Accessibility links

logo-print

მედიამონიტორინგის შედეგები


მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

მედიამონიტორინგის შედეგების პრეზენტაცია

საზოგადოებას მედიამონიტორინგის ანგარიშები წარუდგინეს იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც არჩევნებამდე და მის შემდგომ მედიის მუშაობას აკვირდებოდნენ. ეს კვლევის შედეგები წარმოადგინა ევროკავშირის დელეგაციამდა გაეროს განვითარების პროგრამამ, რომელიც კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მონაცემებს ეყრდნობოდა. მათი ანგარიში მოიცავს არჩევნებამდე 5 კვირით ადრე და არჩევნებიდან ერთი კვირის განმავლობაში პერიოდს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკვეთით კვლევას აწარმოებდა უკრაინული სოციოლოგიური სამსახური ”პრომოვა”, რომელიც, თავის მხრივ, სამი ქართული სოციოლოგიური კვლევის ჯგუფის მონაცემებს იყენებდა - ესენია: პრაიმ-ტაიმი, ჯიბისი და აიპიემი. ამ ჯგუფის კვლევის პერიოდი იყო აპრილ-მაისის თვეები.

თვითმმართველობის არჩევნების მედიაგაშუქების კვლევას საქართველოში ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აწარმოებდნენ სხვადასხვა სოციოლოგიური სამსახურები. ეს სამსახურები იკვლევდნენ, რომელმა ტელევიზიამ რამდენი დრო დაუთმო არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს, პარტიებს, რა დრო დაეთმო პოლიტიკურ ფასიან და უფასო რეკლამას, როგორი იყო არჩევნებში მონაწილე სუბიექტების გაშუქების ტონი საინფორმაციო გამოშვებებსა თუ თოქშოუებში.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ხარისხობრივ და რაოდენობრივ გაშუქებას. რადგან, კვლევის სამსახურების განცხადებით, მხოლოდ იმის გარკვევა, თუ რომელი ტელევიზია რა დროს უთმობს ამა თუ იმ პოლიტიკურ სუბიექტს, ობიექტურ სურათს ვერ ასახავს.

უკრაინული კომპანია ”პრომოვას” მმართველი დირექტორის ევგენი გლებოვიცკის განმარტებით, მათმა ორგანიზაციამ მოამზადა ჩაღრმავებული თვისებრივი და შემაჯამებელი რაოდენობრივი დასკვნა, ანუ ის მხოლოდ იმაზე არ იყო მიმართული, რომელ კანდიდატს რომელ სატელევიზიო არხზე რა დრო დაეთმო. აი. როგორ ხსნის კვლევის ამ მეთოდის არსს თავად ევგენი გლებოვიცკი:

”ჩვენ, ძირითადად, სატელევიზიო სიუჟეტებზე გავამახვილეთ ყურადღება. აი, მაგალითად, თუ რომელიმე პოლიტიკოსი საუბრობს თავის თავზე პირველ პირში, ხოლო მეორე პოლიტიკოსზე საუბრობს მისი ოპონენტი, ასეთ შემთხვევაში ძალიან ადვილია მანიპულირება. სწორედ ასეთ რამეებზე დაკვირვებით და მონიტორინგით ხდება შესაძლებელი ჟურნალისტიკის საერთო ხარისხის გაზრდა. ახლა წინ არის დიდი სამუშაო, თუ როგორ მუშაობდა მედია არჩევნების დროს, რა შეცდომებს უშვებდა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას თუ ესმის ის განსხვავებები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენი მონიტორინგი არ იყო მიმართული იმის გამოსარკვევად, რომელიმე ტელევიზიის ეთერში რომელიმე კანდიდატს მეტი უპირატესობა ჰქონდა თუ ნაკლები. ამიტომ ჩვენს კვლევას ეუთოს კვლევას ვერ შევადარებდი. ჩვენ, უბრალოდ, საზოგადოებას მივეცით შესაძლებლობა, საკუთარ თავს ახლებურად შეხედონ და შეაფასონ.”

მისივე დასკვნით, მედია - ეს ეხება ყველა ტელევიზიას, რომელიც საქართველოში მაუწყებლობს - ეცადა ყოფილიყო მიუკერძოებელი და ობიექტური. ყველა ის შეცდომა, რომლიც, მისი აზრით, დაშვებული იყო, გამოწვეულია ჟურნალისტების დაბალი პროფესიონალიზმით.

”პრომოვას” ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელი ვიქტორია ბრინზა აცხადებს, რომ ყველა ასეთი კვლევის გათვალისწინება სწორედ მედიის განვითარებისკენაა მიმართული. აი, რას ამბობს ვიქტორია ბრინზა:

”ხარისხობრივმა კვლევამ აჩვენა, რომ დროის მარტივად გამოთვლა-განაწილებას სატელევიზიო ეთერში ყოველთვის არ მოაქვს ისეთი რეზულტატი, რომელიც მედიის განვითარებაზე მიუთითებს და რომელიც გაზრდის ჟურნალისტების პროფესიონალიზმს. ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მონიტორინგის შედეგებს და რეკომენდაციებს გაითვალისწინებს ქართული მედია. ეს რეკომენდაციები მას მხოლოდ დაეხმარება განვითარებაში.”

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, უმჯობესი იქნებოდა კვლევის ის მეთოდოლოგიები, რომელთაც სხვადასხვა სოციოლოგიური სამსახურები იყენებენ, თავიდანვე ცნობილი ყოფილიყო, რადგან შემდგომში გაცილებით იოლი იქნებოდა იმის გაგება, სად დაუშვა შეცდომა ტელევიზიამო. აი, რას ამბობს ლევან გახელაძე ამ თემაზე:

ლევან გახელაძე, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.
”რისთვის კეთდება ეს ყველაფერი? - იმისთვის, რომ მიგვითითონ ნაკლოვან მხარეებზე, შეცდომებზე. ...მაგრამ ის მეთოდოლოგიები, რომელთაც სხვადასხვა კვლევის ცენტრები იყენებენ, განსხვავებულია და შეიძლება ის, რაც ერთმა ცენტრმა დადებითად შეაფასოს, მეორემ ნაკლად ჩაგითვალოს. არის ტელევიზია, რომელსაც, ბოდიში და, ფეხებზე ჰკიდია ეს შეფასებები, მაგრამ მე საზოგადოებრივ ტელევიზიას წარმოვადგენ და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია შეფასებები და ასევე მგონია, რომ ეს შეფასება ერთიან მეცნიერულ მიდგომას უნდა ეფუძნებოდეს. ”

გაეროს განვითარების პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის კოორდინატორის სოფო ჭიჭინაძის განცხადებით, კვლევის მთავარი შედეგი არის ის, რომ გამოჩნდა მედიატენდენციები, გამოჩნდა, რომ თანდათანობით მედია უფრო და უფრო დაბალანსებული ხდება:

”შედეგი იყო საკმაოდ კარგი - საკმაოდ დაბალანსებული იყო წინასაარჩევნო მედია საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ძალინ ბევრი ხარვეზი იყო და ეს აისახა საექსპერტო კვლევაში, რაც გამოქვეყნდა. ჩვენთვის ძალიან გასახარი იყო ის, რომ კვირიდან კვირამდე ეს ბალანსი უმჯობესდებოდა.”
XS
SM
MD
LG