Accessibility links

logo-print
დღეს არაერთ გაზეთში ქვეყნდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვრცელი წერილი, რომელშიც წაიკითხავთ: ”ცესკოს თანამშრომლები აშკარად გრძნობენ საზოგადოების თუნდაც იოტისოდენ, მაგრამ სამართლიანად მოპოვებულ ნდობას და ეს არის ჩვენთვის მთავარი. ამიტომ არ იქნება ”არც ერთი ნაბიჯი უკან” - რამდენიც უნდა იქილიკონ სკეპტიკოსებმა. ცესკო მზადაა უკეთესი ცვლილებებისთვის, ამის სტიმული მას საქართველოს მოსახლეობამ მისცა!” - წაიკითხავთ წერილში, რომელიც ცესკოს ავტორობით ქვეყნდება რამდენიმე გაზეთში.

”პრეზიდენტის ვენეციური საიდუმლოებები” – ”რეზონანსი” მიხეილ სააკაშვილის ვენეციის კომისიაში გამოსვლას უბრუნდება და წერს: ”გარდა იმისა, რომ გუშინ მთელი დღე საუბარი იყო ერთ ქართულ საოცრებაზე - როგორ დაიკარგნენ ნაციონალები კონსტიტუციის თარგმანში და როგორ გაუგზავნეს ვენეციის კომისიას კონსტიტუციის პროექტის შეცვლილი ვერსია, დღეს ირკვევა, რომ პრეზიდენტმა ვენეციაში ქართული მედიაც გვარიანად მილანძღა და ჟურნალისტებს, საუკეთესო შემთხვევაში, სულ საძაგლები უძახა”, - წერს ”რეზონანსის” ავტორი. სტატიაში მოყვანილია პრეზიდენტის ციტატები: ”ფილოსოფია, რომლის უკანაც პირადად მე ვდგავარ, არის ძალიან მარტივი დ მდგომარეობს ღია საზოგადოებაში. ეს ღია საზოგადოება არსებობს საქართველოში. მასში შედის თავისუფალი მედია - ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია, რომელიც არის ძალიან, ძალიან აგრესიული და საძაგელი (nasty - სიტყვას უფრო არაკორექტული თარგმანიც აქვს, მაგრამ ვეცადეთ კორექტულები ვყოფილიყავით)” - წაიკითხავთ ”რეზონანსში”.

”ახალი თაობის” კორესპონდენტს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ქცევის მსგავსებაზე ესაუბრება: ”ჯერ უნდა ავირჩიოთ მედვედევი, რომ მოვიპოვოთ შემდეგ პუტინი. ეს ფორმულა არსებობს. იგი წარმატებულია რუსეთში და დიდი ალბათობა აქვს ამ ფორმულას საქართველოშიც წარმატებისა, რადგან, პრაქტიკულად, სახელმწიფო მართვის ყველა სფეროში ჩვენ ვართ ერთმანეთის ბეჯითი მოსწავლეები. ვერ გეტყვით, ვინ იგონებს და ვინ იმეორებს ამ იდეის ავტორობას. შეიძლება, ქართულ და რუსულ ხელისუფლებებს ერთმანეთში კიდევ რაიმე უთანხმოება მოუვიდეთ, მაგრამ იმაზე, რომ მეთოდები, მოდელები, მიდგომები სრულიად ტყუპის ცალებივით ჰგვანან ერთმანეთს, შეგვიძლია ცალკე კონფერენციის მოწვევაც.”

”ასე წარმოუდგენია სააკაშვილს ოპოზიციის მომავალი” - წაიკითხავთ ”საქართველოს რესპუბლიკის” პირველ გვერდზე კარიკატურაზე მსხვილი შრიფტით მინაწერს. კარიკატურაზე კი სატვირთო მანქანიდან საოფისე მაგიდებთან მსხდომ კაცებს მძღოლი ხრამში ყრის.

”საქართველოს რესპუბლიკაში” ქვეყნდება ვრცელი ინტერვიუ ”ეროვნული ფორუმის” ლიდერ კახა შარტავასთან: ”ან საარჩევნო გარემოს შეცვლის საკითხი უნდა გადაწყდეს და შეცვლილ გარემოში უნდა ჩატარდეს რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები, ან ამ ხელისუფლებას უნდა ჩამოერთვას არჩევნების ჩატარების უფლება, საერთოდ. ეს არის ამოცანა, რომლის გადაჭრასაც უნდა მოვახმაროთ ყრილობიდან დაწყებული, გარკვეული პერიოდი.”

”ვერსიის” ავტორი წერს, რომ ”საქმეში ჩახედულთა მტკიცებით, ”შაქრო კალაშოვს ციხეში ბევრი პრობლემა შეექმნება. ამის თაობაზე გაზეთს კრიმინალისტიკის ექსპერტი დავით აბაშიძე ესაუბრება: ”აღარ მინდა საუბარი მის სასახლეებზე თბილისში, რუსეთსა თუ ესპანეთში, მაგრამ ამ ქონების დაგროვებით, კალაშოვმა დაარღვია უმთავრესი ქურდული პრინციპი, რის გამოც მასაც შეიძლება აუწიონ ყური - მით უმეტეს, როცა ამ ყველაფრის დიდი ნაწილი ნარკოტიკების გასაღებით არის შეძენილი. ამიტომაც ვფიქრობ, კალაშოვი ყველაფერს გაიღებს, რათა ციხეში არ მოხვდეს და ვინმეს ყური არ ააწევინოს.”
XS
SM
MD
LG