Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მალხაზ გულაშვილსა და მის შვილს დაუსწრებლად წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს


„სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ დამფუძნებელსა და მედია-ჰოლდინგ „ჯორჯიან ტაიმსის“ პრეზიდენტს მალხაზ გულაშვილს, რომელიც შვილთან ერთად მოსკოვში იმყოფება, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა მალხაზ გულაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის გამო ედავებოდა. პარალელურად, „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა“ და მედიის წარმომადგენლებმა აქციები გამართეს ტელეკომპანია „კავკასიის“ ოფისის წინ. გულაშვილის მომხრეები ტელევიზიის ხელმძღვანელობას პროვოკაციის მოწყობაში სდებენ ბრალს, მედიის წარმომადგენლები კი ტელევიზიისა და სიტყვის თავისუფლების დასაცავად გამოდიან.

„სახალხო მართლმადიდებლურმა მოძრაობამ“ აქტიური მოქმედება 4 მაისს დაიწყო, როცა მოძრაობის წევრები ილიას უნივერსიტეტთან გამოხატვის თავისუფლების მხარდასაჭერად გამართული აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ. 4 მაისის შეხლა-შემოხლამდე უნივერსიტეტის წინ აქცია გამართეს თავად „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობისა“ და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ წევრებმა, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევდნენ ახალგაზრდა მწერალ ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობის“ სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში პრეზენტაციის გამართვას. 4 მაისს დაწყებული დაპირისპირება 7 მაისს ტელეკომპანია „კავკასიის“ პირდაპირ ეთერში გაგრძელდა.

ინცინდენტი ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში
ტელევიზიაში მისულმა საპატრულო სამსახურმა მოძრაობის 8 აქტივისტი დააკავა, რამდენიმე დღეში კი, ოკუპირებული ტერიტორიის გავლით, შვილთან ერთად საქართველო დატოვა მალხაზ გულაშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ მის არასრულწლოვან ვაჟიშვილს ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. მალხაზ გულაშვილის მეუღლე ნანა გაგუა ამბობს, რომ მის ქმარსა და შვილს ქვეყნის ლეგალურად დატოვების საშუალება არ ჰქონდათ:

„ეს გზა იმიტომ აირჩია მალხაზ გულაშვილმა, რომ სახლიდან გასვლის წინ აღმოაჩინა, რომ ჩემს ბიჭუნას პასპორტის ვადა 25 აპრილს ჰქონდა გასული და ის ვერანაირად ვერ გადავიდოდა ვერც სომხეთში, ვერც აზერბაიჯანსა და ვერც თურქეთში.“

თუმცა სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ სამართლდამცავი სტრუქტურების წარმოადგენლებს, რომლებიც, ნანა გაგუას თქმით, მას ორი დღის წინ შინ ეწვივნენ.

ნანა გაგუა და მისი ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე დარწმუნებულნი არიან, რომ მალხაზ გულაშვილს კანონი არ დაურღვევია. ადვოკატმა არგუმენტად მოიშველია ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიღებული კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოს იურისდიქცია ოკუპირებულ ტერიტორიებზეც ვრცელდება, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის ეს არგუმენტი არ გაიზიარა, რასაც თავად შალვა ხაჭაპურიძე ასეთ ახსნას უძებნის:

„გადაწყვეტილება არის უკანონო, დაუსაბუთებელი და აშკარად პოლიტიკური, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს: მალხაზ გულაშვილის პოლიტიკური და რელიგიური მოღვაწეობიდან ჩამოშორებას. გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ ჯერ სააპელაციო სასამართლოში, შემდეგ კი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში.“

ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი
ადვოკატთა ძალისხმევამ ვერც „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის“ სხვა დაკავებულ წევრებთან მიმართებაში გამოიღო მათთვის სასურველი შედეგი. ამის გამო მოძრაობის აქტივისტები საპროტესტო აქციებს ტელეკომპანია „კავკასიის“ ოფისის წინ მართავენ და ტელევიზიის ხელმძვანელობას პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებენ. ბრალდებას, რადიო თავისუფლების თხოვნით, ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა უპასუხა:

„პროვოკაცია მოაწყვეს იმ ადამიანებმა, რომელთაგან ზოგი მოსკოვშია და ზოგი კი „კავკასიასთან“ დგას და ლანძღავს მას. თუ ვინმეს უნდა, რომ თავისი კარიერა და ფინანსური მდგომარეობა „კავკასიის“ ლანძღვით მოიწყოს, ეს მისი პრობლემაა. გითხრათ, რომ პროვოკაცია არ მომიწყვია? ნამდვილად არ მომიწყვია და არ ვაპირებ იმ ადამიანებს ვუპასუხო, რომლებიც დგანან ჩვენს ოფისთან და იმას ქადაგებენ, თუ როგორ უნდა გვიყვარდეს რუსეთი.“

ნინო ჯანგირაშვილმა ეს განცხადება ტელეკომპანია „კავკასიის“ მხარდამჭერი აქციის ფონზე გააკეთა. 10 ივნისს ტელევიზიის ოფისთან შეკრებილმა რამდენიმე ჟურნალისტმა სოლიდარობა გამოუცხადა კოლეგებს, რომლებსაც ბოლო დროს ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ უწევთ მუშაობა. აი, რა განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჟურალისტმა ელისო ჩაფიძემ:

„ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ განახორციელებს თავისუფალ მედიაზე ზეწოლას, იქნება ეს ხელისუფლების წარმომადგენელი თუ ოპოზიციონერი - ყველა შემთხვევაში ხმა უნდა ამოვიღოთ. უნდა იცოდნენ, რომ „კავკასია“ მარტო არ არის და მასზე თავდასხმა უნდა შეწყდეს!“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG