Accessibility links

logo-print

მალხაზ გულაშვილს დაუსწრებლად გასამართლებას უპირებენ


თბილისის საქალაქო სასამართლო 10 ივნისს მედია-ჰოლდინგ "ჯორჯიან ტაიმსის" დირექტორს მალხაზ გულაშვილსა და მის ვაჟს საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაუსწრებლად გაასამართლებს. გულაშვილის მეუღლემ, ნანა გაგუამ, ქათულ საინფორმაციო სააგენტოებს უთხრა, რომ „პროცესზე დასწრებას პროტესტის ნიშნად არ აპირებს“. თავად მალხაზ გულაშვილი და მისი შვილი ამჟამად მოსკოვში იმყოფებიან. ბრალდება, რომელსაც მალხაზ და დავით გულაშვილებს უყენებენ, 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მედია ჰოლდინგ „ჯორჯიან ტაიმსის“ მეპატრონემ და სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობის თავმჯდომარემ მალხაზ გულაშვილმა შვილთან ერთად საქართველოს ტერიტორია 10 მაისს დატოვა ცხინვალის გავლით. ამას წინ უძღოდა ინციდენტი ტელეკომპანია „კავკასიის“ სტუდიაში. სახალხო მართლმადიდებელი მოძრაობის ლიდერის მალხაზ გულაშვილის 7 თანამოაზრე ამჟამად წინასწარ პატიმრობაში იმყოფება ტელეკომპანია „კავკასიაზე" თავდასხმის ბრალდებით. მათ ხულიგნობა და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა ბრალდებათ, რაც, საქართველოს კანონმდებლობით, 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG