Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოახერხებს თუ არა ოპოზიცია მრავალგზის ნაცად გაერთიანებას?


30 მაისის არჩევნების შემდეგ არასაპარლამენტო ოპოზიციურ სპექტრში ახალი გზის ძებნისა და ერთგვარი გადანაწილების პროცესები დაიწყო. ოპოზიცია ცდილობს გაერთიანდეს ცალკეული იდეების, პრინციპებისა თუ კონცეფციების გარშემო, თუმცა შემოთავაზება არაერთია, რაც სწრაფი არჩევანის გაკეთებას აძნელებს. ოპოზიციური ძალების სავარაუდო გაერთიანების მთავარ ამოცანად ხშირად სახელდება ვადამდელი არჩევნების მიღწევა და სააკაშვილის რეჟიმის შეცვლა. ვინ და როგორ აპირებს ამის გაკეთებას და რით შეიძლება დამთავრდეს ოპოზიციური ძალების გაერთიანების კიდევ ერთი მცდელობა?

ბოლო შეთავაზება, რომელიც ოპოზიციურმა სპექტრმა მიიღო, ყოფილი მაღალჩინოსნების დუეტს ეკუთვნის. „მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ და სწორედ იმ დროს შეათანხმეს პრინციპები, რამაც, მათი აზრით, ქვეყანა კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს. ნოღაიდელი ამბობს, რომ ეს უნდა იყოს ორგანიზაციულ დისციპლინაზე აგებული ერთობა, რომელმაც ადამიანებს კარგად უნდა აუხსნას, თუ როგორ მოგვარდება მათი პრობლემები სააკაშვილის რეჟიმის შეცვლის შემდეგ და რატომ არის ეს აუცილებელი. ახალი შეთავაზება თანამოაზრეებს ელოდება.

”ჯერჯერობით კონსულტაციები ამ გაერთიანებასთან დაკავშირებით არ მიმდინარეობს... ვინც საჭიროდ ჩათვლის, რომ მიიღოს მონაწილეობა ამ რეჟიმის შეცვლაში, ყველა მიიღებს მონაწილეობას...”, - ამბობს ოქრუაშვილი.

ნოღაიდელი ოქრუაშვილთან სამომავლო გეგმებს არა ეროვნული საბჭოს, არამედ საკუთარი პარტიის სახელით აწარმოებს, - ხაზგასმით ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ეროვნული საბჭოსა და კონსერვატიული პარტიის ერთ-ერი ლიდერი, კახა კუკავა. ნოღაიდელი-ოქრუაშვილის დაახლოების პარალელურად იკვეთება ერთი საყურადღებო პროცესი - ირკვევა, რომ პრაქტიკულად გაუქმებულა ეროვნული საბჭო, რომლის, როგორც საარჩევნო ბლოკის, ფუნქციას კუკავა ამოწურულად მიიჩნევს. მეტიც, შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ისინი ვიხილოთ ოქრუაშვილის გვერდით მომავალში, კუკავას ამ ეტაპზე პრინციპულად უარყოფითი პასუხი აქვს:

”არა, ეს ვარიანტი ჩვენ მიერ არ განიხილება... არა ოქრუაშვილის პრობლემის გამო, არამედ ასეთი ტიპის გაერთიანების საკითხი ჩვენ მიერ საერთოდ არ განიხილება... ჯერ ოპოზიციის სამოქმედო გეგმა უნდა გამოიკვეთოს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი ამ სამოქმედო გეგმის ირგვლივ ახალი პოლიტიკური კოალიციის შექმნაზე...ეს უნდა იყოს პარიტეტი, უნდა შეიქმნას იმ პოლიტიკური ძალების პარიტეტი, რომლებიც რეალურად ესწრაფვიან მიხეილ სააკაშვილის რეჟიმის შეცვლას...”

კონსერვატორებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ რა გზით წავლენ. ფაქტია, რომ კონკრეტული ლიდერების გარშემო გაერთიანებას ისინი არ აპირებენ. მათ შორის, არც კონკრეტულად ყოფილი ალიანსელის, სოზარ სუბარის ქართული იდეის გარშემო ხედავენ გაერთიანების პერსპექტივებს.

სამაგიეროდ, სუბარის ავტორობით, თვითმყოფადობის, პროგრესისა და უსაფრთხოების 3 პრინციპზე დაფუძნებული „ქართული იდეის“ ამოქმედებას ორივე ხელით უჭერს მხარს „დაიცავი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გაჩეჩილაძე:

”ერთ-ერთი აქტიური წევრი ვიქნები როგორც ამ იდეის შექმნის და დადების, ასევე ამ იდეის ირგვლივ საზოგადოების კონსოლიდაციის...”

გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ”ქართული იდეის” გარშემო საზოგადოების ენერგეტიკის მაქსიმალური კონსოლიდაცია უნდა მოხდეს და თუკი ეს მოხდება, თავად საზოგადოებაში გაჩნდება ახალი პოლიტიკური ძალის შექმნის მოთხოვნა, ძალისა, რომელიც ”მშვიდობიანი რევოლუციის გზით” შეცვლის სააკაშვილის მმართველობას. ჯერჯერობით ისევ არ კონკრეტდება, რა შემადგენლობის ჯგუფი მუშაობს ქართულ იდეასთან დაკავშირებული კონცეფციისა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. კარი აქაც ღიაა ყველასთვის. როგორც, მაგალითად, ნოღაიდელი ამბობს, მისი და სოზარ სუბარის თანამოაზრეთა იდეები ბევრ შემთხვევაში ემთხვევა ერთმანეთს, მაგრამ მოხდება თუ არა და როგორ მოხდება მათი შეჯერება, ამის გარკვევა დროის საქმეა.

ჯერჯერობით უცნობია საით გაუწევს გული „დემოკრატიული მოძრაობა -ერთიანი საქართველოს“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს, რომლისთვისაც მთავარ ამოცანას ვადამდელი არჩევნების მიღწევა წარმოადგენს. მისთვის კარი ღიაა, მათ შორის - ნოღაიდელი-ოქრუაშვილის წრეშიც.

მოსკოვის ფაქტორის გამო თანამშრომლობის დაუშვებლობასთან დაკავშირებული არაერთი განცხადების ფონზე, ნოღაიდელთან, სავარაუდოდ, ისევ ვერ ვიხილავთ „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენლებს, რომლებიც ვადამდელი არჩევნების დანიშვნამდე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების აუცილებლობას ხედავენ. უკვე დიდი ხანია ასევე საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე აკეთებს მთავარ აქცენტს ალასანიას „ალიანსი“, რომელიც ხელისუფლების მხოლოდ არჩევნების გზით შეცვლის (მის მიერ დეკლარირებული) ”თანმიმდევრული პოზიციის” გამო ბევრჯერ მწვავედ გააკრიტიკეს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა. ერთ-ერთი ბოლო იყო ლევან გაჩეჩილაძის მწვავე კრიტიკა, რომელიც ირაკლი ალასანიას 30 მაისის არჩევნებში მონაწილეობის საკითხს უკავშირდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად გაჩეჩილაძემ სულ რამდენიმე კვირით ადრე თქვა საბოლოო უარი არჩევნებში მონაწილეობაზე. თუმცა, როგორც თავად ირაკლი ალასანია ამბობს, გაჩეჩილაძის ”პოლიტიკური შეფასებები” მისთვის ”აბსოლუტურად უმნიშვნელოა”. ყოველივე ამის შემდეგ ადვილი მისახვედრია, რომ ქართული იდეის გარშემო გაერთიანებულთა შორის ალასანიას პოლიტიკურ ძალას ვერ ვიხილავთ.

და მაინც, შეძლებს თუ არა ოპოზიციური სპექტრი მანამდეც მრავალგზის უშედეგოდ ნაცად გაერთიანებას? მას, ვისაც ამ შეკითხვაზე დადებითი პასუხი აქვს, სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია უპასუხებს, რომ, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიციური ძალების გაერთიანება პრაქტიკულად წარმოუდგენელია:

”ვთვლი, რომ საქართველოში გაერთიანების რეალური იდეები არ არსებობს, იდეები, რომლებიც დასავლურ პოლიტიკურ ღირებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული და მნიშვნელობას გლობალურ კონტექსტშიც შეინარჩუნებდა. ამასთან, პროცესში მონაწილეობენ ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც მკვეთრად ურთიერთგანსხვავებული წარმოდგენები აქვთ და პოლიტიკური ბრძოლის მკვეთრად ურთიერთგანსხვავებულ პერსპექტივებს ემხრობიან”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ემზარ ჯგერენაიამ.

სოციოლოგი ფიქრობს, რომ ოპოზიციის გაერთიანებას ისიც აფერხებს, რომ მას არ ჰყავს გამოკვეთილი, ენერგიული, ქარიზმატული ლიდერი, რომელიც აუცილებელია ”ჩვენი ტიპის კულტურისთვის.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG