Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობამ 2010 წლის ბიუჯეტის გაზრდა გადაწყვიტა


საქართველოს პარლამენტის კომიტეტებმა მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებების განხილვა დაიწყეს. მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 2010 წლის ფინანსური გეგმა 215 მილიონი ლარით იზრდება. მაშინ როდესაც მსოფლიოს განვითარებული სახელმწიფოები ბიუჯეტის შეკვეცას ცდილობენ, საქართველოში საპირისპირო გადაწყვეტილების საფუძვლად საგადასახადო შემოსავლებისა და, ზოგადად, ეკონომიკის ზრდას ასახელებენ.

საქართველოს მთავრობაში მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 2010 წლის ბიუჯეტი 215 მილიონი ლარით იზრდება და თითქმის 7 მილიარდ ლარს მიაღწევს. ფინანსური გეგმის შემოსავლითი ნაწილის ასეთი მატება საგადასახადო შემოსავლების 150 მილიონი ლარით ზრდისა და უცხოური გრანტების მოცულობის გაზრდის შედეგია. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნამატი თანხებით სხვადასხვა სოციალური პროგრამები დაფინანსდება. მათ შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი აი რას ამბობს:

”რეგიონებში მუნიციპალიტეტებს გამოეყოფათ თანხები იმ პროექტებზე, რომლებიც აქამდეც ხორციელდებოდა რეგიონებში და გაგრძელდება მათი განხორციელება. ეს არის, ძირითადად, გზების, წყალ-კანალიზაციის და სხვა საინვესტიციო პროექტების დაფინანსება. არის მნიშვნელოვანი თანხები ასევე გამოყოფილი სტიქიური მოვლენების შედეგების საბოლოო ლიკვიდაციისთვის. თანხები გამოიყოფა ასევე დევნილთა სახლების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე.”

საბიუჯეტო შემოსავლებისა და ხარჯების ზრდასთან ერთად იზრდება მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიც. 2010 წლის დასაწყისში მთავრობა პროგნოზირებდა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი 2 პროცენტით გაიზრდებოდა, ახლა კი ოთხ-ნახევარი პროცენტით ზრდას ვარაუდობენ.

მთავრობის გადაწყვეტილებას, გაზარდოს სოციალური ხარჯები, დადებითად აფასებს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია:

დავით ნარმანია, ეკონომიკის ექსპერტი
”რთული მდგომარეობაა სოციალური თვალსაზრისით და ეს ცუდი ნამდვილად არ იქნება - ოდნავ შემსუბუქებდა იმ ადამიანების მდგომარეობა, ვისკენაც არის მიმართული ეს თანხები. თუმცა საკმაოდ მაღალი ინფლაცია მიდის, იმპორტირებული პროდუქციის ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო დღეებში. ეს ღონისძიებაც, რა თქმა უნდა, ახალისებს ინფლაციას, ამიტომ, ასეთი პოლიტიკის პირობებში, ერთნიშნა ინფლაციის შენარჩუნება გაჭირდება.”

გარდა ინფლაციისა, საბიუჯეტო ხარჯების ზრდა იმ შეუსაბამობის ზრდასაც იწვევს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ინიცირებულ ეკონომიკური თავისუფლების აქტსა და მთავარ ფინანსურ გეგმას შორის გაჩნდა. კერძოდ,
ბიუჯეტის მთლიან შიდა პროდუქტთან თანაფარდობა თავისუფლების აქტის მოთხოვნებს არ შეესაბამება. ასევე გაზრდილი შემოსავლების მიუხედავად, ბიუჯეტის დეფიციტიც აღემატება აქტით განსაზღვრულ მაქსიმუმს. ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცე-პრეზიდენტის გია ჯანდიერის კომენტარი:

”ბოლო წლებში მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში რომ იზრდება, ეს, ჩემი აზრით, არის ძალიან ცუდი ტენდენცია ჩვენი ეკონომიკისათვის. და ეს არის მცდარი მიმართულება, რომელიც მთავრობამ აიღო და ჯერჯერობით არანაირი შეზღუდვები ამაზე არ მოქმედებს. იყო საუბარი, რომ მიგვეღო თავისუფლების აქტი, რომლითაც შეიზღუდებოდა სამთავრობო ხარჯები 30 პროცენტით, მაგრამ ჯერჯერობით 35 პროცენტზე ზემოთ არის ასული და კიდევ იზრდება.”

გია ჯანდიერი, "ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს" ვიცე-პრეზიდენტი
გია ჯანდიერის განცხადებით, საბიუჯეტო ხარჯებისა და დეფიციტის ზრდა საქართველოს ეკონომიკის ზრდას არ წაადგება, რადგან მეწარმეებს -ეკონომიკური აქტივობის გასაძლიერებლად - თუ რიგით მოქალაქეებს -საკუთარი სოციალური საკითხების მოსაგვარებლად - უფრო მეტი თავისუფალი კაპიტალი ესაჭიროებათ და არა დეფიციტითა თუ საბიუჯეტო ხარჯებით გამოწვეული ინფლაციური პროცესები.

იმ შეუსაბამობის შესახებ, რომელიც საბიუჯეტო დეფიციტს, ბიუჯეტის და მთლიანი შიდა პროდუქტის თანაფარდობასა და ეკონომიკური თავისუფლების აქტს შორის გაჩნდა, კომენტარი ვთხოვე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს ზურაბ მელიქიშვილს. მისივე განცხადებით, თავისუფლების აქტის მოთხოვნებს ორგანული კანონი არეგულირებს, რომლის მიღება თავად თავისუფლების აქტის თაობაზე საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცების შემდეგ იგეგმება.

”ორგანულ კანონში იქნება ის პრინციპები გაწერილი, რომელთა დეკლარირებაც განხორციელდა, და ამის პროექტიც არსებობს. უბრალოდ, ჯერ მივიღებთ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას და შემდეგ უკვე დავიწყებთ აღნიშნულის განხილვას - მათ შორის, საკითხებისა, რომ დეფიციტი არ იყოს 3 პროცენტზე მეტი, ბიუჯეტი არ იყოს 30 პროცენტზე მეტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში... განვიხილავთ ასევე ვალთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს ყველაფერი უკვე ასახული იქნება იმ ორგანულ კანონში.”

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება გაზარდოს საბიუჯეტო ხარჯები წინააღმდეგობაში მოდის არა მარტო თავისუფლების აქტის პრინციპებთან, არამედ იმ ეკონომიკურ რეალობასთან, რომლის გამოც მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა სახელმწიფო ხარჯების შემცირება დააპირეს. ასეთ ქვეყნებს შორისაა უნგრეთი, დიდი ბრიტანეთი და გერმანია.
XS
SM
MD
LG