Accessibility links

კროული: "საქართველოს საკითხი წაგება-მოგების პოზიციიდან განსახილველი რამ არ არის"


ფილიპ კროული

ფილიპ კროული

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ფილიპ კროულის 10 ივნისს გამართულ ბრიფინგზე, სხვა შეკითხვებთან ერთად, დაუსვეს კითხვა აშშ-რუსეთის ურთიერთობაში საქართველოს ფაქტორთან დაკავშირებით. "იყო რაღაც განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველო აღარ არის წინაღობა - რა მოხდა, საქართველოში შეჭრა აღარ არის წინაღობა აშშ-სა და რუსეთის ურთიერთობაში?" - ასეთი იყო ჟურნალისტის შეკითხვა.

ფილიპ კროულიმ განცხადებების დაზუსტება ითხოვა. მას შემდეგ, რაც ჟურნალისტისგან მიიღო პასუხი, რომ შეკითხვა ეფუძნებოდა ბოლო დროს გამოქვეყნებულ სტატიებს, რომლებშიც საქართველოს საკითხზე ადმინისტრაციის პოზიციის ცვლილებაზე იყო საუბარი, კროულიმ უპასუხა: "ვფიქრობ, რომ ეს წაგება-მოგების პოზიციიდან განსახილველი ასპექტი არ არის. ანუ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ რუსეთთან უამრავ საკითხზე. ჩავრთეთ ხელახალი ჩატვირთვის ღილაკი და, ვფიქრობ, კმაყოფილები ვართ პროგრესით, რომელსაც რუსეთთან თანამშრომლობაში მივაღწიეთ. გვაქვს თუ არა რუსეთთან უთანხმოება იმის გამო, რაც ორიოდე წლის წინ საქართველოში მოხდა და უფრო იმაზე - როგორ აღიქვამს ის თავის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს რეგიონში და აგრეთვე როგორ აღვიქვამთ ჩვენ საქართველოს უფლებებსა და პასუხისმგებლობებს რეგიონში? დიახ, კვლავაც გვაქვს - ამ საკითხის ყველა ასპექტზე კვლავაც ვერ ვთანხმდებით. მიმდინარე კვირაში ევროპაში გვქონდა შეხვედრა და და საშუალება, რომ რუსეთთან განგვეხილა მიმდინარე ვითარება. ნამდვილად გვსურს, ვითარება იყოს სტაბილური, ნორმალური და იყოს წინსვლა ამ საკითხში. ჩვენ უთანხმოება გვაქვს რუსეთთან სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში არსებული ვითარების გამო და ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს. ასე რომ, საქმე ისე არ არის, რომ წინაღობა არსებობს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ რუსეთთან, რომ მივაღწიოთ უფრო მშვიდობიან და სტაბილურ ვითარებას კავკასიაში” - განაცხადა კროულიმ.

მის პირველ პასუხს მოჰყვა კიდევ ერთი შეკითხვა: "არის, თუ არა რუსეთის ქცევა ნაკლებად შემაშფოთებელი თქვენთვის ახლა ამ ხელახალი დატვირთვისა და იმის გამო, რომ გსურთ წინსვლა და ურთიერთობების გაუმჯობესება?"

კროულის პასუხი: "მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ რეგიონული უსაფრთხოების საკითხები რუსეთთან ჩვენი დიალოგის განუყოფელი ნაწილია. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესები, მაგრამ, შესაძლოა, ერთნაირად არ განვიხილავდეთ რეგიონის მიმართ ჩვენი საერთო ინტერესების ყველა ასპექტს. თუმცა, ნამდვილად, არ დაგვვიწყებია, რა მოხდა საქართველოსა და რუსეთს შორის. კვლავაც ვცდილობთ, ავუხსნათ რუსეთს, რომ ვითარებას შეცვლა სჭირდება. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რეგიონში მისი უფლებების მხარდაჭერას. ასე რომ, ეს ასპექტი არა იმდენად წინაღობაა, რამდენადაც რუსეთთან მიმდინარე დიალოგის ნაწილი, როგორც ეს დადასტურდა კიდეც ევროპაში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ გორდონის სტუბრობისას" - განაცხადა კროულიმ და დააზუსტა: "სწორი იქნებოდა, თუ ვიტყოდით, რომ რუსეთთან შევთანხმდით, რომ გარკვეულ ასპექტებზე ვერ ვთანხმდებით."
XS
SM
MD
LG