Accessibility links

logo-print
2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება. ცვლილების პროექტი პარლამენტში უკვე შესულია და მას 18 ივნისს დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ. მანამდე კი კანონპროექტს კომიტეტების დონეზე განიხილავენ. დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ბიუჯეტის პროექტზე შემაჯამებელი სხდომა უნდა გამართოს.

აღნიშნული ცვლილების დამტკიცების შემდეგ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 6 მილიარდ 974 მილიონ ლარამდე გაიზრდება. ნამატი 215 მილიონი ლარიდან 150 მილიონი საგადასახადო შემოსავლების ზრდაზე მოდის, დანარჩენი კი გრანტებზე.

ხელისუფლება ბიუჯეტის მატებას ეკონომიკის მოსალოდნელ ზრდას უკავშირებს, რომლის პროგნოზიც ასევე გაიზრდება - აქამდე დაგეგმილი წლიური 2%-დან 4,5%-მდე.

თუმცა, ექსპერტულ წრეებში აცხადებენ, რომ ბიუჯეტის ზრდა არა შემოსავლების მატების, არამედ ლარის გაუფასურების ხარჯზე ხდება. მაგალითად, წლევანდელ ბიუჯეტში დღგ-ს გეგმა 2 მილიარდი ლარია. აქედან 60% ანუ 1 მილიარდ 200 ათასი იმპორტიორებზე მოდის. სპეციალისტების განმარტებით, წლის დასაწყისში, როცა ბიუჯეტი დაიგეგმა, ლარი დოლართან მიმართებაში 1,7 ნიშნულზე იყო, დღეს კი უკვე 10%-ით გაუფასურებულია. აქედან გამომდინარე იმპორტიორების გადახდილი დღგ დღეს ლარებში გაცილებით დიდი თანხაა, ვიდრე ეს წლის დასაწყისში ბიუჯეტის დაგეგმვისას იყო ნაანგარიშევი.

ექსპერტთა მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ შესაძლოა ბიუჯეტის ზრდა ახალ საგადასახადო კოდექსსაც უკავშირდებოდეს, სადაც გათვალისწინებულია აქციზის გადასახადის ზრდა სპირტიან სასმელებზე, რაც, სავარაუდოდ, წელსვე შევა ძალაში.

რაც შეხეება ბიუჯეტის ნამატი რესურსის გადანაწილებას, ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება 42 მლნ ლარით გაეზრდება და თანხა ლილოსა და ადლიის ტერმინალების მშენებლობას და სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის სრულ რეაბილიტაციას მოხმარდება.

ცვლილებების თანახმად, 24 მლნ ლარით მეტი გამოიყოფა დევნილთა საცხოვრებელი პრობლემის საბოლოოდ მოგვარებისთვის და ეს შეეხება, როგორც ახალი სახლების მშენებლობას, ასევე ძველის რეაბილიტაციას. გარკვეული თანხები იქნება მიმართული იმისთვის, რომ კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში მოხდეს გაზის, ელექტროენერგიის და სხვა კომუნალური დავალიანების სრული გადახდა. 12 მლნ ლარი რეგიონებში წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციას, 9 მლნ ლარი კი რაჭაში მიწისძვრით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას მოხმარდება.

ცნობისათვის, ეს და სხვა ცვლილებები 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი პირველი ცვლილებებია.
XS
SM
MD
LG