუარესება საგარეო კონფლიქტებმაც განაპირობა. ამ ორი ქვეყნის შემთხვევაში, ცხადია, საუბარი 2008 წლის ომს ეხება.

თუმცა, როგორც ჩანს, მხოლოდ ეს არ ყოფილა მიზეზი. ანგარიშის შედგენის პროცესს ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევითი განყოფილებაც ხელმძღვანელობდა. ამ გამყოფილების წარმომადგენლის ენდრიუ უილიამსონის თქმით,
„საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა. 2009 წლის მანძილზე ქვეყანაში გახშირდა ძალადობრივი დემონსტრაციები, შემცირდა პოლიტიკური სტაბილურობა, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით გაიზარდა სამხედრო სფეროს ხარჯები და იარაღის იმპორტი. ამდენად, ამ ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი, უწინარესად, სამხედრო ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო გაუარესდა.“

როგორც ვთქვით, ანგარიში ითვალისწინებს საშინაო და საერთაშორისო კონფლიქტების არსებობას, საზოგადოებრივი ცხოვრების უსაფრთხოების ხარისხს და ქვეყნის მილიტარიზაციის მასშტაბს.

ის, რომ ამ სიაში საქართველოს მაჩვენებელი მკვეთრად გაუარესდა, არ აკვირვებს ქართველ ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს, თუმცა იგი ჩატარებული კვლევების საფუძველზე აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ ცხოვრებაში მილიტარისტული განწყობების სიჭარბე მაინც არ შეინიშნება. „2008 წლის აგვისტოს ომი მოსახლეობის დიდი უმრავლესობისთვის სრული მოულოდნელობა იყო“, - ამბობს ნიჟარაძე და დასძენს:

„მილიტარისტული პროპაგანდა მიდიოდა, ძალიან აქტიურად - ბანაკებით, ფესტივალებით და კლიპებით, რომლებიც ძალიან უხეში იყო - ახლა რომ ვუყურებ, გულისამრევიც... რომ უნდა წახვიდე და მოკვდე. მაგრამ არა მგონია, რომ მილიტარისტული სული ამით გაიზარდა. ამის მაჩვენებელია თუნდაც ის, რომ შვილის ჯარში გაშვება მაინც არ ითვლება სასურველად. სოციალურად ამას სხვა მიზეზებიც აქვს, მაგრამ ზოგადად ქართული საზოგადოება, ჩემი აზრით, მილიტარისტული არ არის. თუ ვიღაცა - იგივე ხელისუფლება - მოაგვარებს ამ საქმეს სწრაფად და ისე, რომ მე არ შემეხება, მოაგვაროს. მაგრამ "მოდი, ვიომოთ და თავი შევწიროთ" - ასეთი განწყობები არის, მაგრამ ცოტა.“

მაგრამ გაგა ნიჟარაძე არ უარყოფს, რომ მილიტარიზმი ერთ-ერთი ასპექტია, რომელიც ბოლო წლებში მკვეთრად გამძაფრდა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში:

„მილიტარიზმი მაინც საზოგადოების გაერთიანების და შეკრულობის ერთ-ერთი ფაქტორი არის და ყოველთვის იყო, სამწუხაროდ. როდესაც სახავ, რომ გყავს მტერი, რომელიც დღენიადაგ ფიქრობს საქართველოს განადგურებაზე, - მაგალითად, რუსეთი, - ამას აქვს საფუძველი თუ არ აქვს, ეს ზრდის ნაციონალიზმს და ნდობას თუ იმედს ხელისუფლებისა.“

დავუბრუნდეთ ანგარიშის ზოგად მონაცემებს. როგორც უკვე ვთქვით, ყველაზე ცუდი მაჩვენებელი - უკვე მეოთხე წელიწადია - ომით გაჩანაგებულ და მეამბოხეთა ხშირი თავდასხმებით გამორჩეულ ერაყს აქვს. ერაყის შემდეგ, მშვიდობიანობის მხრივ, ყველაზე უარესი მაჩვენებელი სომალიმ მოაგროვა. შემდეგ კი სიაში ავღანეთი მოდის.

აღსანიშნავია, რომ, საქართველოსა და რუსეთის გარდა, ყველაზე ცუდი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორის არც ერთი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანა არ არის მოხვედრილი. ვითარების გაუარესება შუა აზიის რამდენიმე ქვეყანაშიც აღირიცხა, მაგრამ არა ისეთი მასშტაბით, რომ ეს სახელმწიფოები სიის ბოლოში მოქცეულიყვნენ. ამ რეგიონში ყველაზე მშვიდობიან ქვეყნად ყაზახეთი გამოცხადდა. ის 95-ე ადგილზეა - მხოლოდ 10 ადგილით ჩამორჩება 85-ე ადგილზე გასულ შეერთებულ შტატებს.
სიის სათავეში - ყველაზე მშვიდობიან ქვეყნებს შორის - უკვე მეორე წელია ახალი ზელანდიაა მოქცეული. ამავე, წამყვან ათეულში, არიან სკანდინავიის ქვეყნები, ირლანდია და იაპონია.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG