Accessibility links

logo-print
ამბობენ, ცეკვის ენა ეპოქის, დროის ენააო. მაგალითად, ჩემმა თაობამ როკ-ენ-როლის, ბრეიკ-დანსის, ბოსანოვას და სხვა მიმდინარეობების წლები განვლო. ნუ მიწყენენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები, ისინი დღესაც საკმაოდ ხშირად თანამედროვე ქართულ სიმღერებს რატომღაც ბოსანოვას რიტმში მღერიან. მეოცე საუკუნის დასაწყისი “ტანგოს ეპოქად” მოინათლა. ჩემს ბავშვობაში, მაგალითად, დიდი პოპულარობით სარგებლობდა არგენტინული ტანგო “შამპანურის შხეფები”.

21-ე საუკუნეში, ელექტრონული მუსიკის ეპოქაში, არგენტინული ტანგო თითქოსდა უგზო-უკვლოდ უნდა გამქრალიყო. მოხდა კი პირიქით - ტანგოს ამჟამად არა მარტო ბუენოს-აირესში, არამედ პარიზში, მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკში ცეკვავენ. თბილისი ამ ჩამონათვალში, სამწუხაროდ, არ შედის. ვნებიანი და უდარდელი ცეკვა 1880 წელს, ესპანელი და იტალიელი იმიგრანტების წყალობით, ბუენოს-აირესის ჯურღმულებში დაიბადა. დანა ჯიბეში, თეთრი ცხვირსახოცი კისერზე, სიგარეტი ხელში - ასეთია იმდროინდელი იმიგრანტის კრებითი პორტრეტი. ტანგოს მელოდიები, ტანგოს რიტმში სიმღერები იმიგრანტთა მძიმე ხვედრს ეძღვნებოდა. ეს ჟანრი იმხანად ჰოლივუდმაც შეიყვარა, საცეკვაო დარბაზებიდან ტანგომ გალაქულ სადარბაზო ოთახებსა და რადიოსადგურების ეთერში გადაინაცვლა. გასული საუკუნის ორმოციან წლებში ტანგო ასტორ პიაცოლამ ააღორძინა და მას ახალი ბგერადობა და შინაარსი მიანიჭა.

პიაცოლა 1921 წლის 11 მარტს დაიბადა არგენტინის ქალაქ მარ-დელ-პლატაში. ბავშვობა მან ნიუ-იორკის უბან ბრონქსში გაატარა. 1930 წლიდან ასტორი კერძოდ სწავლობდა აკორდეონზე დაკვრას, მოგვიანებით კი, ზოგიერთი ცნობით, არანჟირების ხელოვნებას ეუფლებოდა თვით სერგეი რახმანინოვის ხელმძღვანელობით.

50-იან წლებში პიაცოლამ შექმნა თავისი “ტანგო ნუევო” (“ახალი ტანგო”): ვნებიანმა ცეკვამ ახალი, ამჯერად ფილოსოფიური, ასპექტი შეიძინა, მას ზოგჯერ ტანგო-რეფლექსიას უწოდებენ. რაც შეეხება მუსიკალურ ხერხებს, პიაცოლას ნაწარმოებებში, გარდა ბანდონიონისა (აკორდეონის მსგავსი ინსტრუმენტი), ვიოლინოები ჟღერს. ავტორი მიმართავდა იმპროვიზაციას, ფართოდ იყენებდა თანამედროვე მუსიკის ილეთებს - მაგალითად, ვიოლინოს კორპუსსა და სიმებზე შემოკვრას. პიაცოლა ტანგოს საცეკვაო დარბაზიდან საკონცერტო დარბაზში გადატანაზე ოცნებობდა. “მე ყოველთვის მეჩვენებოდა," - ამბობდა კომპოზიტორი, - "რომ ტანგო შეიქმნა უფრო ყურისთვის, ვიდრე ფეხებისთვის.” ტრადიციული არგენტინული ტანგოს ასეთი ტრანსფორმაცია ბევრმა იმიგრანტმა პირად შეურაცხყოფად მიიღო. გამძვინვარებული რეტროგრადები პიაცოლასთან ანგარიშსწორებასაც კი ცდილობდნენ, მაგრამ კომპოზიტორის კრედო ურყევი იყო: “ჯაზის მსგავსად, ტანგოც მუდმივად უნდა იცვლებოდესო.” სიცოცხლის მარტო ბოლო 10 წლის მანძილზე ასტორ პიაცოლამ 300-ზე მეტი ტანგო და 50 კინომელოდია შექმნა.

ასტორ პიაცოლა 1992 წელს ტვინის სისხლძარღვების ტრომბოზით გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან დაწერა: “ამჟამად, როდესაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა და არგენტინაში ჩემ მიმართ დამოკიდებულება, ვფიქრობ, ძალიან კეთილია, არგენტინელები ამბობენ: “ასტორ პიაცოლა სახელგანთქმული, მაგრამ არაპოპულარული პიროვნებააო.” ამგვარ შეფასებას ხელოვანისთვის გული არ დაუწყვეტია - პიაცოლა ვერ იტანდა სიტყვა “პოპულარობას”. ისტორიაში ის, უბრალოდ, ვნებიანი და ფილოსოფიური “ტანგო ნუევოს” შემქმნელად დარჩა.
XS
SM
MD
LG