Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიის არჩევნებში ლიბერალები ლიდერობენ, ანტიისლამური პარტია პოზიციებს იმყარებს


გეერტ ვილდერსი, ჰოლანდიის თავისუფლების პარტიის ლიდერი
გეერტ ვილდერსი, ჰოლანდიის თავისუფლების პარტიის ლიდერი
ჰოლანდიაში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგად, პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა ისლამის კრიტიკით და იმიგრაციის მოწინააღმდეგე პოზიციით ცნობილმა თავისუფლების პარტიამ, რომელიც ქვეყნის პარლამენტში სიდიდით მესამე პარტია გახდა. ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა და მთავრობის შესაქმნელად კოალიციის ჩამოყალიბება იქნება აუცილებელი. ამ ვითარებამ შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს თავისუფლების პარტიის გავლენა:

ჰოლანდიელ პოლიტიკოსებს - მას შემდეგ, რაც საპარლამენტო არჩევნებმა უმრავლესობის შესაქმნელად საჭირო მანდატების რაოდენობა ვერც ერთ პარტიას ვერ მოუტანა - კვირების განმავლობაში მოლაპარაკებების წარმოება ელით.

150 ადგილიან პარლამენტში ყველაზე მეტი, 31 ადგილი, მემარჯვენე-ცენტრისტულმა ლიბერალურმა პარტიამ მოიპოვა. მას მხოლოდ ერთი მანდატით ჩამორჩებიან ლეიბორისტები.

გეერტ ვილდერსის თავისუფლების პარტიამ, რომელიც, როგორც თვითონ აცხადებს, ქვეყნის „ისლამიზაციას“ ეწინააღმდეგება, პოზიციები მნიშვნელოვნად გაიმყარა და პარლამენტში სიდიდით მესამე პარტია გახდა. მან გაუსწრო ახლანდელი პრემიერ-მინისტრის, იან პეტერ ბალკენენდეს, ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას.

ბალკენენდემ მარცხის მასშტაბი აღიარა და პარტიის ლიდერის პოსტიდან წავიდა:

„ამ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანია - ეს იმას ნიშნავს, რომ მე, როგორც პარტიის ლიდერმა, პასუხისმგებლობა უნდა ვიკისრო. როგორც პარტიის ხელმძღვანელმა, პარტიის წევრებს ვუთხარი, რომ პოსტს დაუყოვნებლივ ვტოვებ. ამასთან, მათ მოვახსენე, რომ ახალ პარლამენტში წევრად არ უნდა ვიყო მივლენილი. ყოველივე ეს ჩემი მხრიდან პასუხისმგებლობის აღების ნაწილია.“

მთავრობის ყოფილი მრჩევლის, იან ვისის, აზრით, ბალკენენდეს წასვლით „პოლიტიკური გარემო მნიშვნელოვნად იცვლება“. მისი თქმით, პოლიტიკური ცენტრი შუაზე გაიყო, რაც სიცოცხლისუნარიანი მთავრობის შექმნას ბევრად ართულებს.

თავისუფლების პარტიის ლიდერი ვილდერსი კი კარგ გუნებაზეა - აცხადებს, ჰოლანდიელებმა მეტი უსაფრთხოება, ნაკლები დანაშაული, ნაკლები იმიგრაცია და ნაკლები ისლამი აირჩიესო.

კოალიციის შექმნის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებში ვილდერსის პარტია მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ლიბერალების ლიდერმა მერკე რუტემ უკვე თქვა, კოალიციისთვის არც ერთ პარტიას არ გამოვრიცხავო. თუმცა ლეიბორისტების ლიდერი იობ კოენი ეწინააღმდეგება ვილდერსის მემარჯვენეებთან გაერთიანებას:

„არა მგონია, რომ გეერტ ვინდერსთან უნდა ვითანამშრომლოთ. ამ პოზიციაზე აქამდეც ვიდექი და ის არც ახლა შემიცვლია.“

ჰოლანდიურ პრესაში დაიბეჭდა ამსტერდამის უნივერსიტეტის პოლიტიკის პროფესორის ფილიპ ვან პრააგის სიტყვები, რომ ერთ-ერთი შესაძლებლობაა კოალიცია, რომელშიც მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც გაერთიანდებიან, თავისუფლების პარტიის გარეშე. ამგვარ კოალიციაში შევიდოდნენ ლიბერალები, ლეიბორისტები, ისევე როგორც შედარებით მცირერიცხოვანი პარტიები - დემოკრატები-66 და მწვანეები.

მაგრამ ეს, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ლიბერალების საბიუჯეტო მომჭირნეობის პროგრამაზე. წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეს პროგრამა ამ პარტიის პლატფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. რუტეს უნდა ხარჯები 39 მილიარდი ევროთი შეამციროს - ლეიბორისტების პროგრამა კი გაცილებით ნაკლებად რადიკალურია და ხარჯების უფრო მცირე მასშტაბით შეკვეცას ითვალისწინებს.

ჰოლანდიელი ამომრჩეველი, როგორც ჩანს, მოთმინებით უყურებს არჩევნების შედეგად შექმნილ პოლიტიკურ დაბნეულობას და კოალიციის შესახებ მოლაპარაკების დაწყებას ელოდება. ყოველ შემთხვევაში, სააგენტო „როიტერთან“ საუბარში ვითარებას სწორედ ასე გამოეხმაურა ერთ-ერთი ამომრჩეველი, სახელად კატერინი:

„ამას ყოველთვის დიდი დრო სჭირდება ხოლმე - ასეთ ვითარებას მიჩვეულები ვართ. ზოგჯერ თვეებიც კი გადის ხოლმე. იმედია, ამჯერად რამდენიმე კვირაში გადაწყდება. მათ სწრაფად უნდა იმოქმედონ.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG