Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გენდერული თანასწორობა და სტერეოტიპები


7 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ოფისში ომბუდსმენის აპარატის, ბავშვისა და ქალის უფლებების ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის ინიციატივით გაიმართა მრგვალი მაგიდა გენდერული თანასწორობის თემაზე. ქალთა უფლებებზე ამჯერად ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებმა იმსჯელეს.

გენდერული თანასწორობის საკითხზე სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში აუცილებელია იმ ადამიანებს ვკითხოთ, რომლებმაც მეტ-ნაკლებად გამოსცადეს თავიანთ თავზე შეუწყნარებლობა და ძალადობა.. ამას დიდი ხანია ამტკიცებენ ქალთა უფლებების დამცველები. ამიტომაცაა, ალბათ, რომ სახალხო დამცველის ოფისში გამართულ მრგვალ მაგიდასა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული გენდერული თანასწორობის საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარესთან, რუსუდან კერვალიშვილთან შეხვედრას დაესწრნენ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. როგორც სახალხო დამცველის ოფისის კოორდინატორმა, ფსიქოლოგმა ანა არგანაშვილმა გვითხრა, ”მრგვალი მაგიდა” ამ ადამიანების გააქტიურებას ისახავდა მიზნად გენდერული თანასწორობის შესახებ საქართველოს კანონის იმპლემენტაციისა და გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების ღონისძიებათა 2010-1013 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. ანას თქმით, ამასთან ერთად,

გაეროს განვითარების პროგრამამ წარმოადგინა კვლევა, სადაც ასახულია გენდერული თანასწორობის ამჟამინდელი სტერეოტიპები.

ქალთა უფლებების დამცველი, ფილოსოფოსი ლელა გაფრინდაშვილი შეგვახსენებს, რომ ამ სტერეოტიპების შესახებ არაერთხელ თქმულა კონფერენციებზე, რომლებიც გენდერული თანასწორობის საკითხებს მიეძღვნა. ამ სტერეოტიპებს დიდი ადგილი ეთმობა ამერიკის იურისტთა ასოციაციისა და ევროპის საკანონმდებლო ინიციატივების ორგანიზაციით შემუშავებულ კონვენციაში, რომელიც ქალის მიმართ ძალადობის აღმოფხვრას ითვალისწინებს.

თავად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ ქალთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე არაერთ ქვეყანაშია დაცული და საქართველოს ხელისუფლებაც წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ქალებს ჩვენში პრობლემა არა აქვთ - მათი უფლებები ყველანაირადაა დაცული. მაგრამ არასამთავრობო ორგანიზაციები ქალის მიმართ ძალადობის უამრავ ფაქტს ფლობენ. ანა არგანაშვილმა გვითხრა, რომ მომავალში სახალხო დამცველის ოფისი უფრო მჭიდრო ურთიერთობას აპირებს ამ ორგანიზაციებთან.

სახალხო დამცველის ოფისში მოწყობილ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობებისა და სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენელთა მხარდაჭერა სახალხო დამცველის ოფისისთვის დიდი ხანია გასცდა მხოლოდ ინფორმაციისა და სტატისტიკის შეგროვების სფეროს..ახლა მთავარია, ამ ჯგუფებში ქალები უფრო მეტად გააქტიურდნენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG