Accessibility links

logo-print
სამხრეთ კავკასიაში უყვართ მშვიდობა, მაგრამ იქ ყოველთვის ომისთვის ემზადებიან. გასულ კვირაში აზერბაიჯანის მიერ ახალი სამხედრო დოქტრინის მიღება ამის ნათელი მაგალითია. 8 ივნისს აზერბაიჯანის პარლამენტმა დაამტკიცა სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც მთიანი ყარაბახის დაბრუნებას სამხედრო ძალის გამოყენებითაც არ გამორიცხავს. ექსპერტების შეფასებით, ძალთა არსებული თანაფარდობისა და რეგიონის სხვა გავლენიანი მოთამაშეების - რუსეთისა და თურქეთის ფაქტორის გათვალისწინებით, აზერბაიჯანის გეგმის განხორციელება სათუოა, თუმცა დიდია იმის ალბათობა, რომ დაპირისპირებული აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავაც გაზრდიან სამხედრო ხარჯებს, რაც მთელ რეგიონს შემდგომი მილიტარიზებით ემუქრება.

აქაც გამორჩეული საქართველო

საქართველო არამშვიდობისმყოფელი ქვეყნების ათეულში აღმოჩნდა 2010 წლის გლობალური ინდექსით, რომელიც ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტმა გასულ კვირაში გამოაქვეყნა. ავღანეთის, პაკისტანის, ერაყისა და რუსეთის გვერდით საქართველოს მოხვედრა 2009 წლის ტენდენციებმა განაპირობეს. „საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა. 2009 წლის მანძილზე ქვეყანაში გახშირდა ძალადობრივი დემონსტრაციები, შემცირდა პოლიტიკური სტაბილურობა, მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით გაიზარდა სამხედრო სფეროს ხარჯები და იარაღის იმპორტი. ამდენად, ამ ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი, უწინარესად, სამხედრო ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო გაუარესდა“, - განაცხადა რადიო თავისუფლებასთან საუბარში ჟურნალ „ეკონომისტის“ კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელმა ენდრიუ უილიამსონმა.

საქართველოს ხელისუფლებამ, თუ რამდენიმე პარლამენტარს არ მივიღებთ მხედველობაში, წაუყრუა გლობალურ ინდექსს, რომელშიც საქართველო საკმაოდ არასახარბიელოდ არის წარმოჩენილი. არადა, ეს დუმილი დათანხმებას ნიშნავს და ცოტა გაუგებარია: საქართველოს ხომ არც 2009-ში და არც 2010-ში სამხედრო ხარჯები არ გაუზრდია. პირიქით, საქართველოს თავდაცვის დაფინანსება 2009-ში 400 მილიონი ლარით შემცირდა წინა წელთან შედარებით, 2010-ში კი კიდევ უფრო ნაკლებია - დაახლოებით 900 მილიონ ლარამდე. შედარებისათვის: აზერბაიჯანი თავდაცვაზე ორჯერ მეტს - მილიარდ დოლარზე მეტს - ხარჯავს. და, როგორც რადიო თავისუფლების აზერბაიჯანული სამსახურის მიმომხილველი ელხამ ნასიბოვი ამბობს, მომდევნო წლებში შესაძლოა აზერბაიჯანის მილიტარიზაცია კიდევ უფრო დაჩქარდეს:

„აზერბაიჯანი დიდი ხანია იარაღდება ყველაზე თანამედროვე შეიარაღებით და უკვე საკუთარი იარაღის წარმოება დაიწყო. შეიცვალა გამალებული შეიარაღების კონცეფციაც. თუ ადრე აქცენტი კეთდებოდა ჯავშანტექნიკასა და სახმელეთო საომარი მოქმედებისათვის საჭირო შეიარაღებაზე, ამჯერად აქცენტი კეთდება დისტანციურ ომზე. ანუ ძლიერდება სამხედრო-საჰაერო ძალები და სარაკეტო სისტემები, ასევე ზალპური ცეცხლის სისტემები - „გრადები“, „სმერჩები“ და ასე შემდეგ; ასევე ტაქტიკური რაკეტები და ავიაცია. უფრო ზუსტად, ეს ყველაფერი, რაც ჩვენთან ხდება, ასახვას პოვებს დოქტრინაში.“

აზერბაიჯანის დოქტრინაში ასახვა პოვა იმან, რაც აქამდე მხოლოდ პოლიტიკოსების ზეპირ განცხადებებში ისმოდა. გასულ კვირაში აზერბაიჯანის საკანონმდებლო ორგანომ დაამტკიცა ქვეყნის სამხედრო დოქტრინა, რომელშიც მთიანი ყარაბახი მოხსენებულია როგორც „ოკუპირებული მიწა“, რომლის დასაბრუნებლადაც აზერბაიჯანს შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა საშუალება, მათ შორის - სამხედრო ძალა. ნავთობით მდიდარი ქვეყნის ამ კონცეპტუალურ დოკუმენტს, რომელიც თავისი არსით აგრესიული და მილიტარისტულია, მშვიდად შეხვდნენ ე.წ. „მინისკის ჯგუფში“ შემავალი ქვეყნები - საფრანგეთი, შეერთებული შტატები და რუსეთი და, რაც ყველაზე მთავარია, მშვიდად შეხვდა თავად სომხეთი.

მთიან ყარაბახს არ ეშინია ამ დეკლარირებული მუქარის და ვერც აზერბაიჯანული არმია გაბედავს მთიან ყარაბახთან გავლებული თავდაცვითი ზღუდის გადალახვას, - ამბობს სომხეთში არსებული „კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილე სერგეი მინასიანი:

„საზღვრის ხაზი მთიანი ყარაბახის გარშემო ისედაც ორი თუ სამი საფორტიფიკაციო ხაზისაგან შედგება. და მე რამდენადაც ვიცი, პოსტსაბჭოთა სივრცეზე და, საერთოდ, თანამედროვეობის ლოკალურ კონფლიქტებში ასეთი საფორტიფიკაციო ხაზი არ არსებობს და, თუ არ მეშლება, მსგავსი სიღრმის საფორტიფიკაციო თავდაცვის მაგალითი იყო გასული საუკუნის 70-იანი წლების თავდაცვის ხაზი სინაის ნახევარკუნძულზე.“

გამალებული შეიარაღების სამშვიდობო ხასიათი?

მაგრამ სომხეთი მხოლოდ მთიანი ყარაბახის თავდაცვითი საფორტიფიკაციო ხაზის იმედზე არ არის. სომხეთს, ფაქტობრივად, ორი თავდაცვითი ბიუჯეტი და ორი არმია ჰყავს სახელმწიფოს კმაყოფაზე - საკუთრივ სომხეთის არმია და მთიანი ყარაბახის თავდაცვითი ძალები, რომლებიც საბრძოლო პოტენციალით - პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის რაოდენობით - საკმაოდ შთამბეჭდავად გამოიყურება. აზერბაიჯანის მიერ სამხედრო დოქტრინის მიღება - მთიანი ყარაბახის ძალით დაბრუნების პუნქტით - გამალებული შეიარაღების რეჟიმში გადაიყვანს სამხრეთ კავკასიის ორივე დაპირისპირებულ ქვეყანას, ამბობს სერგეი მინასიანი. თუმცა ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ მილიტარიზებას შემაკავებელი ფუნქციაც აქვს:

„გასაგებია, რომ სომხეთიც და აზერბაიჯანიც გააგრძელებენ გამალებულ შეიარაღებას, მაგრამ რაოდენ უცნაურიც უნდა იყოს, გამალებული შეიარაღება ავტომატურად არ ნიშნავს იმას, რომ ომი დაიწყება. მეტიც, რაც უფრო მეტი შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა ექნება ორივე მხარეს, რაც უფრო მეტი გამანადგურებელი პოტენციალი ექნებათ აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო ძალებს, მით უფრო მეტად შემცირდება ომის განახლების შესაძლებლობა ერთი მარტივი მიზეზის გამო: არსებობს შეკავების ერთგვარი ეფექტი, რომლის თანახმადაც, მხარემ იცის, რომ თუკი იგი ომს დაიწყებს, დანაკარგები შესაძლოა იყოს უფრო მეტი მაშინაც კი, თუკი ის ამ ომს მოიგებს.“

ერთი სიტყვით, აზერბაიჯან-სომხეთის პოლიტიკური დაპირისპირების შემთხვევაში, თოფი დიდი ხანია კედელზე ჰკიდია. მას, როგორც აზერბაიჯანის ახალი დოქტრინა ცხადყოფს, კვლავაც მოჰყვება ახალი თოფები, ზარბაზნები და სხვა შეიარაღება. იარაღდება საქართველოც, 6 და 26 მაისის პოლიციისა და არმიის აღლუმებმა აჩვენა, რომ ოკუპირებულმა ქვეყანამ მოახერხა ომით მიყენებული დანაკლისის შევსება და რამდენიმე ათეული ახალი საბრძოლო ტექნიკაც შეიძინა. შესაბამისად, მომავალ კვლევებში სამხრეთ კავკასია კვლავ ერთ-ერთ ყველაზე მილიტარისტულ რეგიონად დარჩება მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. „რა თქმა უნდა, მილიტარიზმის დონით სამხრეთ კავკასია ჩამორჩება ახლო აღმოსავლეთს, მაგრამ სომხეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის საბრძოლო პოტენციალი 2-ჯერ და 3-ჯერ აღემატება მათზე ტერიტორიის თვალსაზრისით გაცილებით ძლიერ პორტუგალიას ან ევროპის ჩრდილოეთით მდებარე გაცილებით მდიდარი ქვეყნების თავდაცვით შესაძლებლობებს“,- ამბობს სერგეი მინასიანი, სომხეთში არსებული „კავკასიის ინსტიტუტის“ დირექტორის მოადგილე. ამას ემატება რუსეთის მზარდი სამხედრო პოტენციალი საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონში, უკანონო რეჟიმების ხელთ არსებული სამხედრო ძალა, რომელიც არ ექვემდებარება არც აღწერას და არც შემოწმებას არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG