Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართველ მორაგბეთა მორიგი წარმატება


საქართველო-შოტლანდია A. ქართველი მორაგბეები იერიშზე გადავიდნენ.
საქართველო-შოტლანდია A. ქართველი მორაგბეები იერიშზე გადავიდნენ.
მორიგ წარმატებას მიაღწია საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც მონაწილეობს რაგბის საერთაშორისო კავშირის ეგიდით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში პარასკევს დაწყებულ საერთაშორისო ტურნირში - "ერთა თასის" გათამაშებაში.

ასპარეზობის პირველივე დღეს ქართველმა სპორტსმენებმა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხეს შარშანდელი ტურნირის გამარჯვებული - შოტლანდიის A ნაკრები - 22:21. არადა, მატჩის დებიუტი ბორჯღალოსნებს სასიკეთოს არაფერს უქადდა: 25-ე წუთისთვის შოტლანდიელები პირწმინდად იგებდნენ შეხვედრას - 13:0. ქართველებმა პირველი ტაიმის მიწურულსღა შეძლეს ანგარიშის „დასველება“ და შესვენებაც გამოცხადდა - 3:13.

მეორე ტაიმში მეტოქეებმა თითქოს როლები გაცვალეს: დავით დადუნაშვილმა ზუსტად შეასრულა რამდენიმე საჯარიმო დარტყმა, ხოლო შალვა სუთიაშვილმა ლელოც გაიტანა. შედეგად, 71-ე წუთისთვის საქართველოს ნაკრები უკვე ექვსი ქულის სხვაობით დაწინაურდა - 22:16.
ბუქარესტი, "ერთა თასი". შოტლანდიელები საქართველოს ნაკრების ჩათვლის მოედანს უტევენ

თუმცა, როგორც გაირკვა, მატჩის ყველაზე დრამატული მომენტი მაყურებელს ჯერ კიდევ ელოდა: 79-ე წუთზე ქრის ფუსარომ ლელო გაიტანა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 21:22. ახლა ყველაფერი დევიდ ბლერის გარდასახვაზე იყო დამოკიდებული. მისი დარტყმული ბურთი კარს აცდა, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრებმა თავისი არსებობის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საგულისხმო გამარჯვება მოიპოვა.

ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი ტიმ ლეინი სიხარულს ვერ მალავდა: „მატჩის დებიუტში დაშვებული რამდენიმე შეცდომის მიუხედავად, ბიჭებმა საოცარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს. მათი მიზანდასახულობისა და შესაშური მონდომების შედეგად ჩვენ დავამარცხეთ გუნდი, რომელთანაც შარშან, ზამთარში, 3:69 წავაგეთ“, აღნიშნა ლეინმა და ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ბუქარესტის ტურნირში საქართველოს ნაკრები ახალგაზრდული შემადგენლობით მონაწილეობს.

აღელვებისგან სიტყვებს ვერ პოულობდა ქართველთა კაპიტანი თედო ზიბზიბაძე: „ბედნიერი ვარ! ეს ქართული რაგბის დიდი გამარჯვებაა, რომლის მოსაპოვებლად ბევრი ვიშრომეთ. ჩვენი გუნდი ძალიან ახალგაზრდაა, მორაგბეთა დიდი ნაწილი საქართველოს კლუბებში თამაშობს. ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ბიჭები უფრო მოუმატებენ და ტურნირის მსვლელობაში კიდევ უკეთ თამაშს გვიჩვენებენ.“

მატჩის შემდეგ ბუქარესტში დავურეკეთ საქართველოს ეროვნული გუნდის მენეჯერს ვასილ აბაშიძეს, რომელმაც გვითხრა, რომ დარჩენილი ორი თამაშიდან (15 ივნისს იტალიის A ნაკრებთან და 20 ივნისს ნამიბიასთან) მეტი მნიშვნელობა ენიჭება დაპირისპირებას ნამიბიის ნაკრებთან, რადგან ის ეროვნული გუნდია და მასთან შეხვედრის შედეგი მსოფლიო კლასიფიკაციაზე აისახება.

ბუქარესტის „ერთა ტურნირის“ პირველი დღის დანარჩენი ორი მატჩი ასე დამთავრდა: რუმინეთი- ნამიბია 17:21, იტალია A - არგენტინა A 22:20.
XS
SM
MD
LG