Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 12 ივნისი 2010


ოპოზიციური პარტიების კონსულტაციები საერთო სტრატეგიაზე, საქართველოს პრეზიდენტის საფრანგეთში ვიზიტი და პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრა - ეს თემები მოექცა მიმდინარე კვირას ქართული მედიის ყურადღების ცენტრში. იყო სხვა მნიშვნელოვანი თემებიც.

7 ივნისის ”კვირის ქრონიკისთვის” მიცემულ ინტერვიუში ”ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი ამბობს, ”ამ რეჟიმის შეცვლა შეიძლება მხოლოდ სამართლიანი არჩევნებითო”, და თავისი პარტიის ინიციატივას ასე განმარტავს: ”გეგმა არის ძალიან კონკრეტული - ოპოზიცია ვიბრძვით საარჩევნო გარემოს შესაცვლელად. ვაღწევთ ამ წარმატებას? - ვატარებთ არჩევნებს. ვინც გაიმარჯვებს, ყველას ღმერთმა ხელი მოუმართოს.”

”24 საათი” პრეზიდენტ სააკაშვილის საფრანგეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე წერს. საფრანგეთში საქართველოს ელჩმა მამუკა კუდავამ ”24 საათს” განუცხადა, რომ ნიკოლა სარკოზის რუსეთის პრემიერ-მინისტრსა და პრეზიდენტთან შეხვედრებამდე ცოტა ხნით ადრე მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა ”ძალიან მნიშვნელოვანი და სიმბოლურია”.

8 ივნისის ”რეზონანსი” იმის დადგენას ცდილობდა, თუ რატომ არ იგრძნობა მოსახლეობაში საპროტესტო მუხტი. ამ შეკითხვით გაზეთმა სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს მიმართა, რომელმაც ასე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: "საზოგადოების მოთხოვნა რადიკალური ქმედებები რომ არ არის, ფაქტია. არჩევნებს არანაირი მღელვარება და გამოსვლები საზოგადოებაში არ მოჰყოლია. ასევე, ეს არ დასტურდება კვლევებით, რომელიც თუნდაც არჩევნებამდე ჩატარდა და საზოგადოების განწყობას ეხებოდა. ამ ეტაპზე მგონია, რომ საზოგადოების მოთხოვნები რადიკალიზმისკენ არ იხრება.”

გაზეთი ”ახალი თაობა” მამუკა არეშიძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. არეშიძე თრუსოს ხეობაში არსებულ ვითარებაზე ლაპარაკობს. "თრუსოში თავდაცვის სამინისტროს ნაწილები არ შეუყვანიათ. იქ შეყვანილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაწილები. იქ ტარდება მანევრები და ჩვენი სამხედროები წვრთნას გადიან. პირდაპირი თავდასხმის საშიშროება თრუსოზე არ არსებობს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ თრუსოს გარშემო პროვოკაციები შეწყდება. რუსეთი ამ მიმართულებით აუცილებლად გაატარებს სხვადასხვა სახის ღონისძიებებს”, - უთხრა მამუკა არეშიძემ „ახალ თაობას“.

9 ივნისის ”რეზონანსი” წერს მიხეილ სააკაშვილის პარიზში ვიზიტზე. ამ დღეს გაზეთში ყოფილი დიპლომატის, დღეს ”ალიანსი საქართველოსთვის” წარმომადგენლის, ვიქტორ დოლიძის კომენტარს წაიკითხავდით: ”არა მარტო საფრანგეთი, მთელი დასავლეთი უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ ერთიანობას და საფრანგეთის მიერ გამოთქმულ ამ მხარდაჭერაში ახალი და რევოლუციური არაფერია. მთავარია, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელება დაიწყოს და ევროკავშირის დამკვირვებლების მონიტორინგის განხორციელების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას”, - ამბობს ვიქტორ დოლიძე.

”ახალი თაობა” ოპოზიციის გაერთიანების შესაძლებლობებს მიმოიხილავს და აქვეყნებს ინტერვიუს ”ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერ მამუკა კაციტაძესთან: ”ვერასდროს ოპოზიცია ვერ იქნება აბსოლუტურად ერთიანი, ეს არის გამორიცხული. ამის მიზეზი არის დიამეტრულად განსხვავებული მსოფლმხედველობრივი შეხედულებები“, ამბობს მამუკა კაციტაძე.

10 ივნისის გაზეთი „რეზონანსი” აქვეყნებს სტატიას საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. როგორც პუბლიკაციის ავტორი იტყობინება, პრეზიდენტის ბრძანებულებებსა და დადგენილებებზე ხელმისაწვდომობა შეიზღუდა. ”ეს არის ძალიან ხელოვნური და ძალიან უაზრო ხელის შეშლა ინფორმაციის საჯაროობისთვის. თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამბობს, რომ ამით არაფერი დაშავდება, მაშინ გამოაქვეყნონ, ამითაც ხომ არაფერი შავდება?”, - აცხადებს ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებაში პრეზიდენტის მხოლოდ ერთი მიზანი ჩანს და ეს მიზანი არის ინფორმაციის დამალვა.

რიტორიკულ კითხვას სვამს 10 ივნისის ”საქართველოს რესპუბლიკა” გაზეთის პირველ გვერდზე:”უცხოელი მასწავლებლები და მანდატურები გადაარჩენენ ქართულ სკოლას?”, ანუ საქართველო მისიონერთა მოლოდინში. სექტემბრიდან ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახალი ეპოქა დაიწყება. ჩვენი ახალგაზრდების გაწვრთნას წარმართავენ თავიანთ ქვეყანაში ხელმოცარული ”პედაგოგები” და საქართველო მათი წყალობით გაუთანაბრდება განვითარებად ქვეყანათა იმ რიგს, რომლებშიც ინგლისური ენა გამოცხადებულია სახელმწიფო ენად, - წერს პუბლიკაციის ავტორი.

11 ივნისის ”ახალ თაობაში” კორესპონდენტს ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი რუსეთისა და საქართველოს ხელისუფლებების ქცევის მსგავსებაზე ესაუბრება: ”ჯერ უნდა ავირჩიოთ მედვედევი, რომ მოვიპოვოთ შემდეგ პუტინი. ეს ფორმულა არსებობს. იგი წარმატებულია რუსეთში და დიდი ალბათობა აქვს ამ ფორმულას საქართველოშიც წარმატებისა, რადგან, პრაქტიკულად, სახელმწიფო მართვის ყველა სფეროში ჩვენ ვართ ერთმანეთის ბეჯითი მოსწავლეები.“

12 ივნისის ”24 საათი” ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე წერს. სტატიაში ”საქართვლოს სწრაფვა ნატოს-კენ შეუქცევადია” საუბარია 11 ივნისს ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. გაზეთის ინფორმაციით, სხდომაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შემდეგი განაცხდა: ”დღეს ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ დავეხმაროთ საქართველოს რეფორმების განხორციელების პროცესში. ნატოს ღია კარის პოლიტიკა თქვენი ქვეყნის მიმართ ჯერ კიდევ ძალაშია, თუმცა საბოლოო მიზნის მისაღწევად ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

ამავე თემას გამოეხმაურა „რეზონანსი“.

”საქართვლოს რესპუბლიკაში” კი ჟურნალისტური გამოძიება გამოქვეყნდა, სათაურით ”ვინ გაყიდა ჩვენი ქვეყანა, ანუ არიან თუ არა შევარდნაძე და სააკაშვილი სამშობლოს მოღალატეები”. ავტორი მიიჩნევს, რომ ენერგოსისტემაში განხორციელებული ინვესტიციების გამო, ედუარდ შევარდნაძეც და მიხეილ სააკაშვილიც დამნაშავეები არიან. ავტორის აზრით, ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, წესით, პროკურატურამ და იუსტიციის სამინისტრომ საქმის წინასწარი გამოძიება უნდა დაიწყონ. ”წინააღმდეგ შემთხვევაში, ხსენებული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებს ბრალად დაედებათ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების მქონე ფაქტების დაფარვაო”, წერს სტატიის ავტორი.

  • 16x9 Image

    ნინო ხარაძე

    ახალი ამბების რედაქტორი. მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხების, კონფლიქტების, ადამიანის უფლებათა და უმცირესობების თემების გაშუქებაზე. მიჰყავდა პროგრამები „გენდერული ამბები“ და „გადაკვეთის წერტილი“. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2010 წლიდან. 

XS
SM
MD
LG