Accessibility links

logo-print
საქართველოდან ათასობით კილომეტრის დაშორებით და ერთ საუკუნეში მას შემდეგ, რაც დაიწერა - ასეთ გარემოებებს უკავშირდებოდა შესრულება ნაწარმოებისა, რომლის ავტორიც არის ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის დამფუძნებელი, ზაქარია ფალიაშვილი. მის სახელს ატარებს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, მისი ოპერები „დაისი“ და „აბესალომ და ეთერი“ - მთლიანად თუ არა, ეპიზოდებად მაინც, ყოველ ჩვენგანს სმენია. მაგრამ ნაწარმოები, რომელიც გასული კვირის მიწურულს ვაშინგტონში შესრულდა, არათუ ნაკლებად არის ცნობილი - შეიძლება ითქვას, თითქმის სრულიად უცნობია: საქმე ეხება კომპოზიციას სახელწოდებით „ქართული საეკლესიო საგალობლები, წმინდა იოანე ოქროპირის წირვის წესისა“.


ზაქარია ფალიაშვილის საგუნდო ნაწარმოები გასული კვირის მიწურულს აჟღერდა ვაშინგტონის ერთ-ერთ ეკლესიაში. პირველად, რაც ნამდვილად არ არის გასაკვირი, თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს საეკლესიო საგალობლები თვით საქართველოშიც კი ძალიან იშვიათად თუ შესრულებულა.

როგორც უკვე ითქვა, ფალიაშვილმა ერთი საუკუნის წინ, დაახლოებით 1909 - 1910 წელს დაწერა საგუნდო ნაწარმოები ქრისტიანული ეკლესიის ბიზანტიელი მოღვაწის, იოანე ოქროპირის საღვთო ლიტურგიის მიხედვით. ამასთან, კომპოზიტორს, რომელმაც უმაღლესი მუსიკალური განათლება მოსკოვის კონსერვატორიაში მიიღო, დელიკატური ამოცანა ჰქონდა დასახული - როგორც მუსიკალური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ფალიაშვილს სურდა მოსკოვის მიერ სანქცირებული, სტანდარტული საეკლესიო მუსიკა შეერწყა ტრადიციულ ქართულ სამნაწილიან საგალობელთან - ფორმასთან, რომელიც გაუჩინარების გზას ადგა რუსიფიკაციის პოლიტიკის ზეგავლენით. ასე შეიქმნა 22-ნაწილიანი პარტიტურა - საგუნდო ნაწარმოები, მისადაგებული ორ ენასთან: ქართულთან და საეკლესიო სლავურთან.

„ეს დიდი ნაწარმოებია, მაგრამ რაც უფრო დიდხანს ვმუშაობდით მასზე, რაც უფრო მეტ ხალხს ვესაუბრებოდით, სულ უფრო საინტერესო ხდებოდა, რადგან ეს ნაწარმოები, ფაქტორივად, არავის აქვს მოსმენილი. ხალხმა იცოდა, ან გაგონილი ჰქონდა მისი არსებობის შესახებ, მაგრამ არავის, ვისაც დაველაპარაკეთ, არ ჰქონდა მოსმენილი ამ ნაწარმოების შესრულება, ის კი არა, ნანახიც კი არ ჰქონდათ მისი ჩანაწერი“, ამბობს პარკერ ჯეინი - პროფესიით ფინანსთა ექსპერტი, თუმცა, მას ალბათ ფალიაშვილის ექსპერტიც შეგვიძლია ვუწოდოთ - ქართველი კლასიკოსის კომპოზიციაზე თითქმის ორწლიანი შრომის შემდეგ. ამაზე მოგვიანებით კიდევ უფრო მეტს გეტყვით. პარკერ ჯეინი ამავე დროს არის „კაპიტოლ ჰილის გუნდის“ დამაარსებელი ვაშინგტონში.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გუნდის ერთ-ერთი წევრი საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ქართული საგალობლის შესრულების ინიციატივით გამოვიდა: მანამდე „კაპიტოლ ჰილის გუნდს“ რუსული და ბულგარული საგალობლები ჰქონდა შესრულებული, ქართულ საეკლესიო მუსიკას კი არ იცნობდა...

გადაწყდა, რომ გუნდი ქართულ საგალობელსაც შეასრულებდა. მაგრამ რომელს? რჩევას დაეკითხნენ ვლადიმირ მოროშანს, აღმოსავლეთ ევროპის საეკლესიო მუსიკის კალიფორნიელ ექსპერტს. მან, თავის არქივში ძებნისას, ფალიაშვილის საეკლესიო საგალობლების ჩანაწერს მიაკვლია - რუსულ ენაზე... შემდეგ კი პარტიტურაც აღმოაჩინა, მოსკოვში, სახელმწიფო ბიბლიოთეკაში კვლევის დროს გადაღებული ასლი.
ამის შემდეგ ჩაერთო საქმეში პარკერ ჯეინი - კაპიტოლ ჰილის გუნდის ზემოხსენებული დამაარსებელი. მან გადაწყვიტა, რომ ფალიაშვილის კომპოზიცია მის მშობლიურ ქართულ ენაზე უნდა შესრულებულიყო და შესაშური მონდომებით, ასობით საათი შესწირა მისთვის უცნობი ქართული ასოების ინგლისურ ტრანსლიტერაციას, პარტიტურის მოდიფიცირებას, რათა ის თანამედროვე გუნდისთვის უფრო იოლი სამღერი გაეხადა, დაბოლოს - თითქმის 70-გვერდიანი კომპოზიციის ტრანსკრიფციას დიგიტალური პროგრამისთვის.

„არის ადგილები ამ ნაწარმოებში, რომლებიც განსაკუთრებით მიყვარს და სიამოვნებით მოვუსმენდი ძალიან ბევრჯერ. არის გამორჩეული მოდულაციები, რომლებიც ქართულ ტრადიციულ მუსიკას ახასიათებს, აქ არის გამოყენებული და ძალიან ლამაზია, არის ძალიან ლამაზი პაუზები, და გარკვეული ხმების არანჟირება უბრალოდ დიდებულია - ასეთი რამ მართლაც არსად მსმენია," ამბობს პარკერ ჯეინი.

გუნდის ინგლისურენოვან მომღერლებს დიდ შრომად, ალბათ წვალებადაც დაუჯდათ ქართული ტექსტის შესწავლა. ფონეტიკურ სიზუსტეზე ზრუნვა დაევალა ან ჰარისონს, გუნდის ყოფილ წევრს, რომელსაც სიმღერის კურსი ჰქონდა გავლილი საქართველოში.

მისი თქმით, მომღერლებისთვის განსაკუთრებით ძნელი აღმოჩნდა კანის, პარის, და ტარის გამოთქმა...

„ბევრს ბუზღუნებდნენ, მაგრამ ვცდილობდით, გაგვემხნევებინა... ვეუბნებოდით: ამაზე ნუ იდარდებთო! ცალკე აღებული, ასე იჟღერებდა, მაგრამ სიმღერის კონტექსტში, ამაზე არ უნდა იდარდოთო. მთავარია, ზედმეტი ასპირაციის გარეშე! არის კიდევ ერთი თანხმოვანი, რომელიც განსაკუთრებით ძნელი წარმოსათქმელია და ხშირად გვხვდება ტრანსლიტერაციით q და აპოსტროფის ნიშანი: ყელის უკანა ნაწილში პატარა აფეთქებასავით არის“.

ყ, ანუ ყარია ბგერა, რომელსაც ან ჰარისონმა ყელის უკანა ნაწილში აფეთქება უწოდა...

ყველაფერთან ერთად, გუნდის დამაარსებელს მონდომება არ დაუკლია ფალიაშვილის „ქართული საეკლესიო საგალობლების“ ისტორიული კონტექსტის შესწავლისთვის. პარკერ ჯეინს ყველაზე მეტად აინტერესებდა, როგორ მოხდა, რომ ათწლეულების მანძილზე არავის გახსენებია კომპოზიცია, რომლის ავტორიც საქართველოში ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის დამფუძნებლად ითვლება და რომლის ერთ-ერთი მელოდიაც სახელმწიფო ჰიმნში ჟღერს...

ამერიკელი მოყვარული მუსიკისმცოდნე და მომღერალი შემდეგ ჰიპოთეზას გვათავზობს რამდენიმე პროფესიონალ მუსიკისმცოდნესთან და ისტორიკოსთან საუბრის საფუძველზე: საქართველოში ფალიაშვილის საგალობლები, სავარაუდოდ, ტრადიციონალისტებმა დაიწუნეს უცხოური ელემენტების გამო. მოსკოვში კი მას უბრალოდ ყურადღება არ მიაქციეს საეკლესიო მუსიკის ადგილობრივი, რუსეთში აღიარებული კომპოზიტორების ნაწარმოებების ფონზე. და, რაც მთავარია, სულ რამდენიმე წელიწადში მას შემდეგ, რაც ფალიაშვილის ნაწარმოები შეიქმნა, ბოლშევიკურმა რევოლუციამ და მისი მეშვეობით აღზევებულმა რეჟიმმა მძიმე დარტყმა მიაყენა ყველაფერს, რაც საერთოდ ეკლესიას უკავშირდებოდა.

ასე მოხდა, რომ გასული კვირის მიწურულს, 5 და 6 ივნისს ვაშინგტონში გამართული კონცერტები ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ სავარაუდოდ პირველი შემთხვევა იყო, როცა ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოები სრული სახით, ქართულ ენაზე შესრულდა, მუსიკის ამერიკელ მოყვარულთა ენთუზიაზმის წყალობით.

კონცერტებზე და მათთან დაკავშირებულ გარემოებებზე ინფორმაცია ვაშინგტონში რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, რიჩარდ სოლაშმა მოგვაწოდა. მისგან შევიტყვეთ ისიც, რომ ერთ-ერთ კონცერტს შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი, ბათუ ქუთელიაც დაესწრო და „კაპიტოლ ჰილის გუნდი“ საქართველოში მიიწვია, რათა იქაც, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში შეასრულონ ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოები.
XS
SM
MD
LG