Accessibility links

logo-print
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო თითქმის ერთთვიან შვებულებაში მყოფი საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე 11 ივნისს შეიკრიბა. დღის წესრიგით, განსახილველია 26 საკითხი, მათ შორის, საქართველოს მთავრობის ანგარიში 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მთავრობის ანგარიშის მოსმენის გარდა, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ყურადღების ცენტრშია მოქცეული ასევე 2010 წლის ბიუჯეტის ცვლილებების განხილვაც. მიმდინარე სამუშაო კვირის განმავლობაში პარლამენტის საკომიტეტო მოსმენების ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი სწორედ ბიუჯეტის ზრდა იყო. 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება. აღნიშნული ცვლილებების დამტკიცების შემდეგ ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 6 მილიარდ 974 მილიონ ლარს მიაღწევს. 2010 წლის ბიუჯეტის შესწორების საფუძველზე მიღებული ნამატი თანხები, ძირითადად, პენიტენციალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება, აღნიშნა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ზურაბ მელიქიშვილმა:

”ასევე მნიშვნელოვანია დევნილების ყოფის გასაუმჯობესებლად მიმართული თანხები, მნიშვნელოვანია 2009 და 2010 წლის განმავლობაში სტიქიური მოვლენებით მოყენებული ზიანის სალიკვიდაციოდ მიმართული თანხები, ასევე წყლის პროექტებისა და წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესებისათვის მთელ რიგ სოფლებში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრიორიტეტები არის სწორად შერჩეული, თუმცა შეიძლება არსებობდეს გარკვეული შენიშვნები ან უმრავლესობაში, ან ოპოზიციაში. ჩვენ ამ შენიშვნებით პროექტს მთავრობას გადავუგზავნით.

2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ზრდას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, სავარაუდოდ, 18 ივნისს უყრის კენჭს, 11 ივნისს კი დღის წესრიგში 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების საკითხი იდგა.

”ბოლო ათწლეულების განმავლობაში 2009 წელი, ფინანსური თვალსაზრისით, ყველაზე რთული აღმოჩნდა როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის”, - აღნიშნა დეპუტატების წინაშე გამოსვლისას საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ პაპუნა პეტრიაშვილმა. ამ მიმართულებით არსებულ სამ უარყოფით ფაქტორს შორის მან დაასახელა 2008 წლის რუსული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და 2009 წლის პირველ ნახევარში ქვეყნის შიგნით არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება:

”საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, კრიზისს ვერ ავცდებოდით. მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა გასულ წელს შემცირდა 3, 9 მილიარდი ლარით, ხოლო საშუალო წლიურმა ინფლაციამ შეადგინა 1,7 პროცენტი. რაც შეეხება უშუალოდ რიცხვებს, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები შესრულდა 4 მილიარდ 916 მილიონი ლარით. ”

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თქმით, პრობლემების მიუხედავად, სახელმწიფომ შეძლო ყველა აღებული ვალდებულების შესრულება - მათ შორის, ისეთი სოციალური ხარჯებისა, როგორიცაა მასწავლებელთა ხელფასების ზრდა და პენსიები.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომლებიც დღის წესრიგში ჯერჯერობით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ რომელზეც პარლამენტი, სავარაუდოდ, შვებულებაში გასვლამდე გაამახვილებს ყურადღებას, მათ შორისაა, მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველის 2009 წლის მეორე ნახევრის ანგარიში, რომლის დაუყოვნებლივ მოსმენა პარლამენტის მიერ დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ მოითხოვა:

”პენიტენციური სისტემის შეფასების კუთხით, ეს დასკვნა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ერთ პატარა მაგალითს მოგიყვანთ. ამ დასკვნის მიხედვით, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ სამკურნალო დაწესებულებას არ გააჩნია სამკურნალო დაწესებულების იურიდიული სტატუსი, მაშინ როცა იქ მკურნალობას გადის რამდენიმე ათეული ფსიქიურად დაავადებული ადამიანი. ეს არის სამართლებრივი ხასიათის ნონსენსი.”

დიმიტრი ლორთქიფანიძე ითხოვს, ომბუდსმენის მიერ წარდგენილ დოკუმენტს პარლამენტმა დადგენილებით უპასუხოს და, შესაბამისად, საკუთარი პოზიცია გამოხატოს აღმასრულებელი ხელისუფლების რიგი უწყებების ქმედებებთან დაკავშირებით. დიმიტრი ლორთქიფანიძის პასუხად, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს პარლამენტი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოისმენს. სესია, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამო შეწყდა, სავარაუდოდ, კიდევ ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში გამოიკვეთება ისიც, არჩევნებზე გამოვლენილი საკანონმდებლო ხარვეზების გამოსასწორებლად რომელ სამუშაო ფორმატს მიენიჭება უპირატესობა. ქრისტიან-დემოკრატები ითხოვენ, რომ საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად სამუშაო ჯგუფებმა საქმიანობა ზაფხულშივე დაიწყონ.
XS
SM
MD
LG