Accessibility links

logo-print

პედაგოგთა პროფკავშირი განათლების სამინისტროს დაუპირისპირდა


პედაგოგთა პროფკავშირი, რომელიც უკვე დიდი ხანია აცხადებს, რომ განათლების სამინისტრო მათ საქმიანობაში ერევა, 10 ივნისს უფრო მკვეთრ განცხადებას აკეთებს და სამინისტროს ზეწოლაში ადანაშაულებს. ამის მიზეზი კი განათლების მინისტრის მიერ რესურს-ცენტრებისათვის მიცემული მითითებაა, რომლის მიხედვითაც, სკოლის დირექტორებს ეკრძალებათ პროფკავშირისათვის საწევრო გადასახადის გადარიცხვა.

პედაგოგთა პროფკავშირში აცხადებენ, რომ მათ უკვე საქართველოს არაერთი რაიონის სკოლიდან მიიღეს წერილი, რომ რესურს-ცენტრებმა, მინისტრის ზეპირი ბრძანების მიხედვით, დირექტორებს მისცეს მითითება არ გადაურიცხონ პროფკავშირს საწევრო გადასახადი. პედაგოგთა პროფკავშირის ვიცე-პრეზიდენტი მაია ლიპარტელიანი განათლების სამინისტროს პროფკავშირზე ზეწოლაში ადანაშაულებს: ” მინისტრის ბოლოდროინდელი ქმედებები კანონიერების ყველა ზღვარს სცილდება. მან ჩაატარა რესურს- ცენტრების თათბირი და მათ დაავალა, გადაეცათ სკოლებისათვის, რომ სამუშაო ადგილს დაკარგავს ყველა ის დირექტორი, რომელიც პროფკავშირს საწევროს გადაურიცხავს. ლაგოდეხში მოხდა სულ ბოლოს ასეთი ფაქტი, რესურს-ცენტრის წარმომადგენელმა უთხრა ადგილობრივი სკოლის ადმინისტრაციას, არ გადარიცხოთ საწევროები და არც ხელშეკრულებას მოაწეროთ ხელიო. ხელშეკრულება რეალურად სკოლის დირექტორთან ვერ დაიდება, რადგან არსებობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რასაც განათლების მინისტრი არ ასრულებს, რომ ამ კოლექტიური ხელშეკრულების მეორე მხარე უნდა იყოს განათლების სამინისტრო და არა კონკრეტული სკოლის დირექტორი.“

ლიპარტელიანი განმარტავს, რომ სასწავლო დაწესებულებებში პედაგოგებს დაწერილი აქვთ განცხადებები, რომლითაც ადასტურებენ პროფკავშირის წევრობას და, შესაბამისად, მზად არიან გადაიხადონ საწევრო გადასახადი. ოღონდ პროფკავშირის კანონი ავალდებულებს სკოლებს ადმინისტრაციამ გადაურიცხოს ეს თანხა პროფესიულ კავშირს მათ საბანკო ანგარიშზე. გაუგებრობა გამოიწვია საკონტრაქტო სისტემამ, რომლის ერთი მხარე პროფკავშირია და მეორე კი განათლების სამინისტრო, აცხადებს ლიპარტელიანი: ”დიმიტრი შაშკინმა თავად გააჭიანურა ეს პროცესი, მან არ დადო ჩვენთან ეს კონტრაქტი,მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა.”

განათლების სამინისტროში კი კატეგორიულად უარყოფენ რესურს-ცენტრებისათვის მსგავსი შინაარსის რაიმე დავალების მიცემის ფაქტს. სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსი ეკა ჭუმბურიძე აცხადებს:

”არანაირი ბრძანება არ არსებობს. სამინისტრომ, უბრალოდ, მოსთხოვა სკოლებს მოეწესრიგებინათ დოკუმენტაცია, ანუ პედაგოგის ნებართვის გარეშე პროფკავშირში არანაირი თანხის გადარიცხვა არ შეიძლება. იყო შემთხვევები, როდესაც მასწავლებელი არ იყო გაწევრიანებული ამა თუ იმ პროფკავშირში და მაინც რატომღაც საწევროს იხდიდა. სწორედ აქედან გამომდინარე თქვა მინისტრმა, რომ იმ პედაგოგმა, რომელიც პროფკავშირის წევრია, უნდა დაწეროს, რომ ის ნებაყოფლობით იხდის თავისი ხელფასიდან საწევროს. და, რაც მთავარია, არ ჰქონდათ გაფორმებული კონტრაქტები პროფკავშირთან. მოწესრიგდეს ეს დოკუმენტაცია და ისე მოხდეს ყველანაირი გადარიცხვა. სულ ესაა.”

ჩვენ შევეცადეთ საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისგან გაგვეგო, თუ რა შინაარსის იყო განათლების მინისტრის დავალება. თუმცა მსგავსი შინაარსის მითითების მიღება ოზურგეთის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმაც ასევე უარყო.

პროფკავშირში კი ფიქრობენ, რომ სამინისტროს მხრიდან ზეწოლის გაძლიერებას თავისი მიზანი აქვს. ის, რომ მასწავლებლებს აღარ აქვთ გამოხატვის თავისუფლება, ის, რომ ახლო მომავალში დირექტორები კვლავ უნდა დაინიშნონ, რაც, მაია ლიპარტელიანის აზრით, სკოლის ავტონომიურობის დასასრულის ტოლფასია, და კიდევ სხვა საკითხები, რომელთაც პროფკავშირი ხშირად აპროტესტებს, გახდა სწორედ პროფკავშირების საქმიანობაში ჩარევის მიზეზი. თუმცა, როგორც პროფკავშირში აცხადებენ, ამ გამოწვევას ისინი უფრო მწვავედ გამოეხმაურებიან.
XS
SM
MD
LG