Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

11 ივნისს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი იწყება!


პარასკევს იოჰანესბურგში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, როცა მსაჯი თავის მთავარ იარაღს ჩასტვენს, ერთი ფეხბურთელი მეორეს ბურთს მიუგორებს, დაიწყება ფეხბურთის მოყვარულთა უდიდესი ზეიმი, მსოფლიო ჩემპიონატად წოდებული, მსოფლიოს თასის ფინალური ტურნირი.

სამხრეთ აფრიკისთვის ეს პირველი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატია. ამ არეალში 1862 წელს გამართულა პირველი საფეხბურთო მატჩი, მაგრამ ახლანდელი თამაშები - მათი რიცხვი სულ 64-ია - არასოდეს დაავიწყდებათ აფრიკელებს. ჩემპიონატის ლოზუნგი ასე ჟღერს თავისუფალ თარგმანში: „დადგა დრო, ვიზეიმოთ აფრიკის ადამიანურობა“. ეს სიტყვა - „ზეიმი“ - წინა პლანზეა ამ ჩემპიონატზე იმის გამოც, რომ „ადიდასის“ მიერ საგანგებოდ ამ ჩემპიონატისთვის მომზადებული ბურთის სახელი, „ჯაბულანი“, ზულუს ენაზე სწორედ ზეიმს ნიშნავს.

ბურთის ავკარგიანობას ქვემოთ კვლავ მივუბრუნდებით. ჩემპიონატი ერთი დიდი საფინანსო ფირმაა. ფული მაყურებელმა უნდა მოიტანოს, სხვათა შორის. ჯერჯერობით ბილეთების - მათი საერთო რიცხვი 30 მილიონია - გაყიდვის ტემპი არ არის ისეთი, როგორსაც ორგანიზატორები მოელოდნენ. ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის - ფიფას - გენერალურმა მდივანმა ჟერომ ვალკემ თქვა, ვერ ვიტყვი, ყველა ბილეთი გაიყიდება, მაგრამ კარგად გაიყიდებაო.

ბილეთებიდან შემოსული თანხა სოლიდური ნაწილია ხარჯისა - ის მილიარდ დოლარს საგრძნობლად აღემატება.

ფიფა აცხადებს, რომ ჩემპიონატისთვის მზადება ურიგოდ არ ჩატარდა, მაგრამ მთავარ პრობლემად კვლავ უსაფრთხოებას მიიჩნევენ. ხუთშაბას, ჩემპიონატის გახსნის წინა დღეს, ამ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ დენი იორდაანმა თქვა, ეს ჩემპიონატი საუკეთესო იქნებაო, რითაც ის, ჩანს, უკვე შეშფოთებულებს ამშვიდებს. შეშფოთება კი, სულ მცირე, უკავშირდება ბოლო დღეების ძარცვას იოჰანესბურგში. არაერთი ჟურნალისტი და მოთამაშე გახდა ქურდობის მსხვერპლი. ძარცვა ერთია, მეორეა ძალადობის შიში. ყველას ახსოვს, 6 ივნისს ნიგერიისა და ჩრდილოეთ კორეის ამხანაგური თამაშის შემდგომ მოვლენებს 16 პირის დაშავება რომ მოჰყვა. ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა თქვა, უსაფრთხოებისთვის პასუხისმგებლობა სამხრეთ აფრიკის მთავრობას ეკისრებაო:

„საფეხბურთო ორგანიზაციებს არც რეგიონალურ, არც ადგილობრივ, არც ეროვნულ და არც საერთაშორისო დონეზე არ ჰყავთ პოლიციური თუ სამხედრო ძალები, რათა უსაფრთხოება დაიცვან. უსაფრთხოების უზრუნველყოფა ყოველთვის იმ სახელმწიფოს საქმეა, სადაც სპორტული შეჯიბრი იმართება.“

მსოფლიო ჩემპიონატის დროს ტერორისტული თავდასხმებისაც ეშინიათ. თუმცა ჩემპიონატის მასპინძელი ამ საფრთხეს სერიოზულად არ მიიჩნევს, მან მაინც გამოჰყო 40 ათასი პოლიციელი, რომლებიც წესრიგს დაიცავენ ტურნირის დროს.

ჩემპიონატის ორგანიზატორებს მსაჯობის სფეროშიც მოუწოდებენ მიმართონ ზომებს, რათა არ განმეორდეს ის, რაც წინა ჩემპიონატის დროს მოხდა, როცა საფრანგეთის ნაკრების წამყვანი ფეხბურთელი, ზინედინ ზიდანი, დამატებითი დროის დასრულებამდე გააძევეს მოედნიდან მოწინააღმდეგე გუნდის, იტალიის მოთამაშე მარკო მატერაცის პროვოკაციულ ქცევაზე პასუხის გამო. ზიდანმა მაშინ მატერაცის თავით უბიძგა მკერდში. ახლანდელი ჩემპიონატის წინ ირლანდიის ნაკრები ტურნირს გარეთ დარჩა, როცა საფრანგეთის ნაკრებთან დამარცხდა. მართალია, საფრანგეთმა ტიერი ანრის მიერ წესების დარღვევით, ხელით თამაშის წყალობით მოიგო, ფიფამ უარი თქვა მატჩის გამეორებაზე. იოზეფ ბლატერი ლაპარაკობს მსაჯობაში შეცდომის შესაძლებლობაზე ყველგან და ყოველთვის, მაგრამ არ მიაჩნია, რომ სამსაჯო სისტემა შესაცვლელი იყოს:

„თუკი იმის განხილვას დავიწყებთ, რომ მსაჯს არ შეუძლია შეცდომის დაშვება, მაშინ მთელი სამსაჯო სისტემა უნდა გადავსინჯოთ.“

ბლატერი უარზეა დამატებითი მსაჯი დანიშნონ, ასევე არ სურს გამოიყენონ ტექნოლოგია მსაჯის გადაწყვეტილების გასაკონტროლებლად.

ზემოთ „ადიდასის“ ახალი ქმნილება - ბურთი, სახელად „ჯაბულანი“ - ვახსენეთ. ბურთით უკმაყოფილებას გამოთქვამენ მეკარეები - ესპანეთის კარის მცველი იკერ კასიასი, მისი იტალიელი კოლეგა ჯანლუიჯი ბუფონი, ასევე ბრაზილიელი ჟულიო ცეზარი. ამბობენ, ბურთის მოძრაობის ტრაექტორიის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელიაო. არიან მისი მოძრაობით კმაყოფილებიც - ასევე წამყვანი გუნდების წამყვანი ფეხბურთელები, რომლებმაც უკვე მოსინჯეს მისი, ასე ვთქვათ, ქცევის მანერა. ვნახოთ, არის თუ არა ეს მხოლოდ მეკარეების წუწუნი, თორემ ბურთის მიმართულების განსაზღვრა რომ ყოველთვის შეიძლებოდეს, მაშინ ემოციები, სიხარული და მწუხარება, მოგება და წაგება, მათი მოლოდინი აზრს დაკარგავდა.

აფრიკა დიდი სიამაყით ეგებება მსოფლიო ჩემპიონატს, მილიარდობით ადამიანი მთელ მსოფლოში ასევე თადარიგს იჭერს. მომავალი ოცდაათი დღე ფეხბურთისაა.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG