Accessibility links

logo-print
გასულ კვირაში დასავლეთის პრესაში დაიბეჭდა რამდენიმე წერილი, რომლებიც საქართველოს ეხებოდა.

კვირას, 6 ივნისს, ბრიტანეთის „სანდეი ტელეგრაფმა“ სტატია მიუძღვნა საქართველოში რუსეთის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე, ცხინვალთან, სამეთვალყურეო ბაზის მშენებლობას. სტატიის ავტორი წერს, რომ ამ რთული სადგურის მშენებლობა საქართველოში ხალხს აფიქრებინებს, რომ რუსეთი აქტიურად ემზადება 2008 წლის ომის გასამეორებლად. „სანდეი ტაიმსის“ თანახმად, სტრატეგიული მნიშვნელობა ბაზისა, რომელიც რუსეთის ყველა სამეთვალყურეო სადგურზე უფრო სამხრეთით იქნება განლაგებული, უფრო დიდი აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ეგონათ. გაზეთს მოჰყავს საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები, რომ საქართველო რუსეთისთვის „დაუმთავრებელი საქმეა“, მოსკოვი აქტიურად ემზადება ომის შემდგომი შესაძლებლობისთვის. აპარატურა, რომელსაც რუსეთი განათავსებს სამხრეთ ოსეთში, „სანდეი ტელეგრაფის“ თანახად, მას საშუალებას მისცემს უთვალთვალოს ყოველგვარ მოძრაობას ჰაერში და, ამასთან, კავკასიასა და თვით ირანამდე აკონტროლოს მობილური თუ სხვა საკომუნიკაციო საშუალებები. შემდეგ სტატიაში ამ ყველაფრის ფონია აღწერილი - 2008 წლის ომის ამბები, ასევე ვითარება სეპარატისტული რეგიონების გარშემო, საქართველოს პოზიცია საერთაშორისო პოლიტიკაში. სხვათა შორის, მოყვანილია ოპოზიციის წარმომადგენლის მოსაზრება, რომ ომი თავიდან შეიძლებოდა ყოფილიყო აცილებული დიპლომატიური მცდელობებით.

აშშ-ში გამომავალი ჟურნალი „უიკლი სტანდარტი“ ბეჭდავს ვრცელ წერილს, რომელიც მეთიუ კონტინეტის ეკუთვნის. ავტორმა, ჩანს, საქართველოში იმოგზაურა და თავის აზრებს და შთაბეჭდილებებს უშუალოდ ნანახის საფუძველზე უზიარებს მკითხველს. სტატია ამ სიტყვებით იწყება: „ძნელია სახლის აშენება, როცა შენი მეზობელი წინ მდელოს დაიკავებს.“ ავტორი წერს, რომ 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველო თანამედროვე ლიბერალური დემოკრატიის აშენებას შეუდგა. ეს არ გამოდგა იოლი, უმთავრესად, რუსეთის გავლენის მიზეზით, რუსეთისა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში შეიჭრა. დღეს, ამ ამბებიდან თითქმის ორი წლის შემდეგ, ვლადიმირ პუტინის ჯარებს, წაიკითხავთ „უიკლი სტანდარტში“, დაკავებული აქვთ, საერთაშორისო სამართლის დარღვევით, ორი რეგიონი, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. სტატიაში დეტალებია მოცემული რუსეთის საქართველოში ყოფნისა და შემდეგ, მომდევნო აბზაცში, უკვე ადგილობრივ არჩევნებზეა ლაპარაკი. ეს ყველაფერი, 27 მაისს, როცა თბილისის მერი გიგი უგულავა მცხუნვარე მზეზე იდგა სასტუმრო „კოპალასთან“, ვითომ არც მომხდარიყოს, წერს უგულავასა და თბილისზე კონტინეტი და აღნიშნავს, თბილისში, სადაც მისი მერობის დროს ბევრი რამ გაკეთდა, გაიხსენებთ, რომ ეკონომიკური წინსვლა და დემოკრატიული მმართველობა განუყოფელიაო. ოდნავ ქვემოთ სტატიის ავტორი წერს: ამ ბოლო არჩევნებში გამოჩნდა, რომ სააკაშვილის რეფორმებმა ნაყოფი გამოიღო. საქართველოს სურს შეუერთდეს დასავლურ ორგანიზაციებს, ნატოსა და ევროკავშირს, მაგრამ ქვეყანამ ჯერ უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია ფუნქციონირება, როგორც დასავლური ორიენტაციის ქვეყანას. ამის თქმა უფრო იოლია, ვიდრე მიღწევაო, წაიკითხავთ „უიკლი ტელეგრაფში“, სადაც დამოუკიდებლობის შემდგომი დრამატული მოვლენებია ჩამოთვლილი. ამ ვრცელ წერილში განხილულია ნატოსთან ურთიერთობის ისტორიაც, ასევე ტელეარხ „იმედთან“ დაკავშირებული ამბები, მაუწყებლის დაკავება სამართალდამცველების მიერ 2007 წლის ნოემბერში და, უკვე წელს, ამავე ტელეარხის მიერ გადაცემული პროგრამა, ეგრეთ წოდებული „სიტყვების ომი“, როცა საქართველოში რუსეთის შეჭრა იყო დადგმული. მიხეილ სააკაშვილზე წერს „უიკლი სტანდარტი“, რომ ის არაა წმინდანი, იმპულსურია, თამამი და აგრესიული. ჩამოთვლილია მის მიერ დაშვებული შეცდომები, მაგრამ, ავტორის თქმით, ორი აზრი იმაზე, რომ საქართველო უკეთ გამოიყურება ახლა, ვიდრე ექვსი წლის წინ, არ შეიძლება იყოს.

გერმანულენოვანმა „ველტ ონლაინმა“ გამოაქვეყნა ინტერვიუ, რომელიც მანფრედ კვირინგმა ჩამოართვა თვითგამოცხადებული აფხაზეთის პრეზიდენტს, სერგეი ბაღაფშს. ინტერვიუში ბაღაფში სოჭის ოლიმპიადის წინ რუსეთისთვის მისი მმართველობის ქვეშ მყოფი რეგიონის შეთავაზებებზე ლაპარაკობს და ამბობს: „ჩვენ სხვადასხვა სამშენებლო მასალის მიწოდება შეგვიძლია. გაგრასა და ბიჭვინთაში გვაქვს ტურისტული ცენტრები, სადაც ოლიმპიური თამაშების სტუმრები შეძლებდნენ ჩასვლას, მაგრამ მანამდე შეგვიძლია მშენებლებისა და მომსახურე პერსონალის მიღებაო“. დღემდე თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა მხოლოდ რუსეთმა, ნიკარაგუამ, ვენესუელამ და ნაურუმ აღიარეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ არაღიარება საერთაშორისო მასშტაბით ხელის შემშლელი ფაქტორი იქნება? - ეკითხება ბაღაფშს კვირინგი. დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, „ეს, გარკვეულწილად, პრობლემაა, თუმცა, მაგალითად, ახლა ჩვენ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ გერმანულ კომპანიასთან, რომლის დასახელებაც ამ ეტაპზე არ მსურს. ამ კომპანიას ჩვენი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში მონაწილეობა უნდა, საუბარია 500 მილიონი რუბლის (დაახლოებით 13 მილიონი ევროს) მოცულობის შეკვეთაზეო“. ჟურნალისტი ჩაეკითხა ბაღაფშს, და მაინც, ოლიმპიური თამაშების კონტექსტში აფხაზეთი, რომელსაც მსოფლიო არ აღიარებს, ხომ შეიძლება პრობლემად იქცესო. შეერთებულ შტატებში ოლიმპიადის ბოიკოტის მოთხოვნებიც გაისმაო. სერგეი ბაღაფშს კოსოვოს მაგალითი მოჰყავს და ამბობს:

ის ნახევარ მსოფლიოს არ უღიარებია. ეს სულ ორმაგი სტანდარტებიაო. ისინი არა ჩვენს წინააღმდეგ, არამედ რუსეთის წინააღმდეგაა მიმართულიო. ჩვენ დიპლომატიური აღიარება არ გვჭირდება, როდესაც აქ სიმშვიდეაო. შარშან, მაგალითად, ერთი მილიონი ტურისტი გვეწვია, პირველ რიგში, რუსეთიდან და უკრაინიდან, მიუხედავად იმისა, ვინმე განგვიხილავს დამოუკიდებელ ქვეყნად თუ არაო. ის, რაც ჩვენ მართლაც გვჭირდება, თანამშრომლობააო, განუცხადა „ველტს“ სერგეი ბაღაფშმა. ინტერვიუში საუბარია გუდაუთის ბაზაზეც, რომლის ეკონომიკურ სარგებელზეც ლაპარაკობს ბაღაფში. თუმცა ის მშვიდობასა და სტაბილურობას უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და ამბობს, ამის გარანტიას რუსეთის არმია ქმნისო. საქართველოსთან ურთიერთობაზეც დაუსვა გერმანელმა ჟურნალისტმა შეკითხვა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტს, რომელიც ამბობს: „თბილისის დღევანდელი ხელისუფლების პირობებში არაფერი მოხდება. პერსპექტივაში ჩვენ ყოველთვის მზად ვართ ნორმალური ურთიერთობისთვის, როგორც ეს მიღებულია ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის. როდესაც ქართველები ამას მიხვდებიან, მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი წინსვლა“, ამბობს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში, რომელთან ინტერვიუსაც „ველტ ონლაინი“ აქვეყნებს.
XS
SM
MD
LG